ქუთაისის "ტურიზმის ცენტრი" მომსახურებით ქალაქში შემოსულ ტურისტთა მხოლოდ 10% სარგებლობს
მიმდინარე წლის მაისში ქუთაისის აეროპორტი 52 631 მგზავრს მოემსახურა. ინფორმაცია ეკონომიკის სამინისტრომ გამოაქვეყნა, რაც მათივე ინფორმაციით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 37 %-ით მეტია (38, 417 მგზავრი).
ქუთაისის აეროპორტი ტურისტული ნაკადის ზრდის ერთ–ერთი მთავარი ხელშემწყობია. ევროპის ქვეყნებთან პირდაპირი კავშირი ქუთაისის ცნობადობის ზრდის ხელს უწყობს.
"ნიუპრესი" დაინტერესდა, რა პროგრამებს ახორციელებს ქუთაისის ტურიზმის ცენტრი ქალაქის პოპულარიზაციისთვის. ააიპ ტურიზმის ცენტრის ხელმძღვანელი ადასტურებს, რომ ტურისტების ზრდის მთავარი ფაქტორი აეროპორტია, ამავდროულად, განმარტავს, რომ ქალაქის პოპულარიზაციას აქტიურად ეწევა ტურიზმის ცენტრი, რაც საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობაში გამოიხატება. პაატა ლილუაშვილის განმარტებით, ქუთაისში შემოსულ ტურისტთა რაოდენობით პირველ ადგილზე პოლონეთია.
"საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებში მონაწილეობა, არის ერთ–ერთი მთავარი, რითაც ტურისტებს ჩვენს ქალაქს ვაცნობთ. გამოფენებში მონაწილეობენ წამყვანი ქვეყნები და კერძო კომპანიები, რომლებთანაც ვთანამშრომლობთ, ხდება ინფორმაციის გაცვლა. გამოფენებში მონაწილობა გეგმიურად მიმდინარეობს. ჩვენს მიერ ყოველთვიურად ხდება მონაცემების აღრიცხვა. ყოველი თვის მონაცემები გასული წლის იმავე თვის მონაცემებთან შედარებით გაზრდილია. ქალაქში შემოსულ ტურისტთაგან პირველ ადგილზეა პოლონეთი, შემდგომ გერმანია და ევროპის წამყვანი ქვეყნები,"–განაცხადა პაატა ლილუაშვილმა.
მისივე ინფორმაციით, ცენტრის მომსახურებით ქალაქში შემოსული ტურისტების მხოლოდ, 10 % სარგებლობს, პაატა ლილუაშვილის მტკიცებით, ეს მაჩვენებელი კარგია და ასეთი მაჩვენებელია მსოფლიოს ყველა ქვეყანაში.
ტურიზმის ცენტრს მხოლოდ მაისის თვეში 1949 ვიზიტორი ეწვია, რაც წინა წლის მაისის მონაცემებზე დაახლოებით 1000–ით მეტია, თუმცა საკმაოდ მცირეა ეკონომიკის სამინისტროს მონაცემებთან შედარებით, რომელშიც მხოლოდ აეროპორტით შემოსულთა რაოდენობაა და მასში არ არის სხვა სახის ტრანსპორტით შემოსულთა მონაცემები.
შეგახსენებთ, ტურიზმის ცენტრი 2017 წელს ორწლიანი მოლოდინის შემდეგ გაიხსნა. მისი ბიუჯეტი 23 3000 ლარს შეადგენს.
ტურიზმის ცენტრს, როგორც ააიპს, არ აქვს საკუთარი შემოსავლის უფლება, გარდა ფართების იჯარით გაცემისა. ფართების გაიჯარებით ააიპში წლის განმავლობაში 8 000 ლარი შედის. ტურიზმის ცენტრში მისულ ვიზიტორებს რამდენიმე სერვისს სთავაზობენ, მათ შორის ინფორმაციას ტურისტული ლოკაციების და სასტუმროების შესახებ.
ტურისტულ სეზონს დაემთხვა ერთ–ერთი პოპულარული ლოკაციის "თეთრის ხიდის" სარეაბილიტაციო სამუშაოები, გადაკეტილი ხიდის გამო ტურისტებს გადაადგილების პრობლემა ექმნებათ.
ქუთაისში ყველაზე პოპულარულ ადგილებს შორის კვლავ ლიდერობს ბაგრატის ტაძარი, ტურისტულ ტურში იმერეთიდან, ასევე მოთხოვნადია გელათის ტაძარი, სათაფლია, პრომეთე, გორდა და ოკაცეს კანიონი.
ბაგა-ბაღების ააიპის ყოფილი დირექტორისთვის "ტურიზმის ცენტრში" ახალი თანამდებობა შეიქმნა
ავტორი: ნიუპრესი