|
  • EUR 1 = GEL 3.1897
  • USD 1 = GEL 2.7137
|

რას ურჩევს შოთა მურღულია ქუთაისის ახალ მერს?

შოთა მურღულია  ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებლად 2013 წლის ნოემბერში დაინიშნა, 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე ის უკვე ქუთაისის მოსახლეობამ პირდაპირი წესით აირჩია. ამ პოსტზე უფლებამოსილების ამოწურვამდე რამდენიმე  დღით ადრე ქალაქის მერი "ნიუპრესს" ესაუბრა.

 

 -რა იყო მთავარი სიძნელე ამ პოსტზე მუშაობის დროს?

-ადამიანურად, ეს იყო ოჯახთან ურთიერთობისთვის დროის მუდმივი უქონლობა...  მთავარი სიძნელე კი იყო ის, რომ აქ არის ორი თემა, პოლიტიკური და სამეურნეო, ამ ორი თემის კომბინირება მიხდებოდა. პრობლემაა ასევე ის, რომ იმდენად ბევრ ადამიანს უნდა შენთან შეხვედრა, რომ ყველას ვერ ხვდები.  მიუხედავად იმისა, რომ ალბათ, 10 ათასზე მეტ ადამიანს ვარ შეხვედრილი, ხუთშაბათობების მიღებები იყო ეს, თუ სხვადასხვა შეხვედრები.  მაინც მრჩება შეგრძნება, რომ ეს სამუერნეო თემატიკა უფრო მეტად რომ მქონოდა გადაბარებული სისტემისათვის, უკეთესი იქნებოდა. ამას ვურჩევდი ახალ მერს, რომ სამეურნეო თემატიკა მეტად გადავიდეს მოადგილეებზე, სამსახურის უფროსებზე. ისინი ყველაფერს ჩემთან ათანხმებდნენ, რაც არ არის საჭირო.  მერი უფრო მეტად უნდა იყოს პოლიტიკაში ჩართული. მე ამის კომბინირება მიხდება და ეს უფრო მეტად გამოდიოდა არასამუშაო სააათების გამოყენების ხარჯზე.

 

-როგორ შეაფასებთ თქვენი საქმიანობის ამ ეტაპს, რომელიც ქუთაისის მერის პოსტზე დაყავით? როდესაც თქვენ ჩამოხვედით, მე გკითხეთ, თუ რატომ გაცვალეთ მინისტრის მოადგილის სავარძელი ისეთ არასტაბილურ სამსახურზე, როგორიც მაშინ ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებლის პოსტი იყო..

- მე ძალიან კარგად მესმოდა, სადაც მოვდიოდი, არ მქონდა ილუზია, რომ აწყობილ საქმეს ვიბარებდი, სადაც რაიმეს  გავაუმჯობესებდი. ვიცოდი, რომ ძალიან მინუსებში მყოფ საქმეს ვიბარებდი... 

თუმცა გამოწვევებიც მიყვარს, სირთულეები, ოღონდ, როცა  მისი დაძლევის გზები ვიცი. მე მოჭადრაკე ვარ და თუ შანსი მაქვს მოგების, მიყვარს რთული პარტიაც. ეს ძალიან რთული პარტია იყო,  არცერთ სამსახურში ასეთი სირთულე არ მქონია. აქ რეალურად ხარ ყველა სფეროზე პასუხისმგებელი.  სამინისტროში მხოლოდ ინფრასტრუქტურა იყო, აქ არის ინფრასტრუქტურა, სოციალური თემატიკა, ჯანდაცვა... მიუხედავად იმისა, ეს ვის ევალება,  მნიშვნელობა არ აქვს, ვერ უხსნი ამას ადამიანს, რომ ეს არ არის მერიის კომპეტენცია, მას უნდა,  ქალაქის მერთან რომ  მოდის, მან მოუგვაროს ყველა პრობლემა...

 მთავარია, სისტემა მუშაობს, არ იყო მაშინ ასე აწყობილი სისტემა, ყოველ ორ კვირაში იცვლებოდნენ მერის მოვალეობის შემსრულებლები, აქედან გამომდინარე, თანამშრომლებს არ ქონდათ სტაბილურების განცდა, ვისთან რა უნდა შეერთანხმებინათ, არ იცოდნენ. სტაბილურობის განცდის შესაქმნელად არჩევნების შემდეგ დანიშნული სამსახურის უფროსები და მოადგილეები არ შემიცვლია, ისინი არიან ბოლომდე. მერიაში მუშაობა არ უნდა იყოს არასტაბილური და საქილიკო. მაშინ ასეთი ხუმრობა იყო, რომ ქალაქის მერს მაცივარს განვადებით არ აძლევდნენ, რადგან არასტაბილური სამსახური ქონდა. ეს შეურაცხყოფა იყო ამ ქალაქის და მე ეს დავასრულე.  ჩავატარე კონკურსები და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ყველა თვითმმართველობას შეგვიძლია შევეჯიბროთ ჩვენი შედეგებით, ამ ადამიანებმა მაღალი ინტელექტი და  პროფესიონალიზმი აჩვენეს. რა თქმა უნდა,  აქაც იყო სირთულეები, ყველა პოზიციაზე ადამიანები ვერ შევარჩიე, რადგან ეს სახელფასო პოლიტიკა ამის საშუალებას არ მაძლევდა...

 

-არქიტექტორი ბოლომდე არ გვყავდა...

-დიახ, არქიტექტორი არ გვყავს, თეორიულადაც შეუძლებელია ათას ლარად გყავდეს ძლიერი არქიტექტორი, 5 ათასი ლარი მაინც უნდა ქონდეს ხელფასი, კანონი ამის საშუალებას არ იძლევა. მე ამის მონახაზი მაქვს, ეს უნდა შეიქმნას ცალკე სტრუქტურად... 

 

-რა სირთულეები იყო ქალაქის ტერიტორიაზე არსებული ტერიტორიების გასხვისებასთან დაკავშირებით, იყო თუ არა ისეთი ქვედინებები, რომელიც ზედაპირზე არ ჩანდა?

-მე ყველა ინვესტიციას ვუწყობდი ხელს, ერთია, რომ მერია და საკრებულო ძალიან შეთანხმებულად ვმუშაობდით და პოლიტიკური კრიზისი არ ყოფილა. ქონებრივ თემებთან დაკავშირებულ რამდენიმე თემასთან დაკავშირებით იყო საზოგადოების პროტესტი, რადგან ყველასთვის მოსაწონს ვერ გააკეთებ. ჩვენ, ყოველ შემთხვევაში, ვცდილობდით ეს ყოფილიყო სამართლიანი და ქალაქის განვითარებისკენ მიმართული. შარშან "არგოსთან" დაკავშირებით იყო პროტესტი,  მაგრამ არაფერს ამბობდნენ რა პრობლემიდან წამოვიდა ეს თემა... შედეგად, კაფე მივიღეთ ქალაქში და ის ადამიანები,  ვინც აპროტესტებდნენ, ვნახავთ,  სამი -ოთხი წლის შემდეგ ივლიან ამ კაფეში, სამაგიეროდ, გადავარჩინეთ "სამი ოთარის" ძეგლი, რომ იქ შენობა არ შენებულიყო.  იგივეა "ფლამინგოსთან" დაკავშირებით, ახლა ყველას მოსწონს, რომ იქ სივრცე გამოჩდა.. თუ ვინმეს ჰგონია, რომ მარტივად ხდება ეს ყველაფერი და ქალაქის მერი მხოლოდ ძალიან კარგ რამეებს აწერს ხელს,  ასე არ არის.  ხშირად უკვე არსებული პრობლემის მოგვარების მიზნით ხდება რაღაცის დათმობა, მაგრამ ვერავინ იტყვის, რომ  ან სკვერი წავიღე, ან სხვა რამე...

ასევეა ტრანსპორტი, მოსახლეობას არ უნდა გაიზარდოს ფასი, მაგრამ ეკონომიკურად თუ მიუდგებით, მაშინ უნდა გაგვეჩერებინა ტრანსპორტი. 

 

 -რა რეაქცია გაქვთ, როდესაც "ქართული ოცნების" კანდიდატები უკვე დამტკიცებულ პროექტებზე ამბობენ, რომ პროექტი მათი არჩევის შემთხვევაში განხორციელდება, თუნდაც, კანალიზაციის პროექტი, დამოკიდებულია თუ არა მისი განხორციელება, თუ ვის აირჩევენ, თუნდაც საკრებულოში?

- ეს პროექტი უკვე რატიფიცირებულია, დონორიც მოძებნილია. კანალიზაციის პროექტი, ფაქტიურად დაწყებულია, რადგან მთავარია ფული, რომელიც უკვე არის. ვერ წარმომიდგენია, ვინ უნდა მოვიდეს, რომ კანალიზაციის პროექტის განხორციელებას ხელი შეუშალოს, როცა ქუთაისის 25 პროცენტი არ არის ცენტრალურ კანალიზაციაზე. 

 ნორმალურია, როდესაც ახალი მოდის, აგრძელებს იმას, რაც დაწყებულია. პროექტები, რომელიც დაწყებულია, გაგრძელდება, მაგალითად, წყლის სისტემის პროექტი ჩვენ დავიწყეთ და დასრულდება 2018-ში. რა თქმა უნდა, ჩვენ ერთი გუნდი ვართ, რაღაც გაგრძელდება, რაღაცას ახალს შემოიტანენ, მაგალითად, ტრანსპორტში, ჩვენ რაც შევძელით, გავაკეთეთ, რაღაც ვერ შევძელით, ახალი გუნდი ამბობს, რომ ამ საკითხს მოაწესრიგებს, რატომ შევეჭიდებით? პრობლემა არ დაილევა, მთავარია, წინ და წინ ვიაროთ.

 

 - მერობის ვადის ამოწურვის შემდეგ რა გეგმები გაქვთ,  დარჩებით თუ არა ქუთაისში?

- ჯერ არ ვიცი საბოლოოდ... მაგრამ რადგან მე პარალელურად უნივერსიტეტებში ვასწავლი, ალბათ, პირველ ეტაპზე თბილისში გადავალ,  გამომდინარე იქედან, რომ თბილისში მაქვს სამსახურები და შემოთავაზებებიც თბილისს უკავშირდება. მაგრამ ეს არ ცვლის ქუთაისისადმი ჩემს დამოკიდებულებას.  მე თბილისში ვიყავი, მინისტრის მოადგილედ როცა ვმუშაობდი და მაშინ გავაკეთე მნიშვნელოვანი საქმე ქუთაისისათვის. სადაც უნდა ვიყო, რომელ ქალაქშიც, რა პოზიციაზე, რაც შემეძლება, ყველაფერს გავაკეთ ამ ქალაქისათვის.   

 

 

 

 

 

ავტორი: ირინა მაკარიძე

ბოლო 5 წლის განმავლობაში რა მიმართულებით შეიცვალა ქვეყანაში ცხოვრების დონე?

გაუმჯობესდა - 22.38%
გაუარესდა - 63.33%
არ შეცვლილა - 14.29%
სულ - 210 ხმა