ქუთაისში სტუდენტებისთვის საზოგადოებრივ ტრანსპორტში შეღავათებს ითხოვენ
სტუდენტებისთვის საზოგადოებრივ ტრანსპორტში შეღავათების დაწესების ინიციატივით "ლეიბორისტული პარტიის" ქუთაისის ორგანიზაცია გამოდის. მათ საინფორმაციო სახის შეხვედრა წერეთლის უნივერსიტეტში გამართეს და განაცხადეს, რომ შეღავათები 2020 წლიდან უნდა ამოქმედდეს.
"2020 წლიდან მერიის ინფორმაციით, მუნიციპალური გახდება ტრანსპორტი, ამისთვის კომპანიის შექმნას საკრებულომ მხარი დაუჭირა. რადგან ტრანსპორტი მუნუციპალური იქნება, მერიას შეეძლება დააწესოს შეღავათები, სხვადასხვა სოციალურ კატეგორიაზე, მათ შორის სტუდენტებზე. ეს იქნება შესაძლებელი სტუდენტური ბარათის სახით, როგორც სხვა ქალაქებშია. აქამდე ამბობდნენ, რომ კერძო იყო ტრანსპორტი და ვერ შეძლებდნენ, იმედია მომავალში გაითვალისწინებენ"-განაცხადა ირაკლი კიკვაძემ.
მისი თქმით, უხეში გათვლით, თანხა დიდი არ იქნება და ბიუჯეტს ტვირთად არ დააწვება, ამავდროულად სტუდენტებისთვის შეღავათი იქნება.
ორგანიზაცია მსგავს შეხვედრას სხვა უნივერსიტეტებშიც გეგმავს, ამავდროულად გროვდება ხელმოწერები, რომლებსაც მერიაში ინიციატივის სახით შეიტანენ.
ავტორი: ნიუპრესი