|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რამდენად შეესაბამება “ოცნების” დაპირებებს მათივე შედგენილი 2017 წლის ბიუჯეტი

სექტემბრის ბოლოს, ფინანსთა სამინისტრომ საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო და ნაერთი ბიუჯეტების პროექტები გამოაქვეყნა. ნაერთი ბიუჯეტი საქართველოს სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების კონსოლიდირებული დოკუმენტია. ნაერთი ბიუჯეტი სრულად უჩვენებს, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე რამდენი იქნება ბიუჯეტის შემოსავლები და ხარჯები, ეს იქნება სახელმწიფო ბიუჯეტის, თუ ადგილობრივების, მაგალითად, ბათუმის ან ქუთაისის ბიუჯეტი.

ბიუჯეტს ახლავს მიმდინარე და მომდევნო წლების ძირითადი ეკონომიკური მაჩვენებლების პროგნოზები, რომლის თანახმადაც, 2016 წელს საქართველოს მთავრობა 3%-იან ეკონომიკურ ზრდას მოელის, ხოლო 2017 წელს – 4%-იანს. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ აქამდე 2017 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5.5% იყო. ბიუჯეტში 2017 წლის ლარის საშუალო გაცვლით კურსად 2.30 არის ჩადებული, რაც დღევანდელი გადასახედიდან ნაკლებად რეალური ჩანს. სავარაუდოდ, ლარის კურსი უფრო მაღალი იქნება.

2017 წელს ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლები 123 მლნ ლარით იზრდება. შემოსავლების დაბალი ზრდა განპირობებულია იმით, რომ მომავალ წელს ბიუჯეტში მნიშვნელოვნად შემცირდება მოგების გადასახადისგან მიღებული შემოსავლები (რადგან რეინვესტირებული მოგება აღარ დაიბეგრება). 396 მლნ ლარით იზრდება ბიუჯეტის მიმდინარე ხარჯები. ხარჯების ზრდას მნიშვნელოვნად განაპირობებს ადმინისტრაციული (ბიუროკრატიული) ხარჯების 195 მლნ-ით ზრდა. 25 მლნ ლარით იზრდება სახელმწიფო ვალის მომსახურების ხარჯი. 98 მლნ ლარით იზრდება სოციალური ხარჯები.

93 მლნ ლარით მცირდება ინფრასტრუქტურული ხარჯები (არაფინანსური აქტივების ზრდა) და ეს იმ ფონზე, როდესაც „ქართული ოცნების“ მთავრობის ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება ინფრასტრუქტურული ხარჯების მნიშვნელოვნად ზრდაა.

ბიუჯეტის დეფიციტი 1 160 მლნ ლარი იქნება, ანუ 2017 წელს ბიუჯეტის მთლიანი ხარჯები 1 160 მლნ ლარით გადააჭარბებს შემოსავლებს. თუმცა, 2017 წელს მთავრობა ახალ ვალს 1 660 მლნ ლარის მოცულობით აიღებს, საიდანაც ნაწილს ძველი ვალების დაფარვას მოახმარს, ქვეყნის დავალიანება კი, დეფიციტის შესაბამისად, 1 160 მლნ ლარით გაიზრდება. ბიუჯეტის დეფიციტი იზრდება ქვეყნის ეკონომიკის (მშპ-ის) მიმართაც. 2016 წელს დეფიციტი მშპ-ის 2.4%-ია, 2017 წელს 3.2% იქნება, რაც ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის ხელშემშლელი გარემოებაა.

რაც შეეხება იმას, რომელი უწყებების დაფინანსება იზრდება ან მცირდება მნიშვნელოვნად 2017 წელს, ასეთი სურათია (ცხრილი): ყველაზე მეტად ჯანდაცვის (168 მლნ-ით) და რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს (136 მლნ-ით) იზრდება. ყველაზე მეტად კი ენერგეტიკის (14 მლნ-ით) და სოფლის მეურნეობის სამინისტროების დაფინანსება მცირდება (83 მლნ-ით).

 

მილიონ ლარებში 2016 2017 სხვაობა
ჯანდაცვის სამინისტრო 3162 3330 168
რეგიონალური განვითარების სამინისტრო 950 1086 136
თავდაცვის სამინისტრო 670 743 73
განათლების სამინისტრო 971 1025 54
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური 100 110 10
სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო 90 98 8
იუსტიციის სამინისტრო 70.5 65.6 -4.9
ფინანსთა სამინისტრო 90 85 -5
სასჯელაღსრულების სამინისტრო 154 146 -8
შინაგან საქმეთა სამინისტრო 595 585 -10
ენერგეტიკის სამინისტრო 135 121 -14
სოფლის მეურნეობის სამინისტრო 321 238 -83

 

ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტის ზრდა განპირობებულია პენსიის ხარჯების 95 მლნ-ით ზრდით, რაც, თავის მხრივ, გამოწვეულია იმით, რომ წელს 180-ლარიანი პენსია 6 თვე დარიგდება, 2017-ში კი – 12 თვე. თვეში ასაღები პენსიის მოცულობის ზრდა 2017 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული არ არის. მინიმალური პენსია ისევ 180 ლარი იქნება. მაღალმთიან რეგიონებში კი – 216 ლარი. ბიუჯეტს სოციალური მიმართულებით ახალი 55 მლნ-იანი ხარჯი ემატება, რაც მაღალმთიან დასახლებებში სოციალურ შეღავათებზე მიემართება.

24 მლნ ლარით იზრდება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დაფინანსება, თუმცა, უკვე ნათელია, რომ საყოველთაო ჯანდაცვის 2016 წლის ბიუჯეტს დაახლოებით 70 მლნ ლარის დამატება დასჭირდება. შესაბამისად, 2017 წელსაც, მინიმუმ, 70 მლნ-იანი ზრდა იქნება საჭირო. გარდა ამისა, ეს ხარჯი კიდევ უფრო მეტად უნდა გაიზარდოს, რადგან არჩევნებში გამარჯვებული „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამის მიხედვით, მოსახლეობის გარკვეულ ჯგუფებს მედიკამენტებიც დაუფინანსდებათ.

მიუხედავად იმისა, რომ რეგიონალური განვითარების სამინისტროს ბიუჯეტი 136 მლნ ლარით იზრდება, როგორც უკვე აღვნიშნე, ჯამში, 2017 წელს, ინფრასტრუქტურაზე უფრო ნაკლები თანხაა გამოყოფილი, ვიდრე 2016 წელს.

მიუხედავად იმისა, რომ განათლების სამინისტროს ბიუჯეტი იზრდება, მასწავლებლების საშუალო ხელფასის 800 ლარამდე ზრდისთვის (როგორც „ოცნება“ გვპირდება) გაცილებით მეტი თანხა იქნება საჭირო, ვიდრე ბიუჯეტში ზრდაა.

ყველაზე მეტად (83 მლნ-ით) მცირდება სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიუჯეტი. შემცირება განპირობებულია იმით, რომ მთავრობა აღარ აპირებს, 2017 წელს დააფინანსოს მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოები (უფასო ხვნა-თესვა). არ მოახდენს მანდარინისა და ყურძნის ფასის სუბსიდირებას.

ჯამში, 2017 წლის ბიუჯეტის პროექტით ასეთი სურათია: მიუხედავად იმისა, რომ ბიუჯეტის დეფიციტი იზრდება, უკვე გაჟღერებული ინიციატივებისა და დაპირებების დასაფინანსებლად თანხები საკმარისი არ არის. ბიუჯეტის საბოლოო ვერსიის მისაღებად მთავრობასა და პარლამენტს ვადა წლის ბოლომდე აქვთ და მოუწევთ, არსებული პროექტი მნიშვნელოვნად შეცვალონ. დაპირებების შესრულებას ხარჯების მნიშვნელოვანი ოპტიმიზაცია დასჭირდება, ანუ ზოგიერთი მიმართულებით დაფინანსების კიდევ უფრო მეტად შემცირება, ვიდრე ახლაა წარმოდგენილი. ან მეორე გზაა – მთავრობამ უფრო მეტი ფული უნდა ისესხოს და გაზრდილი ხარჯები ვალით დაფაროს, რაც პოპულისტური და ეკონომიკურად არასწორი გზა იქნება.

წყარო:factcheck.ge

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა