|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში ტურისტული ატრაქციების კონკურსის გამარჯვებულთა გამოვლენა გადაიდო

ქუთაისის მერიამ ტურისტული ატრაქციების შექმნისთვის კონკურსი გასული წლის ნოემბრის დასაწყისში გამოაცხადა. კონკურსი ერთ თვეში უნდა დასრულებულიყო. თუმცა, როგორც მერიაში განმარტავენ, კონკურსის მონაწილეებს დამატებითი დრო მიეცათ.

„კონკურსი დასრულდა გასული წლის ნოემბერში. შემოვიდა რამდენიმე ნაშრომი, მაგრამ ყველა პროექტში დეტალები იყო დასაზუსტებელი, რის გამოც კონკურსის მონაწილეებს დამატებით ერთთვიანი ვადა მიეცათ. წინადადებების მიღება იანვრის ბოლოს დასრულდება.  ამის შემდეგ მოხდება პროექტების შესწავლა და გამარჯვებულების ვინაობა გახდება ცნობილი“,- განმარტავენ მერიაში.

საუკეთესო საპროექტო იდეების ავტორებს კომისია გამოავლენს. პროექტის ინიციატორია ეკონომიკური განვითარების და ადგილობრივი ქონების მართვის სამსახურის ტურიზმის განყოფილება. ავტორთა სურვილია, მეტი ადამიანი ჩაერთოს ტურისტული ატრაქციების შექმნაში.  

პროექტის მიზანს ტურისტების ქალაქში დიდი ხნით გაჩერება წარმოადგენს. კომისიის მიერ არა ერთი, არამედ რამდენიმე გამარჯვებული გამოვლინდება. ფულადი ჯილდო 1000 ლარს შეადგენს.

ტურისტული ატრაქციები წლის განმავლობაში შეიქმნება.

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი