რატომ აფრთხილებენ მშობლებს ქუთაისის სკოლებში?
ბოლო პერიოდში ქუთაისში აქტიურად საუბრობენ ბავშვების გატაცების შემთხვევებზე. მიუხედავად აჟიოტაჟისა, ფაქტებზე საუბარი ყველას უჭირს. ინფორმაცია ვრცელდება სოციალური ქსელითაც.
"ნიუპრესმა" ინფორმაცია შსს-სა და განათლების რესურსცენტრში გადაამოწმა, სადაც ბავშვების დაკარგვის შესახებ ინფორმაცია არ დაადასტურეს. მოსახლეობაში დაძაბულობის თავიდან არიდების მიზნით იმ დროისათვის ინფორმაციის გავრცელებისაგან თავი შევიკავეთ.
თუმცა, შეშფოთებული მოქალაქეები კვლავ გვიკავშირდებიან. მშობლების განცხადებით, მასწავლებლები სკოლებში აფრთხილებენ, რომ მეტი ყურადღება გამოიჩინონ ბავშვების მიმართ და მათი სკოლიდან გამოყვანა სხვებს არ ანდონ. მიზეზად კი გავრცელებულ ინფორმაცია სახელდება, რომლის თანახმად, ქუთაისის რამდენიმე სკოლიდან ჯერჯერობით დაუდგენელმა პირებმა ბავშვები წაიყვანეს.
პანიკას უსაფუძვლოს უწოდებენ განათლების რესურს ცენტრში. ბადრი ვაშაკიძის განცხადებით, ის დაუკავშირდა სკოლის დირექტორებს: "ვკითხე დირექტორებს, რომ სკოლებში გაფრთხილებული ყოფილან ბავშვები, მსგავსი არაფერი ყოფილაო, მიპასუხეს, საიდან ვრცელდება ეს ამბები, არ ვიცი,"-განაცხადა ვაშაკიძემ.
ინფორმაციას არ ადასტურებენ შსს-ში. პრესსსამსახურის განცხადებით, ქუთაისში ბავშვის გაუჩინარების შესახებ მათთვის განცხადებით არ მიუმართავთ.
რაც შეეხება გავრცელებულ ვერსიებს, უცნობი პირები ავტომობილით გადაადგილდებიან, მათ სასულიერო პირების ტანსაცმელი აცვიათ, რითაც ახდენენ ბავშვებში კეთილგანწყობის მოპოვებას. სხვა ვერსიის თანახმად, იპოვეს რამდენიმე ბავშვის სხეულის ნაწილი, კერძოდ ხერხემალი. ამ მონათხრობების თანახმად, ბავშვების გატაცება ორგანოებით ვაჭრობის მიზნით ხდება.
(ფოტო არ ასახავს მასალაში მოთხრობილ ისტორიას)
ავტორი: ნიუპრესი