|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში, ცენტრალურ ნაწილში სასაფლაო იხსნება

ქუთაისში, ი. ჭავჭავაძის გამზირზე  ახალი სასაფლაოს აბრა გამოჩნდა. სასაფლაო წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიის მიმდებარედ ი. ჭავჭავაძის # 8-სა და ასათიანის ქ. N 98-ის შორის  მდებარეობს. აღნიშნული ტერიტორია ქალაქის ცენტრალურ ნაწილს წარმოადგენს, რომელიც მოსახლეობით მჭიდროდაა დასახლებული. 

 მოსახლეობა ქალაქის შუაგულაში სასაფლაოს გახსნას უარყოფითად შეხვდა.

"ახლახანს შევამჩნიე ეს აბრა და ნამდვილად არ მესიამოვნა.  ისედაც დაძაბულ და გაღიზიანებულ ხალხს, რად გვინდა ყოველდღე სხვისი უბედურების ყურება?  ნამდვილად უადგილოა ამ ტერიტორიაზე სასაფლაოს  მოწყობა.  ქალაქის  ცენტრალური ნაწილში რომ არ გააკეთონ სასაფლაო,  დაილია ქალაქის მიმდებარედ შესაფერისი ადგილები?.. ისედაც აღარ ჩერდება ხალხი ამ ქალაქში და მთლად სასაფლაოდ ნუ გადააქცევენ", -განაცხადა ინეზა გოდერიძემ.

"ნიუპრესი" აღნიშნულთან დაკავშირებით ქალაქის მერიას დაუკავშირდა, როგორც პრესსამსახურის წარმომადგენელმა განაცხადა,  შოთა მურღულიას მმართველობის პერიოდში აღნიშნული ნებართვა არ გაცემულა,  თუ როდის და ვის მიერ მოხდა ნებართვის გაცემა,  უახლოეს სამუშაო დღეს გვიპასუხებენ. 

ქუთაისის მერიის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის ყოფილმა წარმომადგენელმა,  ანდრო მარჯანიშვილმა კი აღნიშნული ფაქტი უარყოფითად შეაფასა: "ქალაქის საზოგადოებრივ სივრცეში ზედმეტად შემოიჭრა სასაფლაოები, რაც ძალიან ცუდია. კონკრეტულად ეს სასაფლაო,  არ ვიცი სად და როგორ მოეწყო, თუმცა ცენტრალურ ნაწილებში შემოიჭრა სასაფლაოები და ეს ძალიან ცუდი ტენდენციაა",-განუცხადა მან "ნიუპრესს".

 მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, სასაფლაო დასახლებული ადგილიდან 300 მეტრით უნდა იყოს დაშორებული. შესაძლოა, ამ შემთხვევაში ეს  ეს ნორმა არ ირღვეოდეს.  ქალაქის განვითარების გეგმა კი,  რომელიც დაარეგულირებდა ქუთაისში ურბანული  განაშენიანების სტრატეგიას, არ არსებობს, თუმცა,  მასზე მუშაობა წლებია მიმდინარეობს,  მაგრამ უშედეგოდ.

 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.29%
გაუარესდა - 52.38%
არ შეცვლილა - 13.33%
სულ - 105 ხმა