|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ქუთაისში იქნება არა ტექნოლოგიური, არამედ ფართო პროფილის, მსოფლიო დონის უნივერსიტეტი"

ქუთაისში საუნივერსიტეო ქალაქის განაშენიანების გეგმაში ცვლილებები შევიდა.  საკითხი ქუთაისის საკრებულომ დაამტკიცა.  განხილვას "ქართუს" პროექტების მენეჯერი ვახტანგ ცაგარელი და არქიტექტორი გოჩა გუბელაძე ესწრებოდნენ. 

 ვახტანგ ცაგარელის განმარტებით, ახალი გეგმის მიხედვით, შენობების კონფიგურაციის საბოლოო დადგენა, ასევე კონტურების და ზომების დაზუსტება მოხდა, იმგვარად, რომ გარემოზე ზიანის მიყენების საფრთხე მაქიმალურად შემცირდეს. რაც შეეხება ხეების მოჭრას, ცაგარელის განცხადებით, 109 ხიდან,  რომლის მოჭრის შესახებ მთავრობის განკარგულება გამოიცა,  დიდი ნაწილი, 70-80 პროცენტი გამხმარია ჭარბტენიანობის გამო. 

ცაგარელი არ გამორიცხავს, რომ ხეების მოჭრის საჭიროება კიდევ დადგეს, თუმცა განმარტავს, რომ მათ აქვთ ტყის გადარჩენის სამპუქტიანი გეგმა.

"ტყის გადარჩენისათვის აუცილებელია სამი ღონისძიება, ესაა შემოღობვა იმ ტყის მასივის, ეკო სისტემის აღდგენა და  საირიგაციო არხის რეაბილიტაცია, ამის გარეშე ტყის გადარჩენას ვერც ჩვენ მარტო და ვერც ყველანი ერთად ვერ შევძლებთ.  გუშინ შედგა შეხვედრა ჩეხურ კომპანიასთან, რომელიც ფლობს ენერგორესურსებს ქვეყანაში, მათ შორის "რიონჰესს" და შევთანხმდით გარკვეულ ღონისძიებებზე, რომელიც მიმართული იქნება საირიგაციო არხის რეაბილიტაციისკენ"- განაცხადა ცაგარელმა.

ქუთაისის საკრებულოს დეპუტატები ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ფუნქციონირების საკითხებითაც დაინტერესდნენ.  როგორც ცაგარელმა განმარტა, პირველ სტუდენტებს სასწავლებელი 2020 წლის შემოდგომაზე მიიღებს.

"უნივერსიტეტი 2020 წლის შემოდგომაზე სამ სპეციალობაზე მიიღებს სტუდენტებს. სასტარტო ეტაპისათვის 1000 სტუდენტის მიღება იგეგმება.  დასაწყისისათვის სამი სპეციალობა იქნება:  მათემატიკა, ინფორმაციული ტექნოლოგიები და  მენეჯმენტი. მეოთხე - ეს იქნება ქვედისციპლინა, საგანმანათლებლო მეცნიერებები,  რომელიც  მიმაგრებული იქნება სამივე სპეციალობასთან.  წლიდან  წლამდე იქნება პროგრესი, როგორც არქიტექტურულ ნაწილში, ასევე პროგრამებში და სპეციალობებში, სპეციალობების რაოდენობა 20 - 25-მდე გაიზრდება და ეს იქნება არა ტექნოლოგიური, არამედ ფართო პროფილის, მაღალი რანგის მსოფლიო დონის უნივერსიტეტი", - განაცხადა ცაგარელმა.

მისი თქმით,  შემდეგ პერიოდში სტუდენტების რაოდენობის 15 ათასამდე გაზრდა იგეგმება, ხოლო ინფრასტრუქტურას არა თუ  60 ათასის, გაცილებით მეტი ტევადობა ექნება.

 საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობის მიმართ არსებული მაღალი ინტერესის გამო დეპუტატებმა სურვილი გამოთქვეს, რომ სამშენებლო ტერიტორიაზე  ღია კარის დღე მოეწყოს და დაინტერესებულ პირებს, მედია საშუალებებს მიეცეთ შესაძლებლობა ტერიტორიაზე შესვლის, რისი დაპირებაც ცაგარელისაგან მიიღეს. 

"მე მაქვს გეგმაში,  გავაკეთოთ ღია კარის დღე.  რადგან დიდი ინტერესია, გავაკეთებთ პრეზენტაციას, როგორც ინფრასტრუქტურულ, ასევე საგანმანათლებლო ნაწილში", - განაცხადა ცაგარელმა. 

ავტორი: ირინა მაკარიძე

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა