|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რა გახდა რეგიონებში ინფრასტრუქტურული პროექტების ჩავარდნის მიზეზი?

ინფრასტრუქტურული პროექტების შესრულების მხრივ წლევანდელი წელი ხელისუფლებისთვის განსაკუთრებით რთული რომ აღმოჩნდა, ამას უკვე მთავრობაც აღიარებს. ინფრასტრუქტურის სამინისტროს წლევანდელი ბიუჯეტი 600 მილიონზე მეტით სწორედ აუთვისებლობის გამო მცირდება.

 როგორც აღმოჩნდა, უწყებას პრობლემები მხოლოდ საქვეუწყებო ორგანიზაციების მიერ შეუსრულებელი პროექტების მხრივ არ აქვს. თანხების ათვისება რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდანაც ძალიან დაბალია.

 დღევანდელი მონაცემებით, განაწილებული 250-მილიონიდან მხოლოდ 146 მილიონია ათვისებული. ასეთი დაბალი მაჩვენებელი კი ბოლო წლების განმავლობაში, ფაქტობრივად, არ ყოფილა. ბოლო სამი წლის საკასო შესრულების მონაცემები ასეთია: 2015 წელი – 91,5%, 2016 წელი – 91,5%, 2017 წელი – 85,3%. წელს კი, ამ დროის მონაცემებით, მუნიციპალიტეტები ჯამურად 60%-იან ნიშნულს გაჭირვებით უახლოვდებიან.

ის, რომ რეგფონდიდან პროექტების განხორციელებასა და, შესაბამისად, თანხების ათვისებაზე პასუხისმგებლები, ოფიციალურად, თვითმმართველობები არიან, ეს ცხადია, მაგრამ რა მოხდა წელს? რატომ მოხდა, რომ ყოველწლიურად მზარდი მაჩვენებელი 2018 წელს საგანგაშოდ დაბალია?

როგორც ირკვევა, პრობლემის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი მთავრობის, ერთი შეხედვით, უწყინარი დადგენილებაა, დადგენილება, რომელმაც რეგიონებში ინფრასტრუქტურული პროექტების დიდი ნაწილი, პრაქტიკულად, ჩააგდო. ეს არის N604-ე დადგენილება, რომელიც სახელმწიფო შესყიდვებს არეგულირებს და რომლითაც მუნიციპალიტეტები დაავალდებულეს, უკლებლივ ყველა სატენდერო დოკუმენტაცია ინფრასტრუქტურის სამინისტროში შესათანხმებლად გააგზავნონ. და ეს მაშინ, როცა, დეკლარირებულად, მთავრობა დეცენტრალიზაციის მასშტაბურ პროცესს იწყებს და მუნიციპალიტეტებისთვის მეტი უფლებამოსილებებისა და ფინანსების გადაცემისთვის ემზადება.

რაც მთავარია, დადგენილება პირდაპირ ეწინააღმდეგება ქვეყნის უმთავრეს კანონს – საქართველოს კონსტუტუციას, რომელშიც მკაფიოდ წერია, რომ „თვითმმართველი ერთეული საკუთარ უფლებამოსილებებს ახორციელებს დამოუკიდებლად და თავისი პასუხისმგებლობით, საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში“.

დადგენილება ეწინააღდეგება „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსსაც“, რომელიც სახელმწიფოსა და თვითმმართველობის უფლებამოსილებებს მკაფიოდ მიჯნავს და იქვე ადგენს, რომ „სახელმწიფოსა და მუნიციპალიტეტის ორგანოების ურთიერთობა ემყარება ურთიერთთანამშრომლობის პრინციპს“ და არა – პატრონყმურ-ქვეშევრდომულ ურთიერთობებს.

  სრულად იხილეთ: bpn.ge

ავტორი:

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა