|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

როგორ აფასებს მოსახლეობა ქუთაისის საკრებულოს მაჟორიტარების მუშაობას?

2014  წლის 15  ივნისის არჩევნებზე მოსახლეობამ ახალი თვითმმართველობა აირჩია. საკრებულოში საარჩევნო სიით გასული წევრების გარდა  10 სამაჟორიტარო ოლქის მიერ არჩეული დეპუტატებით დაკომპლექტდა.

„ნიუპრესი“ დაინტერესდა,  არჩევიდან ორი წლის ვადაში, რამდენად  შესრულდა ის დაპირებები, რითაც მაჟორიტარმა დეპუტატებმა წინასაარჩევნო პერიოდში ამომრჩევლის გული მოიგეს.  ამჯერად ჩვენ საფიჩხიისა და ნიკეას ქუჩის მცხოვრებლები გამოვკითხეთ.                                                                                                                            

2014  წლის თვითმმართველობის არჩევნების დროს  ნიკეას  დასახლებაში 20 000 ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული. ამომრჩეველთა უმრავლესობამ წარდგენილი კანდიდატებიდან მხარი „ქართული ოცნების“ კანდიდატს,  ირმა პეტრიაშვილს დაუჭირა და მაჟორიტარი დეპუტატის მანდატით აღჭურვა.  მოგვიანებით კი, პეტრიაშვილი ქუთაისის საკრებულოში კულტურის, განათლების, ახალგაზრდობის საქმეთა და სპორტის კომისიის თავმჯდომარედ აირჩიეს.  ნიკეას მოქმედი მაჟორიტარი ამბობს, რომ ის ნიკეას ქუჩის მცხოვრებლებს კარგად იცნობს, ყოველდღიურად აქვს შეხვედრები მოქალაქეებთან და მათ პრობლემებს ეტაპობრივად განიხილავს.

„ნიუპრესი“ ადგილობრივებსაც გაესაუბრა.

„არ ვიცი,  ვინ არის ნიკეას უბნის მაჟორიტარი და არც  სურვილი მაქვს, გავიგო. არც ის ვიცი, რა დაპირებით მოვიდა. ყველა თავისი კეთილდღეობისთვის იბრძვის. 65 წლის  ვარ, სოციალურად დაუცვლის სტატუსი  იმიტომ მომიხსნენს, რომ სოფელში  დანგრეული სახლი მაქვს. წყლის,  გაზისა და  ელექტროენერგიის  გარეშე. ჩემი შვილიშვილის ავადმყოფობის გამო  უკიდურესად გაჭირვებულები ვართ. მე და ჩემი მეუღლე ვზრდით ბავშვს, შემოსავალი არ გვაქვს. მხოლოდ პენსიით ვარსებობთ და ისიც ნახევარი  ბავშვის წამლებში იხარჯება. ახლაც პენსიის ასაღებად მივდივარ, თანხის ნაწილით ვალი უნდა გავისტუმრო,  დანარჩენით კი წამლები  ვუყიდო ბავშვს. ანტიბიოტიკის გარეშე ვერ ძლებს. თუ მაჟორიტარიტარია, მოვიდეს და იკითხოს, რა გვიჭირს, რა დღეში ვართ. მხოლოდ არჩევნების დღეს რომ შეგვკრიბავენ, შემდეგ არავის ვახსენდებით“,- აცხადებს ნიკეას ქუჩის მცხოვრები  თამარ უგულავა.

„ქალბატონ ირმას ვიცნობთ, წინა მაჟორიტარის,  მერაბ ბარათაშვილისგან განსხვავებით უფრო ყურადღებიანია. ასრულებს თავის დანაპირებს, ვაცადოთ და უფრო მეტ კარგ საქმეს გააკეთებს“,- გვითხრა ნიკეას ქუჩის მცხოვრებმა ნათია ზარნაძემ.

„ნამდვილად არ ვიცი, ვინ არის მაჟორიტარი, ან რა საჭიროა უბნის მაჟორიტარის ყოლა. მე მათი მუშაობის შედეგი  ვერც ერთ უბანს შევატყვე. ტყუილად გაეზარდათ შემოსავალი“,-აღნიშნა ნიკეას ქუჩის მცხოვრებმა ირაკლი სარიშვილმა.

„როგორ ყურადღებასაც იჩენენ  ჩვენს მიმართ,  ასეთ  ყურადღებას გამოვიჩენთ ჩვენც.  არცერთი დაპირება არ შეუსრულებიათ. მოსახლეობის  უმრავლესობა არ აპირებს არჩევნებზე მისვლას.  ვინც მივალთ,  ყველა კანდიდატს გადავხაზავთ“,- აღნიშნა ნანული თავაძემ.

„რამდენჯერმე მივმართეთ  ქალბატონ ირმას დახმარების თხოვნით ნიკეას #44 ა ბინის მცხოვრებლებმა. პრობლემა გვქონდა წყალთან დაკავშირებით, ასევე გვინდოდა ბავშვებისთვის ატრაქციონები მოეწყოთ. რაღაცეებში დაგვეხმარა და  დაგვპირდა, რომ ნელ-ნელა ყველა პრობლემას მოაგვარებდა. მე პირადად, დადებითად შევაფასებდი მის 2 წლიან მუშაობას“,- განაცხადა ნიკეას ქუჩის # 44 ა ბინის მცხოვრებელმა.

დეპუტატი ირმა პეტრიაშვილი აცხადებს, რომ ის მაქსიმალურად ცდილობს მოუსმინოს  მოქალაქეებს  და განიხილოს  მათი პრობლემები. პეტრიაშვილის განცხადებით,  ადამიანები ძირითადად ჯანმრთელობის პრობლემების გამო მიმართავენ მას.

„პირადად მე,  ყოვედღიურად მაქვს  მოქალაქეების  მიღება.  ყოველდღიურ რეჟიმში ვუსმენ და განვიხილავ იმ პრობლემებს, რომლებიც მათ აწუხებთ. ჩემთან ძირითადად მოდიან ჯანმრთელობის პრობლემებთან დაკავშირებით, ასევე პრობლემა იყო წყალგაყვანილობის კუთხით.  რამდენიმე დღის წინ მქონდა შეხვედრა მოსახლეობასთან და წარვადგინე ანგარიში  ორი წლის მუშობის შესახებ“,-აღნიშნა პეტრიაშვილმა.

ირმა პეტრიაშვილი მოქალაქეებისგან განსხვავებით უბნის სამაჟორიტარო  სისტემით მუშაობას დადებითად აფასებს  და ამბობს, რომ მოსახლეობას უნდა ყავდეს  თავისი არჩეული წარმომადგენელი თვითმმართველობაში, ვისი იმედიც ექნებათ და ვინც დაეხმარებათ სხვადასხვა პრობლემის მოგვარებაში. მისივე თქმით, კარგი იქნება, თუ ეს სისტემა შენარჩუნდება.

  თვითმმართველობებში მაჟორიტარი დეპუტატის მუშაობის მნიშვნელობაზე საუბრობს ნიკა ლატარიაც, საფიჩხიის უბნის მაჟორიტარი, რომელიც ამავე დროს ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეცაა.

ლატარია აღნიშნავს, რომ  ის სისტემატურად ხვდება მოსახლეობას და ისმენს მათ პრობლემებს. დეპუტატის განცხადებით, პრობლემების  ნაწილის მოგვარება ქალაქის ხელისუფლების წარმომადგენლების მხარდაჭერით, შეძლო.

 დეპუტატის მუშაობას არაერთგვაროვნად აფასებენ ადგილობრივები.

„არცერთ მაჟორიტარს დაპირება არ შეუსრულებია. მე გახლავართ ტყიბულის ქუჩის მცხოვრები. უკვე უამრავი წელია, ვითხოვთ ტყიბულის ქუჩის რეაბილიტაციას. ვართ საშინელ მდგომარეობაში, თითქოს მოწყვეტილი ვართ სამყაროს, სასწრაფო ვერ მოდის, საზოგადოებრივი ტრანსპორტით ვერ ვსარგებლობთ. ძალიან ცუდ დღეში ვარ იქნებ მოგვაქციონ ყურადღება“,-აღნიშნა ტყიბულის ქუჩის მცხოვრებმა ზეინაბ ბურჯანაძემ.

„პირადად მე, კმაყოფილი ვარ საფიჩხიის მაჟორიტარის მუშაობით. ძალიან ბევრ რამეში დაგვეხმარა. კარგი იქნება, თუ კლდიაშვილის ქუჩაზე ტროტუარებსაც მოგვიწესრიგებს“,-განაცხადა გენადი სამხარაძემ.

„არ მაქვს ინფორმაცია, ვინ არის საფიჩხიის მაჟორიტარი და ვერც ცვლილებებს ვამჩნევ“,-აღნიშნა საფიჩხიაზე მცხოვრებმა  ნინუცა გველესიანმა.

საფიჩხიის მაჟორიტარის ნიკა ლატარიას განცხადებით, აღნიშნულ პრობლემებს იცნობს.

„ჩემთვის ცნობილია, რომ ტყიბულის ქუჩაზე მოსახლეობა ცუდი გზის გამო შეწუხებულია.  ეს პრობლემა ტყიბულის ქუჩის მცხოვრებლებს მომავალ წელს აღარ ექნებათ. უამრავი პროექტი ხორციელდება საფიჩხიაზე ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით. ბევრი კიდევ გასაკეთებელია, რისთვისაც საჭიროა თანხების მოძიება და იმედი გვაქვს, მომავალ წელს საფიჩხიაზე გზის პრობლემა სრულად მოგვარდება. ორი წლის განმავლობაში საკმაოდ მასშტაბური პროექტები განხორციელდა. გაკეთდა რამდენიმე ქუჩა, ახლა ვიწყებთ ტროტუარების მოწესრიგებას. ჩემი წინასაარჩევნო დაპირებებიდან ნაწილი შევასრულეთ. ვდებ პირობას, რომ მომავალ წელს საფიჩხიაზე გზის პრობლემა აღარ იქნება“,-განაცხადა დეპუტატმა.

გამოკითხული ორი უბნის მაგალითზე დეპუტატები თავიანთ საქმიანობას დადებითად აფასებენ.  არიან ადამიანები, რომლებიც ამ აზრს იზიარებენ.   მოსახლეობის ნაწილი  კი ზოგადად, მაჟორიტარის ფუნქციას  ვერ ხედავს, ნაწილმა  კი მათი მაჟორიტარის ვინაობაც კი არ იცის.  მაჟორიტარებს წინასაარჩევნო დაპირებების შესასრულებლად 2  წელი დარჩათ. მოახერხებენ, თუ არა ამ დროში ქუთაისის მათთვის მანდატით დაკისრებული მოვალეობის შესრულებას, ამას დრო გვიჩვენებს.

 

 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა