|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რატომ აღარ მოგვილოცავს ახალ წელს ქუთაისის უცვლელი თოვლის ბაბუა?

მსახიობობით ბავშვობაში დაინტერესდა, როდესაც ფილმებში ნანახ გმირებს აცოცხლებდა და ახლობლების აპლოდისმენტებს იმსახურებდა. ამბობს, რომ ყველა გმირი მისთვის საინტერესო იყო, განსაკუთრებით „ცისკარას“ პერსონაჟები მოსწონდა, რადგან ზღაპრები ხიბლავდა, ასე გრძლდებოდა,  ვიდრე ნამდვილ თეატარში არ მოხვდა, სადაც მისი მომავალი პროფესიაც განისაზღრა. მესხიშვილის თეატრთან დაახლოებით 50-წლიანი თანამშრომლობა აკავშირებს, არაერთი შეთვაზების მიუხედავად, ქალაქი არ დატოვა.  გვიმხელს, რომ ქუთაისში არსებული სიყვარულის გარეშე მისთვის სიცოცხლე არ ღირს. „ნიუპრესის“საახალწლო სტუმარია ქუთაისელი თოვლის ბაბუა, ავთანდილ სახამბერიძე.

„თეატრით მაშინ დავინტერესდი, როდესაც ვნახე სპექტაკლი, მანამდე ჩემთვის იყო კინო, ბავშვობაში ხარაზოვის ბაღში კინოთეატრში დავდიოდი, ყველა ფილმის გმირს ვანსახირებდი, ყველაზე მეტად „ცისკარა“ მახსოვს, რადგან ზღაპრები მიყვარდა და ყველა გმირი განსახიერებული მყავდა. რომ მაქებდნენ, არტისტი ხარო, მიხაროდა. სკოლაშიც ვანსახირებდი როლებს, კომპლექსების გარეშე ვთამაშობდი და ტაშს რომ მიკრავდნენ, ეს იყო ბედნიერება.

 თეატრს არ ვიცნობდი. მახსოვს, პირველად ვნახე „ცხოვრების ჯარა“ და „კოლხეთის ცისკარი“, იქ ისეთი მრავალფეროვნება იყო, ამდენი მსახიობი სცენაზე, ჩემთვის ახალი სამყარო გაიხსნა.

მეხუთე კლასში, როდესაც მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში მიმიყვანეს, მაშინ ვნახე, როგორ თამაშობდენ მსახიობები და ამით დაიწყო ჩემი დაინტერესება. შემდეგ მასწავლებელთა სახლში მიმიყვანეს, კონკურსი იყო, მოვეწონე ხელმძღვანელს და ასე დავრჩი. დავიწყე სპექტაკლებში თამაში, ილო ფოტოგრაფმა გადამიღო ერთ-ერთ როლზე ფოტო, ის იყო პირველი ფოტო როლში და სიამოვნებისგან დავფრინავდი. მერე უფრო კარგი მაყურებელი გავხდი, გავიცანი თეატრალები და ცოცხალ ლეგენდებთან მქონდა შეხება“,–იხსენებს  ავთანდილ სახამბერიძე.

გადაწყვიტა, პროფესიადაც მსახიობობა აერჩია. პირველი მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა, ინსტიტუტში ვერ მოხვდა, თუმცა თეატრთან ურთიერთობა არ შეუწყვეტია. ამბობს, რომ მისი პირველი წარუმატებლობაც მისთვის სიმბოლური აღმოჩნდა.

 „დავიწყე ფიქრი, რომ თეატრალურში ჩამებარებინა. იქამდე რუსთაველის თეატრში ვითამაშე, მოხუცის როლს ვანსახიერებდი, ეროსი მანჯგალაძემ არ დაიჯერა, რომ მე 17 წლის ბიჭი ვიყავი, შემოვიდა საგრიმიოროში, მნახა: „ყოჩაღ გენაცვალეო“, მითხრა და ბეჭზე ხელი მომითათუნა, ეს იყო ყველაზე დიდი შეფასება. მერე ვაბარებდი და ვერ ჩავაბარე, წავედი ჯარში, თუმცა  თეატრთან ურთიერთობა არ შემიწყვეტია. მუშაობა დავიწყე სცენაზე, დამაკავეს ეპიზოდურ როლებში და მასიურ სცენებში. შემდეგ შედგა ქუთაისის ჯგუფი, გავედი გამოცდაზე და  ჩავაბარე ინსტიტუტში, მოვხვდი დოდო ალექსიძის ჯგუფში. მერე ვამბობდი, კარგია, აქამდე რომ არ ჩავირიცხე ინსტიტუტში, თუ არა, დოდოს ჯგუფში ვერ მოვხვდებოდითქო. 23 წლის ვიყავი, რომ ჩავაბარე და მაქსიმალურად ვცდილობდი, წამომეღო ყველაფერი. ყველა ღონისძიებაში ვიყავი, ბევრი მტერიც კი გავიჩინე მაშინ, აქტიურობის გამო. წლები რომ გავიდა, მთავაზობდნენ რუსთავში გადასვლას, მაგრამ აქ დავრჩი. დავდიოდი გასტროლებზე. 1979 წელს დავბრუნდი ქუთაისში და თეატრში, სადაც ყველას ვუყვარდი. მეც ძალიან მიყვარს ეს თეატრი და ეს ადამიანები. შემდეგ ბევრჯერ იყო წასვლის მომენტი, თბილისი შემოქმედების მექაა და იქ მეტი არეალია, მაგრამ, მაინც ისევ ჩემი ქალაქი მირჩევნია, აქ იმდენ სითბოს ვგრძნობ, რომ ამ სიყვარულის გარეშე სიცოცხლეც არ მიღირს“,–განაცხადა ავთანდილ სახამბერიძემ.

მსახიობს მესხიშვილის თეატრში არაერთი როლი აქვს შესრულებული, თუმცა ამბობს, რომ აქვს განსაკუთრებული როლები, რომელთაც დღესაც დიდი სიხარულით იხსნებს. მათ შორის არის ლუკაია ლაბახია სპექტაკლიდან „ზარები გრიგალში", ასევე სტუმარი „ღია შუშაბანდში“.  ამბობს, რომ მისი თამაშის სანახავად მიდოდნენ, როგორც მაყურებლები, ასევე მსახიობები და თეატრის პერსონალი. მას შესრულებული აქვს როლები სპექტაკლებში „ცილინდრი“, „დარისპანის გასაჭირი“, „წელიწადის თორმეტი თვე“ და სხვა. ერთგულ და სახელოვან მსახიობს თეატრმა წელს 65 წლის იუბილე გადაუხადა და იუბილართან ერთად მის მიერ შესრულებული ყველა როლი გაახსენეს მაყურებელს. ავთანდილ სახამბერიძის განცხადებით, ქუთაისში კარგი მაყურებელია და მის მიმართ მეტ პასუხისმგებლობას გრძნობს. თვლის, რომ მსახობებმა მაყურებელზე არ უნდა ითამაშონ, მთავრია, მსახიობმა თავად მიიღოს სიამოვნება და ამ როლებით აუცილებლად ისიამოვნებს მაყურებელი.

კადრი სპექტაკლიდან  "ცილინდრი"

„გამორჩეული მაყურებლია, გრძნობ თითოეულის განწყობას.  მე არ მიყვარს მაყურებელზე თამაში. ის ემოცია უნდა გავცეთ, რაც აუცილებელია.  მცირე სცენაზე მაინც უფრო ჩანს ურთიერთობა,  თვალის სხივიც შეიძლება შენიშნო, არ არის ზღვარი სცენასა და მაყურებელს შორის“,–განაცხადა მსახიობმა.

ავთანდილ სახამბერიძეს მეგობრებიც გამორჩეულად ახასიათებენ, თავის თავზე და შესრულებულ როლებზე საუბარი უჭირს, მის საქმიანობაზეც მორიდებით გვიყვება.  ამბობს, რომ 25 წელია საბავშვო სტუდია აქვს და ზრდის მომავალ თაობას, ასწავლის სწორ მეტყველებას, კითხვას, აზროვნებას, სამსახიობო მანერებს.  როგორც ამბობს, თუ ყველა მსახიობი ვერ გამოვა, კარგ ადამიანებად ჩამოყალიბდებიან. ამაყობს, რომ მის ყოფილი მოწაფეები მისი კოლეგები არიან, ზოგმა კი დიდ პოლიტიკაშიც მოსინჯა ძალები. ხუმრობს, რომ ბავშვებთან ურთიერთობა და მათთვის სწავლის მეთოდი ტყუპმა ქალიშვილებმა ასწავლეს, ახლა უკვე იცის, რომ ბავშვებთან, როგორც დიდი ადამიანებთან, ისე უნდა მოიქცეს.

 გამორჩეული ხმის, მანერებისა და დარბაისელობის გამო მრავალი წელია ქალაქს თოვლის ბაბუს ამპლუაში ულოცავს ახალ წელს. წელსაც სურვილები გამორჩეული აქვს და ადამიანებს სიყვარულის და თანადგომისკენ მოუწოდებს, მაგრამ თანაქალაქელებს ახალ წელს ბაბუს როლში წელს ვეღარ მიულოცავს, რადგან ქალაქის გადაწყვეტილებით, მილოცვა პროგრამებეში ვერ მოხვდა. ამბობს, რომ ღონისძიებისთვის მოზრდილ წვერს მოიპარსავს.

„წელს აღარ მივულოცავ ქალაქს თოვლის ბაბუს სახელით. შეიძლება მოდიდან გადავიდა ქართული თოვლის ბაბუა.  უფრო გასართობი პროგრამები არის ქალაქშიო,  ასე მითხრეს. მე  ყოველ შემთხვევაში წვერი მქონდა მოშვებული და ახლა გავიპარსავ, ჩემს ქალაქს კი მთელი გულით და სულით ვლოცავ,  ვუსურვებ სიყვარულს და თანადგომას. როდესაც თოვლის ბაბუ ხარ, არაჩვეულებრივი შეგრძნებაა, აურა იცვლება, როდესაც ბავშვები და უფროსები თოვლის ბაბუს ხედავენ“, –აცხადებს მსახიობი.

საახალწლოდ გამორჩეული ტრადიცია არ აქვს.  გეგმავს სტუმარ–მასპინძლობის ტრადიცია გააგრძელოს და ახალ წელს ოჯახში და მეგობრებთან შეხვდება.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა