|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერიაში პირადი განცხადების საფუძველზე თანამდებობების დატოვების სერია გრძელდება

 ქუთაისის მერიაში გიორგი ჭიღვარიას შემდეგ საკუთარი განცხადების საფუძველზე ორი სამსახურის უფროსი წავიდა.  ოპოზიციაში მიიჩნევენ, რომ ადგილობრივ ხელისუფლებაში  გიორგი ჭიღვარიას კადრებისგან თავისუფლდებიან და საკადრო ცვლილებები მერიაში ისევ გაგრძელდება.  

გიორგი ჭიღვარიას მიერ თანამდებობის დატოვების შემდეგ ქუთაისის მერიაში საკუთარი განცხადების საფუძველზე თანამდებობა დატოვა ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა ლევან კინწურაშვილმა. ასევე საკუთარი სურვილით პოსტიდან წავიდა ზვიად ჯავახიაც,  ჯავახია შიდა აუდიტის სამსახურს ხელმძღვანელობდა. 

 ქუთაისის მერიის ოფიციალური გვერდის თანახმად, ისინი ჯერ კიდევ სამსახურის უფროსებად რჩებიან.  მათი ბიოგრაფიების თანახმად, ზვიად ჯავახიას მერიაში მუშაობის შედარებით ხანგრძლივი გამოცდილება აქვს. ის  2014 წლიდან ადმინისტრაციულ სამსახურს ხელმძღვანელობდა. ის იმ იშვიათ კადრებს შორისაა, ვინც წინა მერთან სამიანობის შემდეგ გიორგი ჭიღვარიასთან მაღალ პოზიციაზე გააგრძელა მუშაობა. ჯავახია მერიის ზედამხედველობის სამსახურს რამდენიმე წელი ხელმძღვანელობდა, მის სახელს უკავშირდება ქუთაისში გარევაჭრობის აღკვეთა. 

ლევან კინწურაშვილი ამ პოსტზე 2018 წელს დაინიშნა. მან ქუთაისის მერიაში საქმიანობა ხონის მერიიდან გააგრძელა. 

ქუთაისის მერიის პრესცენტრში აცხადებენ, რომ აღნიშნულმა პირებმა თანამდებობები პირადი განცხადების საფუძველზე დატოვეს.

"პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა თანამდებობა მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა ლევან კინწურაშვილმა, ასევე პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა თანამდებობა აუდიტის სამსახურის უფროსმა ზვიად ჯავახიამ", -განაცხადეს მერიაში. 

შექმნილ ვაკანტური პოსტების დასაკავებლად რეგლამენტი კონკურსის გამოცხადებას ითვალისწინებს. ამ დროისათვის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის მოვალეობას  სამსახურის უფროსის მოადგილე გენადი კუჭუხიძე,  ხოლო აუდიტის სამსახურის უფროსის მოვალეობას ასევე მოადგილე გაგა სანდუხაძე ასრულებს. 

თუ რას უკავშირდება პირადი განცხადების საფუძველზე თანამდებობის დატოვება, კომენტარს არ აკეთებენ თავად გათავისუფლებული ჩინოვნიკები. თუმცა ლევან კინწურაშვილისაგან განსხვავებით,  მერიის სტრუქტურაში გააგრძელებს მუშაობას ზვიად ჯავახია. ის მერიის ააიპ ბაღების გაერთიანებაში გადაიყვანეს. 

 ააიპ "ბაგა-ბაღების გაერთიანების" უფროსის დავით წიტაიშვილის განცხადებით, ზვიად ჯავახია მენეჯერის პოზიციაზე დაინიშნა.

"ეს შტატი არსებობდა, თუმცა აქამდე ამ პოზიციაზე არავინ მუშაობდა, პრაქტიკულად ეს მოადგილის რანგია,  მის მოვალეობაში შედის ბაღების  ინფრასტუქტურის მენეჯმენტი,  მოგეხსენებათ, 37 ბაღი შედის ჩვენს გაერთიანებაში" - განაცხადა დავით წიტაიშვილმა.

საკრებულოს ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" თავმჯდომარის გიგა შუშანიას განცხადებით, საკადრო ცვლილებები მერიაში გაგრძელდება. 

"ქუთაისის მერიაში ჭიღვარიას კადრებისაგან თავისუფლდებიან,  განსაკუთრებით იმ ადამიანებისაგან,  ვისაც ჭიღვარია ხან კვერცხებით, ხან საღებავებით დაარბენინებდა. როგორც ვიცით,  გასაშვებად გამზადებულია ნიკა დვალი "დასუფთავების" ააიპიდან  და ასევე "მადლიერების სახლის" უფროსმა თამთა ბაკურაძემ უკვე დაწერა განცხადება და მალე წავა თანამდებობიდან"-აცხადებს გიგა შუშანია.

მისი თქმით, პანდემიის პერიოდში ნაცვლად იმისა, რომ მოსახლეობის პრობლემების გადაჭრაზე ზრუნავდნენ, ადგილობრივ ხელისუფლებაში წინაასაარჩევნო სამზადისით და გავლების სფეროების ხელში ჩაგდებით არიან დაკავებული. 

 

 

ავტორი: ირინა მაკარიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა