|
  • EUR 1 = GEL 3.1897
  • USD 1 = GEL 2.7137
|

"ქუთაისში მსახიობებს არ უნდა სჭირდებოდეთ თხოვნა, რომ ახალი შენობა თეატრზე მაღალი არ იყოს"

ქუთაისის ცენტრში მრავლადაა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, მათი უმეტესობა ავარიულია და რესტავრაციას საჭიროებს. ხშირად ძეგლების გვერდით მარალსართულიანი შენობები შენდება, რაც საერთო სივრცეს არღვევს და ძეგლს ფარავს. როგორ უნდა იცავდეს კანონი ძეგლებს და რა მდგომარეობაა ამ მხრივ ქუთაისში? -  "ნიუპრესის" კითხვებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი სოფო ზვიადაძე პასუხობს.

-რას ნიშნავს კულტურული მემკვიდრეობა და  როგორ იცავს კანონი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს?

-კულტურული მემკვიდრეობა ესაა წარსულის და კულტურის ცოდნა, მისი შენახვა და რეპრეზენტაცია ერთდროულად. კულტურული მემკვიდრეობაა ადამიანის მიერ შექმნილი კულტურის ძეგლები, რომელთაც გააჩნიათ ეროვნული, ზოგადსაკაცობრიო, ისტორიული, სახელოვნებო, ან სამეცნიერო მნიშვნელობა,  ესაა მატერიალური და არამეტერიალური  კულტრული მემკვიდრეობის ძეგლების ვრცელი სია. როგორც ამას საქართველოს კანონი კულტურის შესახებ  განმარტავს, ესაა „მხატვრული, ესთეტიკური, ისტორიული, მემორიალური ღირებულების მქონე არქიტექტურული, ხელოვნების, ქალაქთმშენებლობითი, სასოფლო, არქეოლოგიური, ანთროპოლოგიური, ეთნოგრაფიული, მონუმენტური, ტექნიკის განვითარებასთან დაკავშირებული უძრავი, ან მოძრავი ობიექტები, დოკუმენტური მასალები, ასევე ბაღები, პარკები, ლანდშაფტური არქიტექტურის ობიექტები, ისტორიული დასახლებები, ისტორიულად ჩამოყალიბებული გარემო, დაკავშირებული ქვეყნის ისტორიასთან, განვითარებასთან, ფოლკლორთან, რწმენასა და ტრადიციებთან, ადრე ან ამჟამად არსებულ ცივილიზაციასთან. არამატერიარლური კულტურული მემკვიდრეობაა „ზეპირსიტყვიერების ტრადიციები და გამოხატვის ფორმები, ენის, როგორც მატერიალური კულტურული მემკვიდრეობის მატარებლის ჩათვლით, საშემსრულებლო ხელოვნება, ადათ-წესები, ჩვეულებები, ტრადიციულ ხელოვნებასთან დაკავშირებული ცოდნა და უნარ-ჩვევები, ასევე მათთან დაკავშირებული ინსტრუმენტები, საგნები, არტეფაქტები და კულტურული სივრცეები, რომლებიც საზოგადოების, ჯგუფებისა და ზოგიერთ შემთხვევაში, ცალკეული პირების მიერ აღიარებულია მათი კულტურული მემკვიდრეობის ნაწილად.

ეს განმარტება შესაბამისობაშია  UNESCO-ს კონვენციასთან მსოფლიო კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვის შესახებ, რომელსაც საქართველო შეუერთდა 1994 წელს. რაც შეეხება დაცვას, კონსტიტუცია ავალდებულებს თითოეულ მოქალაქეს, დაიცვას კულტურული მემკვიდრეობა. კანონი კულტრული მემკვიდრეობის შესახებ აკისრებს სახელმწიფო ორგანოებს (საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები), დაიცვას კულტურული მემკვიდრეობა. ძეგლის დაზიანება, ან განადგურება იწვევს სისხლის სამართლის პასუხსიმგებლობას.

მოსახლეობაშიც არ არის ცნობიერება, რომ კულტურული და ბუნებრივი გარემო საერთო და საყოველათაოა, ყველას გვაქვს უფლება და ვალდებულება მასზე ზრუნვის. საჯარო სივრცეს ვერ ვიცავთ, ერთი მხრივ, არცოდნის და მეორე მხრივ, პასიურობის გამო. ყველა მთავრობის დროს კულტურული მემკვიდრეობა კერძო ინტერესის მსხვერპლი ხდება. 

-რა სახის სამუშაოები იკრძალება კულტურული მემკვიდრობის ძეგლებთან?      

-ეს საკითხი კანონით რეგულირდება.  კულტურული მემკვიდრეობის შესახებ კანონის 34- და 35-ე მუხლით განსაზღვრულია კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონები. მაგ: კანონით ასეთი ზონის არსებობის მიზანია „ძეგლების, კულტურული ღირებულების მქონე ურბანული ქსოვილისა და ცალკეული შენობა-ნაგებობების, ისტორიული განაშენიანების, ქუჩათა ქსელის, გეგმარებითი სტრუქტურის, ისტორიული ლანდშაფტის, არქეოლოგიური ობიექტების არასასურველი ზემოქმედებისაგან დაცვა... საზოგადოებრივი სივრცის კეთილმოწყობის საშუალებები იმგვარად უნდა დაიგეგმოს, რომ ისინი ჰარმონიულად ერწყმოდეს ისტორიულად ჩამოყალიბებულ გარემოს. ქუთაისის ისტორიულ უბანში, მუზეუმ-ნაკრძალის ტერიტორიაზე განხორციელებული მშენებლობის დროს ეს ყოველივე დარღვეულია. საინტერესოა, როგორ პროექტზე გასცემს ნებართვას ქუთაისის მერია ყოფილი „მწერალთა სახლის“ ტერიტორიაზე დაგეგმილი სასტუმროს მშენებლობისას?

-როგორ უნდა მოხდეს თანამედროვე და ძველი შენობების შერწყმა, რომ არ დაიკარგოს მთავარი ხასიათი და ვინ არის ამაზე პასუხისმგებელი?

-პირველ რიგში, ისტორიულ უბანში და კულტურული მემკვიდრეობის არეალში ნებისმიერი პროექტის დამტკიცების პროცესი უნდა იყოს გამჭვირვალე. არქიტექტურული პროექტი არ უნდა შეირჩეს ქალაქის მერის, ინვესტორის, ან მათთან დაახლოებული არქიტექტორის გემოვნებით. რადგან ასეთ არეალს იცავს კანონი და აცხადებს მას საქართველოს ყველა მოქალაქის მემკვიდრეობად, ამიტომ მეტი მოთხოვნები უნდა დაწესდეს ასეთ უბნებში მშენებლობისთვის. თითქოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვა ახალ მშენებლობას ეწინააღმდეგება, პოპულისტურია. „ძველი ქალაქი“ ისტორიული ნაწილი, პირველი ზონაა, რაც სწორედ იმას ნიშნავს, რომ აქ განსაკუთრებული რეგულაციებია და კანონი ავალდებულებს ყველას დაემორჩილოს ამ შეზღუდვას.  ქუთაისის თეატრის მსახიობებს არ უნდა სჭირდებოდეთ მერიაში იმის თხოვნა, რომ ახალმა პროექტმა მოედანზე, არ დაარღვიოს  თეატრის ირგვლივ პანორამა და არ იყოს ახალი შენობა თეატრზე მაღალი. ამას კანონი ისედაც მოითხოვს.  აქ მახსენდება, ქუთაის-გაენათის ეპარქიის მოთხოვნა, რომ ეკლესია მოედანზე ყველა შენობაზე მაღალი იყოს. ამ დროს არავის გაახსნედება კანონი კულტურული მემკვიდრეობის შესახებ, რომ ეს პრეტენზია იმ ტერიტორიის უკვე ისედაც სახეშეცვლილ ურბანულ ლანდშაფტს უფრო დაარღვევს.  ამისგან დამოუკიდებლადაც, ახალი ეკლესიის მშენებლობისთვის მთავარი უნდა იყოს მის ესთეტიური, არქტიტექტურული სრულყოფილება და არა სიმაღლეზე პრეტენზია. ამის კარგი მაგალითი გვაქვს მცხეთის ჯვრის სახით.

როდესაც ქუთაისში ცენტრალურ მოედანზე ხდება დარღვევებით მშენებლობა, უფრო დაუცველია სხვა ისტორიული უბნები. დღეს მერიის წარმომადგენლები ღიად საუბრობენ, რომ ქალაქის მოედანზე ყოფილი ეთნოგრაფიული მუზეუმის შენობის ნაცვლად  უნდა აშენდეს სასტუმრო. "მაკდონალდის" ბანერზე მუზეუმის შენობა არც არის დატანილი. ამ შენობას აქვს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი. როგორ აპირებენ მის გაქრობას? არაა გამორიცხული,  არ იციან, რომ ამ შენობას კანონი იცავს, ან სამწუხაროდ, იციან მშენებლობის ნებართვის მიღების სხვა გზა. ქალაქისთვის, ტურიზმისთვის და კულტურის განვითარებისთვის ყველაზე სასურველი იქნება ამ შენობაში განთავსებული იყოს რომელიმე მუზეუმი, მაგალითად პეტრე ოცხელის მუზეუმი. თეატრის გვერდით სწორედ, პეტრე ოცხელის მუზეუმის, მისი სახელის პოპულარიზაცია იქნებოდა მისასალმებელი და არა "მაკდონალდსის". მაშინაც კი, თუ მუზეუმის პროექტის განხორციელება ძნელია გარკვეული მიზეზების გამო, არსებობს საერთაშორისო პრაქტიკა, შენარჩუნდეს ძეგლის იერსახე და ის ფუნქციურად იყოს სასტუმრო, ბანკი და ა.შ. ევროპის უძველეს ქალაქებში სწორედ ასეა შენარჩუნებული ძველი უბნების ავთენტურობა. ამისთვის სულ უმცირესი, სიმაღლეზე შეზღუდვა არსებობს. 

-როგორ უნდა დაიცვას ქალაქმა მსგავსი ძეგლები და რამდენად ზრუნავს ხელისუფლება ძველი იერ-სახის შენარჩუნებაზე?

-სიძველე მხოლოდ ერთი და არა ერთადერთი კრიტერიუმია. სიძველე ადასტურებს, რომ ძეგლმა გაუძლო დროს, ცვლილებებს და რომ იგი გახდა ისტორიის, კულტურული მეხსიერების ნაწილი. ძეგლი მნიშვნელოვანი შეიძლება თავისი უნიკალურობით,  ხელოვნების, არქტიტექტურის, ანთროპოლოგიის თვალსაზრისით და ა.შ.

რაც შეეხება ძეგლის დაცვას, სულ მცირე, უნდა აღსრულდეს კანონი და იგი თავად დაიცავს ძეგლს.  უნდა არსებობდეს ამის ნება და სწორი კულტურის პოლიტიკა. არც პოლიტიკაში და არც საზოგადოებრივ დისკურსში არ უნდა იდგეს საკითხი, თითქოს ერთ მხარეს არის კულტურული მემკვიდრეობა და მეორე მხარეს ქვეყნის განვითარება და აღმშენებლობა. კულტურის დაცვა და მისი პოპულარიზაცია სწორედ რომ ხელს უწყობს ეკონომიურ განვითარებას. ამიტომ ძალიან სუსტი  და სასაცილოა ქუთაისის მერის არგუმენტი, რომ ტურისტებს სურთ საქართველოში "მაკდონალდსში" შევიდნენ და ამიტომ ქუთაისის ცენტრში მისი არსებობა მომგებიანია.  ქალაქის ცენტრში ტურისტებს შეიძლება შესთავაზო ისეთი რამ, რაც არის ქვეყნის სავიზიტო ბარათი, რომლის დანახვას და მონახულებას ვერ აცდება. "მაკდონალდსის" შემთხვევა  ქუთაისში, მსგავსი საეჭვო მშენებლობები თბილისში, ბათუმში, აჩვენებს, რომ სახელმწიფო არ აღიარებს იმ ღირებულებას, რაც აქვს ამა თუ იმ ძეგლს. პოლიტიკოსები პირადად „დაინტერესებული“ არიან ბიზნესით, ან არ აქვთ პოლიტიკური ნიჭი და  მოლაპარაკებების უნარი ივნესტორთან, რომ დაიცვან კულტურული მემკვიდრეობა.

ყველაზე მეტად ვისაც ევალება კულტურის პოლიტიკა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვა, ეს კულტურის სამინისტროა. სამწუხაროდ, ყველაზე პასიური სწორედ მასთან არსებული კულტრული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოა. სააგენტო არ არის გარანტი, რომ მემკვიდრეობა დაცული იყოს, თითქმის არ არსებობს შემთხვევა, როდესაც რომელიმე საპროექტო განაცხადი დაეწუნებინოს და ინვესტორისთვის მოეთხოვოს კულტურული არეალისთვის შესაბამისი მასშტაბის და იერსახის პროექტი. 

სასურველია, რომ მერიამ, საკრებულომ და კულტურული მემკვიდერობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ კონკურსის საფუძველზე შეარჩიოს ისტორიულ და კანონით დაცულ ტერიტორიებზე პროექტები. ისინი კი უნდა ითვალისწინებდნენ ქალაქის არქიტექტურულ და ლანდშაფტურ გარემოს. თუ როგორი პროექტია გარემოსთვის შესაბამისი, ამაზე დარგის სპეციალისტების ფართო წრე უნდა მუშაობდეს. ეს საკითხი გადაჯაჭვულია ქალაქდაგეგმარების კომპლექსურ თემასთან. წარმოაჩენს სხვა მწვავე საკითხებსაც, როგორ ხდება ისედაც მცირე მწვანე საფარის და საჯარო სივრცის შემცირება. 

 ქუთაისს არ აქვს ქალაქის გენგეგმა, ქალაქს არ ყავს არქიტექტორი. მერიაში არ არის სპეციალისტი და სპეციალისტთა ჯგუფი ვინც იმუშავებდა არა უშუალოდ ისტორიული ნაწილის, არამედ, ზოგადად, ქალაქის განვითარებაზე. სამწუხაროდ, ქუთაისის მერიამ არ გაითვალისწინა კულტურული მემკვიდრეობის სფეროში მომუშავე ორგანიზაციების თხოვნა, შექმნილიყო კომისია, რომელიც დაკომპლექტებული იქნებოდა დარგის სპეციალისტებით, არასამთავრობო ორგანიზაციების და საზოგადოების წარმომადგენლებით, რომელიც გაწერდა ქალაქის ინტერესებზე მორგებულ საპროექტო დავალებას. ეს კი  შემდგომში გახდებოდა ქალაქის ისტორიული ნაწილი სწორი განაშენიანების საფუძველი.

-ქალაქ-მუზეუმში, რაც ქუთაისის ისტორიულ უბანს წარმოადგენს, გახშირდა თანამედროვე ტიპის მშენებლობები, რომლებსაც აქვთ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ნებართვა, როგორ ხდება, რომ სააგენტო ყველა მშენებლობაზე გასცემს ამ ნებართვას ისე, რომ დეტალურად არ ხდება შემოწმება?

-ქუთაისში ყველაზე ხილული ჩარევა მუზეუმ-ნაკრძალის ტერიტორიაზე და ძეგლის იერ-სახის შეცვლა მოხდა 2010 წელს, როდესაც ბაგრატის ტაძარი „აღადგინეს“.  იმ დროისთვის მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში წარმოდგენილი იყო საქართველოს 3 ძეგლი: მცხეთის ისტორილი ძეგლები, ზემო სვანეთი, ბაგრატის ტაძარი და გელათის მონასტერი. მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შეყავთ ძეგლები, რომლებიც UNESCO-ს  მსოფლიო მემკვიდრეობის კონვეცნიის მიხედვით „იმდენად გამორჩეულია, რომ სცდება ეროვნულ საზღვრებს და თანაბრად მნიშვნელოვანია მთელი კაცობრიობის აწყმო და მომავალი თაობებისთვის.

მიუხედავად UNESCO-ს რეკომენდაციებისა და გაფრთხილებისა, დღეს გვაქვს ტაძარი, რომელიც არ არის მე-11 საუკუნის ძეგლი.  არასპეციალისტისთვისაც ადვილი მისახვედრია, რომ დღევანდელი "ბაგრატის ტაძარი" რკინის ბოძებით და ლიფტით, ახალი იერ-სახით, აღარ არის ამ ღირებულების მატარებელი. ამიტომ UNSECO-მ  2010 წელს ბაგრატის საკათედრო ტაძარი და გელათის მონასტერი საფრთხის ქვეშ მყოფი მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში გადაიტანა. ცოტა ხნის წინ გელათის მონასტერი ისევ შეიტანეს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში. დღევანდელი "ბაგრატის ტაძარი" არის არა შუა საუკუნეების აღორძინების ხანის არქიტექტურა, არამედ ისაა 2010 წლის ტაძარი. ის არის პოსტ-საბჭოთა საქართველოს პოლიტიკის სიმბოლო. ეს კიდევ ცალკე საკითხია, როგორ ჩანს აქ ეკლესიის და სახელმწიფოს ურთიერთობის საკითხი.

დღევანდელი მემკვიდრეობის პოლიტიკა არ განსხვავდება 2010 წლისგან. როგორც "ბაგრატის ტაძრის" შემთხვევა, საყდრისის ისტორია გამოხატავს უფრო მეტს, ვიდრე კულტრული მემკვიდრეობის პოლიტიკას. ესაა დღევანდელ მმართველობის ფორმის, სასამართლო სისტემის, პოლიტიკური კულტურის ილუსტრაცია.

"ბაგრატის ტაძარი", საყდრისი დიდი პროექტები იყო. აქ პოლიტიკურმა ნებამ გადაწყვიტა მათი ბედი. „უფრო ადვილად გვარდება“ ეს საკითხი მცირე მასშტაბის პროექტების შემთხვევაში და განსაკუთრებით, თუ მოსახლეობა პასიურია. მაგ: "ოქროს ჩარდახი" ეკუთვნის მუზეუმ-ნაკრძალის ტერიტორიას, ასევე მის ირგვლივ არეალი დაცული კანონით კულტურული მემკვიდრეობის შესახებ. მაგრამ ყოველგვარი სტანდარტების მოთხოვნის გარეშე, ადვილად გაიცა ნებართვა ამ ტერიტორიაზე კაფე-ბარი „არგოს“ ასაშენებლად. არც არგოს, არც "მაკდონალდსის"  შემთხვევაში არ გამოცხადებულა კონკურსი, რომ საუკეთესო პროექტი განხორციელებულიყო. სამწუხაროდ, სააგენტო ამ შემთხვევებში არ ყოფილა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის გარანტი.  თუ პოლიტიკური და ბიზნესის ინტერესებია, სააგენტოს ნებართვა ყოველთვის არ მოდის შესაბამისობაში კანონთან. ეს საყდრისის შემთხვევაშიც გამოჩნდა. ხოლო ქუთაისის შემთხვევაში, მიუხედავად მიმართვისა, სააგენტომ არ წარმოადგინა დოკუმენტაცია, თუ როგორ შეაფასა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭომ "მაკდონალდსის", პარკინგის მშენებლობა ქალაქის მოედანზე. პროცესის გაუმჭვირვალობა უკვე აისახა ქუთაისის იერ-სახეზე.

როდესაც ერთი კერძო პირის, ან რომელიმე პოლიტიკოსის, ან თუნდაც სასულიერო პირის გემოვნებით წყდება ისტორიული ძეგლის არსებობა-არარსებობა, ეს აღარაა მხოლოდ კულტურული მემკვიდრეობის საკითხი. ის უფრო მეტს გვეუბნება პოლიტიკაზე, საზოგადოებაზე, მმართველობის ფორმაზე.

 

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ბოლო 5 წლის განმავლობაში რა მიმართულებით შეიცვალა ქვეყანაში ცხოვრების დონე?

გაუმჯობესდა - 22.38%
გაუარესდა - 63.33%
არ შეცვლილა - 14.29%
სულ - 210 ხმა