|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

4 ბინა, 2 სახლი, ნაჩუქარი 23 ათასი დოლარი - რა ქონებას ფლობს თერჯოლის მერის ოჯახი?

4 ბინა, 2 სახლი, რამდენიმე მიწის ნაკვეთი და ფართი, საჩუქრად მიღებული დოლარები - ინფორმაცია თერჯოლის მერის ბონდო სოფრომაძის ქონებრივ დეკლარაციაში იძებნება.

"ნიუპრესი" აგრძელებს თანამდებობის პირთა დეკლარაციების გაცნობას. ამჯერად  თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის ქონებრივ მდგომარეობას გაგაცნობთ. მას თანამდებობის პირის დეკლარაცია 2018 წლის 30 ივლისს აქვს შევსებული.

ბონდო სოფრომაძე თერჯოლის მერის პოსტზე საქმიანობას 2017 წლის ნოემბრიდან შეუდგა. იმ დრომდე კი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის სპეციალურ გამოკვლევათა სამმართველოს უფროსის პოსტს იკავებდა. მას ჰყავს მეუღლე ირმა ჩაფიჩაძე და ორი სრულწლოვანი შვილი, გიორგი და დავითი. 

ოჯახის საკუთრებაშია 4 ბინა, 2 საცხოვრებელი სახლი, რამდენიმე კომერციული ფართი და მიწის ნაკვეთი. 

სოფრომაძეს საცხოვრებელი სახლი მემკვიდრეობით მიღებული აქვს თერჯოლის მუნიციპალიტეტის  სოფელ რუფოთში 1971 წელს, მასთან ერთად მემკვიდრეობით მიიღო  მიწის ნაკვეთი.  2004 წელს ბონდო სოფრომაძემ შეიძინა ბინა თბილისში, მელქაძის ქუჩაზე, ამავე ქუჩაზე 2002 წელს შეძენილი საცხოვრებელი სახლი მისი მეუღლის ირმა ჩაფიჩაძის სახელზეა გაფორმებული, ასევე მეუღლის სახელზეა 2014 წელს შეძენილი ბინა ვაჟა-ფშაველას გამზირზე, ირმა ჩაფიჩაძის სახელზეა ასევე ავტოფარეხი და თბილისში, ცაბაძის ქუჩაზე არსებული ფართი.  

შვილის გიორგი სოფრომაძის სახელზეა თბილისში, კრწანისის ქუჩაზე არსებული 50 ათას ამერიკულ დოლარად შეფასებული ბინა. ბონდო სოფრომაძის საკუთრებაშია ქობულეთში, აღმაშენებლის გამზირზე #554 არსებული ბინა.  

 ბონდო სოფრომაძის სახელზეა თბილისში,  სოფელი დიღომში 800 კვ.მ მიწის ნაკვეთი, ასევე მიწის ნაკვეთი გარდაბანში.   

ბონდო სოფრომაძე ფლობს  15 000 დოლარის ღირებულების მსუბუქი ავტომანქანას - ML 350,  (2015 წლის ნასყიდობით), შვილი გიორგი სოფრომაძე ფლობს მსუბუქი ავტომანქანას TOYOTA CAMRY GB777SO 2018 ნასყიდობით, (7000 დოლარი).

 ბონდო სოფრომაძე საქართველოს ბანკში ვადიან ანაბარზე ერიცხება 98 987 ლარი,   საქართველოს ბანკში აქვს ასევე მეორე ანაბარი 458 ლარით,  სახელფასო ანგარიშზე დეკლარაციის შევსების დროს მას  2120 ლარი ჰქონდა. ბონდო სოფრომაძის ანგარიშზე ირიცხება 18 ათასი ამერიკული დოლარი, რომლის წყაროდ ნაჩუქრობაა მითითებული, მეუღლის სახელზე კი 5 ათასი დოლარია, ასევე ნაჩუქარი.

სოფრომაძის სახელზეა ასევე 15 400 ლარის ოდენობის სამომხმარებლო სესხი, რომელიც 2020 წლამდე უნდა დაფაროს, 4697 წლიური გასავალით. 

ბონდო სოფრომაძის შვილების სახელზეა თერჯოლაში შპს "ახალი დონე", თუმცა საწარმოს კაპიტალი ნულს შეადგენს.  

 

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა