|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რა არ მოსწონთ უცხოელებს საქართველოში: ტოპ-ათეული

პროექტის „უცხოელის თვალით დანახული საქართველოს" დაწყებიდან ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში სპუტნიკ-ი გაესაუბრა მრავალი ქვეყნის მცხოვრებს - ჩრდილოეთ ამერიკიდან სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიამდე და შეიტყო, ყველაზე მეტად რა არ მოსწონთ უცხოელებს საქართველოში.

ბოლო წლებში საქართველო საკმაოდ პოპულარული გახდა უცხოელ ტურისტებს შორის. ბევრი უცხოელი არა მხოლოდ ჩამოდის ქვეყნის დასათვალიერებლად, არამედ აქ საცხოვრებლადაც რჩება. ისინი ძირითადად აღფრთოვანებული არიან საქართველოთი, თუმცა, კრიტიკა მაინც არის.

"სპუტნიკ-საქართველომ" შეკრიბა ტოპ-ათეული — "რა არ მოსწონთ უცხოელებს საქართველოში".

ვითარება გზებზე
„არის მაინც ერთი მომენტი, რომელზეც რომ არ ვთქვა, არ შემიძლია — ესაა მოძრაობა გზებზე თბილისსა და მთლიანად საქართველოში. ეს საშინელებაა. წესებს არ იცავენ, გზას გიჭრიან, არ თიშავენ შორი ნათების ფარებს… პარკინგის უზარმაზარი პრობლემაა. ქალაქს უკვე ექვსი წელია ვაკვირდები და, სამწუხაროდ, ვხედავ, რომ ამ მიმართულებით ვითარება უფრო და უფრო უარესი ხდება… ამ პრობლემასთან ბრძოლა აუცილებელია. მიყვარს თბილისში სეირნობა, ხოლო დღეს, ასეთი ტრაფიკით, ეს საკმაოდ რთულია“, — ჟილ კარასო საფრანგეთიდან.


2. ნაგავი ბუნებაში
„ქართველების ერთი რამ არ მესმის — ეს მათი ბუნებისადმი დამოკიდებულებაა. ვაკის პარკში თუ ქალაქის განაპირა ტყეებში სეირნობისას ისეთ სურათს გადავწყდომივარ, რომ თქმაც კი მეუხერხულება. ვფიქრობ, საჭიროა გარკვეული პოლიტიკა — არა მხოლოდ კომუნალური, არამედ სოციალურიც, როდესაც ბუნებისადმი ფაქიზ დამოკიდებულებას ბავშვს ადრიდანვე მიაჩვევენ", — ტატიანა მონტიკი გერმანიიდან.


3. არ არსებობს „არა"
„ქართველები არ ამბობენ „არას". ზოგჯერ ხდება, რომ შეხვედრაზე თანხმდები, კონტაქტს ამყარებ, დიალოგიც პოზიტიურ კალაპოტში მიდის… ერთ დღეს კი ხვდები, რომ ყველაფერი იშლება, იმიტომ რომ საქმე წინ არა და არ მიდის. თითქოს არც უარს გეუბნებიან, ეს წინადადება არ გვაინტერესებსო, მაგრამ არც არანაირ კონტაქტზე აღარ გამოდიან", — ალექსანდრ იარემჩუკი უკრაინიდან.


4. არ იცავენ საზოგადოებრივ წესრიგს
„სამწუხაროდ, ყველა კანონს რეალურად არ იცავენ. მაგალითად, საღამოს 11 საათის შემდეგ ხმაური აკრძალულია, ხოლო თბილისის ქუჩებში შეიძლება ხმამაღლა მუსიკას მოისმინო. იგივეა საზოგადოებრივ ადგილებში სიგარეტის მოწევასთან დაკავშირებით… შვეიცარიაში ასეთი რამის წარმოდგენაც კი შეუძლებელია", — მერი ელენ ჩეტვინი შვეიცარიიდან.


5. გვიან გაღვიძება

„დილის 10 საათამდე არც ერთი დაწესებულება, პრაქტიკულად, არ მუშაობს. მაგალითად, კაფეები, რომლებიც 11 საათის შემდეგ იხსნება, დასავლეთში კი ბევრი 7 საათზე საუზმობს, ისინი მიდიან უახლოეს კაფეში და იქ საუზმობენ. მთელ მსოფლიოში, პრაქტიკულად, დილის 8 საათზე ყველა იწყებს მუშაობას. ჩემი აზრით, ეს საქართველოს მხოლოდ „თავშესაქცევი" და ღიმილისმომგვრელი თავისებურება არ არის, ეს უბედურებაა. ქართველებო, ადრე გაიღვიძეთ!" — მაურისიო ვულფი ნიდერლანდებიდან.


6. ევროპის ქალაქებში პირდაპირი რეისები არასაკმარისია
„კიდევ ერთი პრობლემა — არ არსებობს პირდაპირი რეისები თბილისისკენ, რაც ინვესტორებსაც აფრთხობს და ყველა იმასაც, ვისაც აქ ბიზნესის კეთება სურს. უცხოეთიდან საქართველოში ჩამოსასვლელად ადამიანს ზოგჯერ ორი დღეც კი ეხარჯება. ძნელია აეროპორტიდან აეროპორტში ხეტიალი, იმიტომ რომ იღლები. მთავრობამ აუცილებლად უნდა იზრუნოს ევროპის ქვეყნებიდან თბილისის მიმართულებით პირდაპირი რეისების გაზრდაზე", — ბრეტ უოლკერი ლონდონიდან.


7. კრიტიკის მძიმედ აღქმა
„შევნიშნე, რომ საქართველოში კრიტიკას მძიმედ აღიქვამენ. ეს უცნაურია, რადგან პრობლემები ყველგანაა. ყველა ადამიანს, ქვეყანას აქვს თავისი ნაკლი, მე მაქვს ნაკლი და ეს ნორმალურია", — კაილი კემპბელი ავსტრალიიდან.


8. ინგლისურის პრობლემა
„ინგლისური ენის ადგილობრივ პედაგოგებთან გამიჭირდა ურთიერთობა. ხანდახან საერთოდ არ მესმოდა, რისი თქმა უნდოდათ. ჩემი აზრით, ეს იმის ბრალია, რომ მათ უცხოეთში არ ჰქონდათ პრაქტიკა გავლილი და ცოცხალ ინგლისურთან არასდროს ჰქონიათ შეხება", — კრისტოფერ მანინგი ნიუ-იორკიდან.


9. სამუშაო ადგილებისა და კადრების პრობლემა
„საქართველოში ბევრი ჩივის, რომ სამუშაო არ არის. მაგრამ უამრავი დამსაქმებლისგან მსმენია, რომ კვალიფიციური კადრების მოძებნა უჭირთ. ეს პრობლემა მოგვარდებოდა, ადამიანი სპეციალობას რომ სწავლობდეს და თანაც კარგად", — ანა პუჩკოვა მოსკოვიდან.


10. დაბალი ხელფასები
„კიდევ ერთი მწვავე პრობლემა ხელფასების დონეა. მგონია, რომ საქართველოში ძალიან დაბალი ხელფასებია. სწორედ ამიტომ ადამიანები ცოტას მოგზაურობენ. ქართველები არა მხოლოდ ცოტას დადიან საზღვარგარეთ, არამედ თვითონ ქვეყანაშიც ცოტა თუ დადის. და არ მგონია, რომ პრობლემის არსი ისაა, რომ გულდახურული ადამიანები არიან — პრობლემა სწორედ მოსახლეობის დაბალი შემოსავლებია", — მარიონ შამბატი საფრანგეთიდან.


https://sputnik-georgia.com/

ავტორი:

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა