|
  • EUR 1 = GEL 3.3476
  • USD 1 = GEL 2.9562
|

როდის გამოჩნდება ქუთაისში მუნიციპალური ტრანსპორტი?

ქუთაისის მერიაში გაკეთებული ოფიციალური განცხადებების თანახმად, ქუთაისში მუნიციპალური ტრანსპორტი მიმდინარე წლის მარტში უნდა გამოჩენილიყო. მუნიციპალური განვითარების ფონდს ქუთაისისათვის 60 ახალი ავტობუსი უნდა გადმოეცა. ფონდმა საქართველოს 6 მუნიციპალიტეტისათვის ავტობუსების შესაძენად  ტენდერი გამოაცხადა და გამარჯვებული კომპანიაც გამოავლინა, რომელსაც აქვტობუსების შეძენა უნდა მოეხდინა.

ქუთაისის მერიაში ამ დროისათვის ინფორმაციას არ ფლობენ, თუ როდის მიიღებს ქალაქი მათთვის განკუთვნილ ავტობუსებს.

 ქუთაისის მერიის შპს  "ქუთაისის სატრანსპორტო კომპანიის" ხელმძღვანელის გიორგი გიორგობიანის ინფორმაციით, ეს ავტობუსები  თურქეთში უნდა დამზადდეს, და რადგანაც გაჩერებულია საწარმოები, შესაბამისად,  ავტობუსების დამზადება არ მომხდარა.  

 "დღეის მდგომარეობით, პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების გამო გაჩერებული გვაქვს ურთიერთობები, მიმოწერა და ამ დროისათვის არ გვაქვს ინფორმაცია, თუ რა ეტაპზეა ჩვენთვის განკუთვნილი ავტობუსების დამზადების პროცესი. მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულ ფირმას "ოტოკარს" ავტობუსების ჩამოყვანა თურქეთიდან უნდა მოეხდინა, ეს ავტობუსები იქ სპეციალურად ჩვენთვის უნდა დამზადდეს.   მოგეხსენებათ, პირველ ეტაპზე 10 ავტობუსი უნდა მივიღოთ", - განაცხადა გიორგი გიორგობიანმა. 

მისი თქმით, შეჩერებულია ავტოპარკის მშენებლობის პროცესიც, რომელიც ქუთაისში სულხან-საბას გამზირზე დაიგეგმა.

  "გამოვლენილია გამარჯვებული კომპანია. როგორც კი აქტიურად გაიხსნება სამშენებლო სამუშაოები, ჩვენც  მოვიკითხავთ ამ საკითხს" , - განაცხადა გიორგობიანმა.

მისი თქმით, დღეს რომ მიიღოს მთავრობამ გადაწყვეტილება საქალაქო ტრანსპორტის მუშაობის აღდგენის, ქუთაისში ისევ ძველი ტრანსპორტი ამუშავდება.

შეგახსენებთ, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა  საქართველოს ექვსი მუნიციპალიტეტისთვის - ქუთაისის, გორის, თელავის, ზუგდიდის, რუსთავისა და ფოთისთვის ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მიერ გამოყოფილი სესხით ახალი ავტობუსების შესყიდვის გადაწყვეტილება მიიღო. აღნიშნული პროექტის სავარაუდო ღირებულებაა 19 მილიონი ევრო.

 

 ქუთაისში 60 ახალი ავტობუსი 2020 წლის დასაწყისში შემოვა

 

ავტორი: ირინა მაკარიძე