სოციალურ საცხოვრისში ჩატარებული სამუშაოების შესწავლა ამ დრომდე არ მომხდარა
ქუთაისში სოციალურ საცხოვრისში ჩატარებული სამუშაოების შესწავლა ამ დრომდე არ დასრულებულა. საცხოვრისის ბინადართა მოთხოვნის და მერიის გადაწყვეტილებით, საცხოვრისის მდგომარეობის შესწავლა 4 აპრილს დაიწყო. ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს შენობაში არსებული მდგომარეობა უნდა შეესწავლა და დასკვნა ერთ თვეში დაედო. მითითებული ვადის გასვლის მიუხედავად, დასკვნა არ არის მზად.
მერიის საბინაო სამსახურის უფროსის ჯონი არაბიძის განცხადებით, ექსპერტიზის ბიურომ მუშაობა ვერ დაასრულა, რის გამოც ვადები გახანგრძლივდა. არაბიძე იმედოვნებს, რომ დასკვნა მალე დაიდება და ის ცნობილი გახდება ყველა დაინტერესებული პირისთვის.
შეგახსენებთ, გასული წლის სექტემბერში ნიკეაზე მდებარე სოციალურ საცხოვრისში შესახლებულებმა მიმდინარე წლის მარტში შენობაში არსებულ არასათანადო პირობებზე დაიწყეს საუბარი. მათი განცხადებით, შენობა ავარიულია და მასში ცხოვრება შეუძლებელია, ამიტომ შენობიდან გაყვანას და ალტერნატიულ ფართს ითხოვდნენ. მათი მოთხოვნის საფუძველზე მერიამ შესწავლა დაიწყო, მას შემდეგ ბინადრებს რაიმე სახის პრეტენზია შენობაში არსებულ არასათანადო მდგომარეობაზე არ გამოუთქვამთ.
ჯერჯერობით უცნობია, როდის გახდება დასკვნა ცნობილი და რა დარღვევები დაფიქსირდება. იმ შემთხვევაში, თუ ბიუროს მიერ მშენებარე კომპანიის დატოვებული ხარვეზები გამოვლინდება, შემსრულებელ შპს "სანოს" ხარვეზების გამოსწორება მოუწევს, ამისთვის ბიუჯეტში კომპანიისთვის გადასახდელი 500 000 ლარზე მეტი არის დატოვებული.
სოციალური საცხოვრისის მშენებლობისთვის გასულ წლებში 2 500 000 ლარი გამოიყო.
სოციალური საცხოვრისი - ავარიული შენობა თუ ბინადართა დაუდევრობა?[PHOTO]
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი