|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მირანდა კუპრავა: "ქუთაისში უყვართ კარგი მუსიკა, მაგრამ თანხის გადახდას ვერ ეჩვევიან"

ქუთაისში კულტურული ცხოვრების გააქტიურებაზე ბევრს საუბრობენ. გახმაურებული პროექტები, რასაც ქუთაისმა უმასპინძლა,  გია ყანჩელის და ვახტანგ კახიძის საიუბილეო საღამოები, ნიკოლოზ რაჭველისა და ანიტა რაჭველიშვილის კონცერტი, ასევე,  "არტ ფორუმი ქარავანი" იყო. მათ საზოგადოების მოწონება დაიმსახურეს. თუმცა, მიუხედავად მასშტაბურობისა, კითხვის ნიშნები საბიუჯეტო თანხების მიმართ მაინც გაჩნდა. ამის გამო განმარტების გაკეთება არაერთხელ მოუხდა მერიის კულტურის განყოფილების უფროსს, მირანდა კუპრავას. ის აცხადებდა, ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა არა თუ ბევრი, საკმარისიც არ იყო.

"ნიუპრესი" დაინტერესდა, რა თანხა გამოიყო თითოეული კონცერტისათვის და სად დაიხარჯა ბილეთების გაყიდვით შემოსული თანხა.

გია ყანჩელის კონცერტისთვის ბიუჯეტიდან 20 094, 38 ლარი გამოიყო. კახიძის საღამო ბიუჯეტს 31 037, 05 ლარი დაუჯდა, რაჭველისა და რაჭველიშვილის კონცერტი კი 33 096.

მირანდა კუპრავას განცხადებით, აღნიშნული კონცერტები თბილისში გაცილებით ძვირი ღირს, თუმცა, ქუთაისის პატივისცემისა და პირადი ნაცნობობის გამო  მონაწილეები კომპრომისზე წავიდნენ და კონცერტების ჩატარებას მიზერულ თანხად დათანხმდნენ.

"დაინტერესებულ პირს შეუძლია მოიძიოს ინფორმაცია, ეს კონცერტები თბილისში რა ღირს.  იქ არც სასტუმროს ხარჯია და არც მგზავრობის, ბილეთებიც გაცილებით ძვირია და დარბაზიც დიდი, შესაბამისად, შემოსული თანხა მეტია. ქუთაისში კი, სასტუმროს და მგზავრობის ხარჯებია დასაფარი, თეატრიც მცირეა. გადაითვალეთ და მიხვდებით, რა თანხა რჩება ჰონორარისთვის.  ეს ადამიანები მოდიან ქუთაისში, თანხმდებიან იმ თანხას, რომელსაც ვთავაზობთ. რატომ არის ამაზე ამ დრომდე საუბარი, ვერ გავიგე? ყანჩელის კონცერტი გასულ წელს ჩატარდა და ისევ კითხულობენ თანხებს. როცა ორკესტრი ჩამოდის, წარმოიდგინეთ, მარტო ამდენი ადამიანის დაბინავება, რა ჯდება. არავინ, გარდა ერთი ორგანიზაცაციისა, არ დაგვდგომია გვერდით. (სასტუმრომ "ბაგრატი 1003" უფასოდ უმასპინძლა  სოლისტებს.)    ქუთაისში უყვართ კარგი მუსიკა, რასაც ანშლაგით ჩატარებული კონცერტები ადასტურებს, მაგრამ ჯერ ვერ ეჩვივიან, რომ კარგ მუსიკაში თანხაც მეტი უნდა გადაიხადო,  რომ ბილეთი უნდა შეიძინო და ასე სცე პატივი მომღერალს. ვერ ეჩვივიან, რომ ყვავილი მიართვან სცენაზე მდგომს, მაგრამ მჯერა, რომ ამასაც  ვისწავლით",–განაცხადა მირანდა კუპრავამ.

კუპრავა ასევე აცხადებს, რომ  ცუდი დამოკიდებულება რატომღაც დიდი და წარმატებული პროექტების მიმართ ჩნდება და არავინ ინტერესდება რა გადაიხადეს თემურ წიკლაურისა და მარიკა კვალიაშვილის კონცერტებში.

"ზოგადად, დიდი პროექტების მიმართ ჩნდება ცუდი დამოკიდებულება. ჩემს მიერ ჩატარებული ყველა პროექტი წარმატებული აღმოჩნდა, თუმცა არსებობენ ადამიანები, რომლებიც მას აკრიტიკებენ. არავინ დაინტერესებულა, რა დაჯდა თითო მომღერლის კონცერტი, რომელიც ჩამოდის და ფონოგრამაზე მღერის. თემურ წიკლაურის კონცერტი დაახლოებით 15 ათასი ლარით დაფინანსდა, ასევე მარიკა კვალიშვილის, რომლის გამოც ამხელა აჟიოტაჟი მოხდა. მე არც მიფიქრია ვინმეს შეურაცხყოფა. უბრალოდ, მაინტერესებდა საზოგადოების სურვილი,  კონცერტი სურდათ, თუ ფესტივალი, რაც არასწორად გაიგეს, მაგრამ ამის გამო ბოდიში მოვიხადე.  მიუხედავად ამ დამოკიდებულებისა, ჩემი პირადი კონტაქტებით ვაგრძელებ მოლაპარაკებებს ხელოვან ადამიანებთან, რომ მეტი წარმატებული ღონისძიება გაიმართოს ქუთაისში",–განაცხადა კუპრავამ.

შეგახსენებთ, რომ კულტურის განყოფილების უფროსის ფეისბუკ პოსტის გამო ქალაქის მერმა ბოდიში მოიხადა. 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი