|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რაღაც ინციდენტზე საუბარი უადგილოა - ირაკლი კობახიძე ქუთაისში მომხდარის შესახებ

"ქუთაისის ინციდენტში გავერკვევით, მაგრამ ამ ფონზე, როდესაც ოპოზიციის წარმომადგენლები ყველანაირ აგრესიას გამოხატავენ, აქეთ მხარეს რაღაც ინციდენტზე საუბარი, ბუნებრივია, უადგილოა," - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა ქუთაისში მომხდარ ინციდენტს. კობახიძის თქმით, დესტრუქციულ ქმედებებს ოპოზიციის მხრიდან აქვს ადგილი.

"ბოლო 6 თვის განმავლობაში ვუყურებთ, რომ ოპოზიციამ დაიწყო პირველ რიგში, პარლამენტში შეჭრით ხელისუფლების გადატრიალების მცდელობა და ამის შემდეგ 3 თვე ქუჩას არ ტოვებდნენ. ბოლო დღეების განმავლობაში ხედავთ მათ დესტრუქციას, რომელიც სხვადასხვა აგრესიული ფორმითაა გამოხატული და ამ ფონზე ვსაუბრობთ რაღაც ერთ ინციდენტზე. ამაში გავერკვევით, მაგრამ ამ ფონზე, როდესაც ისინი ყველანაირ აგრესიას გამოხატავენ, აქეთ მხარეს რაღაც ინციდენტზე საუბარი, ბუნებრივია, უადგილოა", - განაცხადა კობახიძემ.

ჟურნალისტების კითხვაზე, შესაძლოა თუ არა ქვეყანა სამოქალაქო დაპირისპირებამდე მივიდეს, კობახიძემ უპასუხა, რომ ამის საფრთხე არ არსებობს, ვინაიდან "ნაციონალურ მოძრაობას" 200 კაცი ძლივს გამოჰყავს".

"ხედავთ, რისი რესურსი აქვს "ნაციონალურ მოძრაობას". რა სამოქალაქო დაპირისპირებაზეა საუბარი, 200 კაცი ძლივს გამოჰყავს. მილევად რეჟიმშია მათი დესტრუქცია და ზოგადად, ეს პოლიტიკური ძალა. რაც მეტად დავაიგნორებთ "ნაციონალურ მოძრაობას" მით მალე მიილევიან", - განაცხადა კობახიძემ.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა