|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რა ღირს სტუდენტური ცხოვრება ქუთაისში?

 ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში 10 ათასამდე სტუდენტია რეგისტრირებული. სტუდენტთა უმეტესობა რეგიონებიდანაა ჩამოსული. იმისათვის, რომ არაქუთაისელ სტუდენტებს საცხოვრებელის პრობლემა ნაწილობივ მოგვარებოდათ, დაახლოებით ოთხი წლის წინ,  უნივერსიტეტის ბაზაზე საერთო საცხოვრებელი დაფუძნდა. თუმცა საცხოვრებელმა პირვანდელი მისია სულყოფილად ვერ შეასულა და მისი ნაწილობრივ ათვისება მოხდა მხოლოდ.  „ნიუპრესი“ დაინტერესდა,  რა ღირს სტუდენტური ცხოვრება საუნივერსიტეტო  სტატუსის მაძიებელ ქალაქში და რატომ არ ცხოვრობენ სტუდენტები საერთო საცხოვრებელში.

სტუდენტთა საერთო საცხოვრებელი ახალგაზრდობის გამზირზე (საღორია) მდებარეობს.  ამ ეტაპზე გარემონტებულია საცხოვრებლის ნაწილი. რესტავრირებული პირველი სართული დაახლოებით 100 ადამიანზეა გათვლილი, თუმცა როგორც წერეთლის უნივერსიტეტის   ადმინისტრაციის ხელმძღვანელი  კახა კუპატაძე აღნიშნავს, ამ დროისთვის საცხოვრებელში 10-მდე ქართველი და უცხოელი დოქტორანტი ცხოვრობს. აქვე აანონსებს, რომ სტუდენტური თავშესაფრის მთლიანი ათვისება წელს მოხდება.

„საცხოვრებლის ფართის მთლიან ათვისებას ამ წლიდან ვგეგმავთ.  ვაპირებთ,  ჩვენი სტუდენტების ნაწილი განვათავსოთ საცხოვრებელში. ბუნებრივია, რომ 10 ათას სტუდენტს ვერ დაიტევს შენობა, ამიტომ ჩვენი მიზანია, რეალურად სოციალურად დაუცველ სტუდენტებს მივცეთ მისით სარგებლობის საშუალება“, - განაცხადა კახა კუპატაძემ.

რაც შეეხება ფასებს, საერთო  საცხოვრებელში   საწოლის ღირებულება დღეში 15-20 ლარია.  თუ კი სამი ადამიანი ერთ ოთახში იცხოვრებს,  თითოეულს თვეში საშუალოდ  150 ლარის გადახდა მოუწევს, რაც გაცილებით იაფია, ვიდრე კერძო სექტორში ბინის  დაქირავება.  საცხოვრებელში ამ, თანხაში  კომუნალური გადასახედებიც შედის.   

საცხოვრებელი თავის ფუნქციას რომ სათანადოდ  ასრულებს,  ამას კატეგორიულად ამტკიცებს  უნივერსიტეტის რექტორი გიორგი ღავთაძე.

“ნუ იტყვით, რომ სტუდენტთა საერთო საცხოვრებელი  არ  ფუნქციონირებს. ჩვენ მას აქტიურად ვიყენებთ საზაფხულო და ზამთრის სკოლებისთვის, ასევე სხვადასხვა სტუდენტური აქტივობებისთვის, უცხოელი სტუმრებისთვის“, - განაცხადა უნივერსიტეტის რექტორმა.

მიუხედავად ღავთაძის  განცხადებისა,  აკაკი წერეთლის უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებლისა და მის ფუნქციონირების შესახებ ინფორმაციას სტუდენტთა უმეტესობა არ ფლობს. ზოგ მათგან ის გაუგია, რომ სასწავლებლის ახლანდელ მესამე კორპუსში წლების წინ საცხოვრებელი იყო განთავსებული.  ნაწილის ინფორმაციით კი, საცხოვრებელი მხოლოდ უცხოელი სტუმრებისთვის არის გათვლილი.

რა ღირს სტუდენტური ცხოვრება ქუთაისში?  

შევეცადეთ გაგვერკვია, რა ჯდება  ფართის ქირაობა და რა არჩევანის  წინაშე დგანან სტუდენტები. სასწავლებლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ადგილმდებარეობიდან გამომდინარე,  საცხოვრებლის შერჩევა გაცილებიც ძვირი სიამოვნებაა. უნივერსიტეტთან ახლოს ბინის ქირაობის ფასი 300-დან 500 ლარამდე მერყეობს. ცენტრიდან მოშორებით, მაგალითად ნიკეას ქუჩაზე, ერთოთახიანი საცხოვრებლის ღირებულება დაახლოებით 250 ლარს შეადგენს. შესაძლებელია ფართის 150 ლარად დაქირავებაც. თუმცა ღირებულების მიხედვით  პირობებიც  განსხავდება. ქირის თანხას კომუნალური გადასახადებიც ემატება, რაც სტუდენტთა ყოფას ართულებს.

„არიან სტუდენტები, რომლებსაც სწავლისა და საცხოვრებლის   საფასურის გადახდა ერთდროულად უწევთ, რაც ხშირ შემთხვევაში იმით სრულდება, რომ სტუდენტების ნაწილი სტატუსს იჩერებს. „ერთდროულად სწავლის საფასურის და ბინის ქირის გადახდა საკმაოდ რთულია, მითუმეტეს დღეს, ეკონომიკურად ბევრს უჭირს. ამიტომ ახალგაზრდების ნაწილი ცდილობს, სადმე იპოვოს სამსახური, რომ სწავლის თანხის, ან საცხოვრებლის ქირის გადახდა შეძლოს.  მერე თუ იპოვეს, ლექციების გაცდენა უწევთ, რაც სწავლის ხარისხზე აისახება“, - ამბობს ქეთი.

გაცილებით მძიმე იმ სტუდენტების ისტორიის მოსმენაა, რომლებსაც საცხოვრებლის პოვნის პროცესში არ გაუმართლათ. ვერიკო  მეოთხე კურსის სტუდენტია, ახლა ბინის პრობლემა არ აქვს, თუმცა ახლაც მწარედ იხსენებს წინა წლების გამოცდილებას.   „პირველ რიგში,  მინდა ავღნიშნო, რომ უნივერსიტეტთან ახლოს ნესტიანი ოთახებია. ყოველ შემთხვევაში, მე ასეთები მხვდებოდა. სამაგიეროდ, ფასები აქვს მაღალი და როცა მეტი გამოსავალი არაა, თანხმდები იმას, რაც არის. ერთ ოთახში თითოს 40-35 ლარის გადახდა  გვიწევდა, თან ისეთ ოთახში,  სადაც არაფერი არ იყო.  ერთხელ, პირველი შუალედური გამოცდის წინ, ტელეფონები მოგვპარეს და სახლის მეპატრონემ აქეთ წამოგვიყენა პრეტენზიები. მერე ლომონოსოვის ქუჩაზე გადავედით და სახლის მეპატრონე ჩვენს ნივთებს და პროდუქტებს იყენებდა. აქედანაც გადავედით.  უზნაძის ქუჩაზე ვიქირავეთ ოთახი.  აქ ნორმალური პირობები იყო, მაგრამ გაზაფხულზე მორიელები და ხვლიკები შემოდიოდნენ ოთახში.  ოთახის პატრონს იქაურობა  არ შეუწამლავს,  გვეუბნებოდა, ნუ გეშინიათ, მორიელი არ გიკბენთო,   არადა, აბაზანაში და ფანჯრის რაფებზე, ყველგან  დადიოდნენ.  აუცილებელია, სტუდენტებს ჰქონდეთ ცხოვრების ნორმალური პირობები. კარგი იქნებოდა,  უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებლით სარგებლობის საშუალება  რომ გვქონოდა“, - ამბობს ვერიკო.

მოგვარდება თუ არა სტუდენტთა საერთო საცხოვრებლის პრობლემა, ეს ქალაქის საუნივერსიტეტო სტატუსის მოპოვებასთან  მნიშვნელოვნად არის დაკავშირებული. 

 

ავტორი: ანა ჯიქია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა