|
  • EUR 1 = GEL 3.8812
  • USD 1 = GEL 3.3332
|

რატომ უხდის ბოდიშს მანანა მიქაძე პარლამენტის ვიცე-სპიკერს?

 "ქართული ოცნების" ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელის ცვლილება ერთი თვის წინ მოხდა. მანანა მიქაძე იმერეთის ვიცე-გუბერნატორმა გიორგი ჭიღვარიამ ჩაანაცვლა. ის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა,   საბოლოო გადაწყვეტილება კი პარტიის კონფერენციამ  უნდა მიიღოს.  გავრცელებული ინფორმაციით, იყო მოლოდინი, რომ  კონფერენცია ოქტომბრის თვეში გაიმართებოდა, თუმცა ამ დრომდე შეხვედრა არ ჩატარებულა.

 რატომ გახდა საჭირო საკადრო ცვლილება პარტიის ქუთაისის ორგანიზაციაში? ამის შესახებ „ნიუპრესს“ პარლამენტარმა ომარ ნიშნიანიძემ უპასუხა, რომლის თქმითაც, უკვე ყოფილი ხელმძღვანელი, მანანა მიქაძე პარტიის განვითარებას ხელს უშლიდა.

 ქუთაისის „ადგილობრივ  ორგანიზაციაში საკადრო ცვლილება რომ მზადდებოდა, საიდუმლო არავისთვის იყო, თავის დროზე, სხვათაშორის, მე გავააქტიურე ეს თემა. ამას ვაფიქსირებდი ყველგან, მაღალ დონეზე, რომ ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელების შეცვლა საჭიროა, მათ შორის ქუთაისზეც მქონდა საუბარი“,-აღნიშნა მან.

კითხვაზე, თუ რა იყო ამის მიზეზი, ნიშნიანიძემ განმარტა: „მიზეზი ის იყო, რომ ქუთაისში პარტიული ორგანიზაცია იყო ჩაკეტილი, თვითკმარი. არ ხდებოდა განახლება. რამდენიმე რეკომენდირებული კარგი კადრი დაიბლოკა პარტიის თავმჯდომარის მიერ, არ მოხდა მათი გაწევრიანება პარტიაში. თბილისში დავრეკე და იქ არ იყო საბუთები ჩასული, სად გაქრა? ქუთაისის ჩემი ქალაქია,  მე აქ ვცხოვრობ 40 წელია და მაწუხებს ეს ამბავი.  მე, მართლაც, ერთადერთ პარტიაში გავწევრიანდი. რაკი გადავდგი ეს ნაბიჯი, ჩემთვის მნიშვნელოვანია, რაც აქ ხდება“.

თანამდებობიდან ჩამოშორების მიუხედავად, მანანა მიქაძე აცხადებს,  რომ მას  პარტია არ დაუტოვებია და არც აპირებს მის დატოვებას, რაც შეეხება ნიშნიანიძის  განცხადებას,  საქმეში ჩაუხედავი ადამიანის ნაბოდვარს უწოდებს და აცხადებს, რომ მის გამო მანანა კობახიძეს ბოდიში არაერთხელ მოუხადა.

„პარტია არ დამიტოვებია და არც დავტოვებ, მე ნიშნიანიძეს არ მივუყვანივარ ამ პარტიაში. პირიქით, მე მივიყვანე იგი ამ პარტიშიაც და პარლამენტარიც ჩემი რეკომენდაციის შედეგად გახდა. მე მას 40 წელია ვიცნობ, მაგრამ ნამდვილად არ ვიცოდი, თუ არშემდგარი პიროვნება იყო, რისთვისაც არაერთხელ მოვუხადე ბოდიში ქ-ნ მანანა კობახიძეს და კიდევ ერთხელ ბოდიშს ვუხდი მის გამო.

ეს არის ავადმყოფი ადამიანის ნაბოდვარი, რომელიც საქმის კურსში არ არის,  რა ხდებოდა პარტიაში. არავინ  დაბლოკილა, ეს ტყუილია, პარტიაში მიღება შეწყდა 2014 წლის აპრილში. ქუთაისის ორგანიზაციამ ბიუროზე მიიღო 60 ადამიანი, მაგრამ მათი მიღება თბილისმა შეაჩერა. ნიშნიანიძე, როგორც ყველა საკითხში, აქაც საქმის კურსში არ არის. ქუთაისის ორგანიზაციის მიერ არავინ დაბლოკილა. რაც შეეხება რატომ არ ტარდება კონფერენციები, არ ვიცი, ვართ მოლოდინის რეჟიმში“-განუცხადა მანანა მიქაძემ „ნიუპრესს“.

 

 

ვიცე-გუბერნატორი გიორგი ჭიღვარია, რომელმაც მანანა მიქაძე ამ პოსტზე ჩაანაცვლა, აცხადებს, რომ ჯერჯერობით  მხოლოდ  მოვალეობის შემსრულებლია და რაც გულისხმობს იმას, რომ ორგანიზაციაში არანაირი ცვლილება  არ განუხორციელებია. 

„ძალიან მალე იქნება კონფერენცია და ამის შემდეგ შეიძლება გესაუბროთ გეგმებზე, ჯერჯერობით კი მხოლოდ მოვალეობის შემსრულებელი ვარ“,-განგვიცხადა ჭიღვარიამ.  ჭიღვარია ვერც კონფერენციის ჩატარების ზუსტ თარიღს ასახელებს, თმცა იცის, რომ  ანუ კონფერენცია მიმდინარე თვეში უნდა ჩატარდეს.

ორგანიზაციაში არც ახალი კადრების მიღება მიმდინარეობს, ერთადერთი ცვლილება რაც მოხდა, ოფისის შეცვლაა. 

როდის გაიმართება კონფერენცია, ამის შესახებ ზუსტი პასუხი არც პარლამენტარ ნიშნიანიძეს აქვს. მისი  განცხადებით, კონფერენცია ჯერ კიდევ ოქტომბერში უნდა გამართულიყო, რის შემდეგაც გამოცოცხლდებოდა პარტიული მუშაობა. შეფერხების გამო ნიშნიანიძე უკმაყოფილებას პარტიის აღმასრულებელი მდივანის, ირაკლი კობახიძის მიმართაც გამოთქვამდა და მას ტემპის დაჩქარებას თხოვდა:

 „პარტიის კონფერენცია ოქტომბერში იყო დაგეგმილი, მაგრამ გავიდა ეს თვეც და ჯერ კონკრეტული თარიღი ცნობილი არ არის. ჩვენ ადრე გვქონდა მოლოდინი, რომ მაისში დასრულებულიყო საკადრო ცვლილებები და ივნისში ჩვენ შერჩეული უნდა გვყოლოდა რეგიონალური ორგანიზაციის ხელმძღვანელები.  არ მინდა ვიფიქრო, რომ  ხელოვნულად ჭიანურდება ეს პროცესი. რა მოუცლელობაა  ასეთი?  არჩევნები კარს მოგვადგა და ჯერ პარტიის მონახაზიც კი ვერ შევქმენით. თუ სულ ვიძახეთ, ხვალ იქნება,ზეგ იქნება, გავიდა ამასობაში ეს 4 წელი.  ამ დროს  სხვა პარტიები თავის საქმეს აკეთებენ“, - განაცხადა მან.

ნიშნიანიძე ქუთაისის ორგანიზაციის ახალი ხელმძღვანელის შესახებაც აფიქსრებს თავის პოზიციას: „ადგილოვბრივ  ორგანიზაციაში საკადრო ცვლილება რომ მზადდებოდა, საიდუმლო არავისთვის   იყო, ისიც ვიცოდი ვინ მოიაზრებოდა ამ პოსტზე.  გიორგი ჭიღვარია  რომ ინიშნებოდა, ამის შესახებ მაშინ გავიგე, როცა ეს უკვე აქტიურ ფაზაში გადავიდა. გიორგი ჭიღვარია ჩემი სტუდენტი იყო, ჭკვიანი ბიჭია“, -განაცხადა ნიშნიანიძემ.  ადასტურებს, რომ ჭიღვარიას პარტიული მუშაობის გამოცდილება არ აქვს, თუმცა იმედოვნებს,  ორგანიზაციის მომავალი თავმჯდომარე  მენეჯერულ ნიჭს გამოავლენს და სამუშაო პროცესში სხვებასაც აქტიურად ჩართავს.

 

 

 

    

 

 

ავტორი: ირინა მაკარიძე

როგორ აფასებთ ქუთაისის მერიის საქმიანობას?

დადებითად - 40.38%
უარყოფითად - 50%
მიჭირს პასუხის გაცემა - 9.62%
სულ - 104 ხმა