"კონტინენტიდან ვაპირებ წასვლას" -შოთა მურღულია
თვითმმართველობის არჩევნების მოახლოებასთან ქუთაისში უკვე განიხილავენ მერობის შესაძლო კანდიდატებს, მათ შორისაა ქუთაისის ამჟამინდელი მერი შოთა მურღულია. ამასთან, მის სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით განსხვავებული ინფორმაციაც ვრცელდება, რომლის თანახმადაც შოთა მურღულია მეორე ვადით კენჭისყრას არ აპირებს და გერმანიაში საცხოვრებლად გადასვლას გეგმავს. გავრცელებულ ინფორმაციას შოთა მურღულია უარყოფს.
"ქვეყნიდან არა, კონტინენტიდან ვაპირებ წასვლას, ნასას პროექტში ვარ ჩართული და მთავარეზე მინდა წასვლა... აბა, ქვეყანა რატომ უნდა დავტოვო? ვაპირებ მივლინებით წასვლას და სამუშაოდ გადასვლას არ ვგეგმავ. მაგის შესაძლებლობა მქონდა, ვცხოვრობდი და არ დავრჩი, ასე რომ, ეგ ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება", -განაცხადა შოთა მურღულიამ.
რაც შეეხება იმას, იყრის თუ არა კენჭს ქალაქის მერის პოსტზე მეორე ვადით, შოთა მურღულია აცხადებს, რომ ეს გუნდის გადასაწყვეტია.
"ჯერ ამაზე საუბარი ნაადრევია, თუმცა ეს არ არის დამოკიდებული ჩემს სურვილზე. ეს არის გუნდის გადასაწყვეტი, მე გუნდურად მომუშავე ვარ, ამიტომ არ ვიცი, იქნება თუ არა ჩემი კანდიდატურა დასახელებული", - განაცხადა მურღულიამ.
შოთა მურღულია ქუთაისის მერის პოსტს 2013 წლიდან იკავებს. ის ჯერ მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა. 2014 წელს კი არჩევნებში გაიმარჯვა. როგორ აფასებენ მოქალაეები მის საქმიანობას და სურთ თუ არა მისი ხილვა ქალაქის მერის პოსტზე მეორე ვადით, ნახეთ ჩვენი ვიდეო გამოკითხვა.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი