|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში ჩემი კონკურენტი იქნება ივანიშვილი და არა ლომინაძე - ოთარ კახიძე

 "ევროპულმა საქართველომ" ქუთაისში მაჟორიტატი დეპუტატობის კანდიდატად  პარტიის ერთი-ერთი აქტიური წარმომადგენელი, საპარლამენტო  ფრაქციის ლიდერი დაასახელა. რაც უკვე ნიშნავს, რომ პარტია ქუთაისის მანდატისათვის ბრძოლას მნიშვნელოვნად მიიჩნევს და არც თუ უსაფუძვლოდ, ქუთაისში წინ მას ადვილი არჩევნები არ ელოდება.

როგორც ოთარ კახიძე აცხადებს, ის წარმოშობით იმერეთიდან,  კერძოდ კი, თერჯოლიდან არის, თუმცა მისმა წინაპარმა მომავალი თაობის განვითარების მიზნით თბილისში გადასვლა ამჯობინა.  კახიძე აღნიშნავს, რომ მისი პოლიტიკური გუნდის მიზანია, ქუთაისს დაუბრუნდეს საპარლამენტო სტატუსი და იმერეთის და ქუთაისის მოსახლეობა უკეთესი მომავლის შექმნის მიზნით ქალაქს არ ტოვებდეს და განვითარების პერსპექტივის მიზნით სხვაგან არ მიდიოდეს.

"ეს ქალაქი არ უნდა განიხილებოდეს როგორც მეორეხარისხოვანი და პროვინციული ქალაქი, არამედ როგორც დასავლეთ საქართველოს ცენტრი,  ისე რომ იმერეთიდან თუ დასავლეთ საქართველოდან თბილისში არ უნდა მიდიოდნენ ახალგაზრდები უკეთესი მომავლისათვის" -აცხადებს კახიძე. 

რაც შეეხება კონკურენტებს, მმართველი პარტიის კანდიდატს ის კონკურენტად არ განიხილავს.

„ზაზა ლომინაძე იქნება თუ სხვა, 41-ის გასწვრივ,  იქნება ივანიშვილის წარმომადგენელი, ჩემი კონკურენტი იქნება ამ არჩევნებში ივანიშვილი და მისი პარტია და ვის წარადგენს ის კანდიდატად, არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. ივანიშვილს ისეთი სისტემა აქვს ქვეყანაში დანერგილი, რომ ინდივიდუალურ პოლიტიკოსებს არავითარი წონა არ აქვთ, არც მინისტრებს და არც პრემიერ-მინისტრს, ის არის ერთპიროვნული მმართველი და მისი მითითებით ხდება ყველაფერი, ამიტომ მე არ განვიხილავ ლომინაძეს კონკურენტად", - განაცხადა ოთარ კახიძემ.   

 წინა საპარლამენტო არჩევნებში მან კენჭი თერჯოლა-ტყიბულის ოლქში იყარა და დაახლოებით 30 პროცენტამდე მხარდაჭერა მიიღო, თუმცა სახელისუფლებო კანდიდატთან  - ელგუჯა გოცირიძესთან დამარცხდა.

 

ავტორი: ირინა მაკარიძე