|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

როგორ დავიცვათ თავი ტრეფიკინგისგან?

“ადამიანით ვაჭრობა, ტრეფიკინგი, განიხილება, როგორც მონობის თანამედროვე, სახეშეცვლილი ფორმა. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143/1 მუხლის მიხედვით, აღნიშნული დანაშაული მოიცავს პირის ძალისმიერი, მოტყუებითი ან იძულების სხვა საშუალებებით გადაბირებას, ტრანსპორტირებას, გადაყვანას, შეფარებას ან მიღებას ექსპლუატაციის მიზნით, რომელშიც მოიაზრება როგორც კომერციულ-სექსუალური, ასევე შრომითი ექსპლუატაცია”, - ვკითხულობთ შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე.

აღნიშნული სამინისტრო ერთ-ერთი პასუხისმგებელი უწყებაა, იუსტიციის სამინისტროსთან ერთად, რომელიც ტრეფიკინგის აღმოფხვრაზე მუშაობს საქართველოში. საგარეო საქმეთა სამინისტრო იმ შემთხვევაში ერთვება, თუ უცხოეთში ჩვენი ქვეყნის მოქალაქეს ეხება ეს საკითხი.

შსს-ს ინფორმაციით, ყოველ წელიწადს მსოფლიოში, საშუალოდ, ორიდან ოთხ მილიონამდე ადამიანი ხდება ტრეფიკინგის მსხვერპლი, მათგან 70% ქალები და ბავშვები არიან.  ხშირ შემთხვევაში, ისინი საზოგადოების ყველაზე დაუცველ ფენას წარმოადგენენ.

თუ რა ტიპის დანაშაულები იკვეთება, როდესაც ტრეფიკინგზეა საუბარი, იუსტიციის სამინისტრო გვპასუხობს:

„ტრეფიკინგი კომპლექსური  და ტრანსნაციონალური დანაშაულია. დანაშულის განხორციელება შეიძლება დაიწყოს ერთ სახელმწიფოში, გაგრძელდეს მეორეში, ხოლო პირის ექსპლუატაცია განხორციელდეს მესამე სახელმწიფოში. დანაშაული შეიძლება გამოხატული იყოს ადამიანის ყიდვა-გაყიდვაში, ან მის მიმართ სხვა უკანონო გარიგების განხორციელებაში, ან ექსპლუატაციის მიზნით სხვადასხვა ხერხებით (იძულებით, მოტყუებით, შანტაჟით, სხვ.) სხვა სახის მართლსაწინააღმდეგო ქმედებაში (მაგალითად, ტრანსპორტირება, გადაყვანა, შეფარება, სხვ.).

ხშირად ტრეფიკინგის მოიხსენიებენ, როგორც მონობის თანამედროვე ფორმას. პირის მიმართ განხორციელებულ ექსპლუატაციას ახასიათებს ისეთი ქმედებები, როგორიცაა იძულებით პროსტიტუციაში, ან ანტისაზოგადოებრივ საქმიანობაში ჩაბმა, ანაზღაურების გარეშე, ან არაადეკვატური ანაზღაურებით იძულებითი შრომა, დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის იძულება, მონობის მსგავს მდგომარეობაში ჩაყენება, რომელიც გამოიხატება, რიგ შემთხვევაში, პასპორტის ჩამორთმევაში, ან გაკონტროლებაში, გადააგდილების თავისუფლების შეზღუდვაში, ახლობლებთან კომუნიკაციის აკრძლავასა და სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებაში.

გარდა ამისა,  ტრეფიკინგის ბუნებიდან გამომდინარე დანაშაულის ფარგლებში შეიძლება განხორციელდეს საზღვრის უკანონო კვეთა, ყალბი საბუთების დამზადება, მიგრანტის საზღვარზე უკანონო გადაყვანა, ანაზღაურების გარეშე ან არაადექვატური ანაზღაურებით შრომის იძულება, პროსტიტუციაში ჩაბმა ან პროსტიტუციისათვის ადგილის გადაცემა, იძულებითი მათხოვრობა და სხვა“, - აცხადებენ ისტუციის სამინისტროში.

რა ტიპის ტრეფიკინგი გვხვდება საქართველოში?

არასამთავრობო ორგანიზაცია „მიგრაციის ცენტრის“ აღმასრულებელი დირექტორი გიორგი გოგიშვილი ამბობს, რომ საქართველოში ყველაზე მეტად გავრცელებულია ორის ტიპის ტეფიკინგი: სექსუალური და შრომითი ექსპლუატაცია. ჯერ გამოვლენილი სხვა არ ყოფილა. ყველაზე რისკიან რეგიონად კი აჭარას ასახელებს, სადაც მისმა ორგანიზაციამ ტრეფიკინგის წინააღმდეგ კამპანია აწარმოა.

„ძირითადად, მაინც აჭარა გვევლინება ტრეფიკინგის რეგიონად. პროსტიტუციის დანაშაულში ჩაბმულები არიან, არა საქართველოს, არამედ უცხო ქვეყნის მოქალაქეები. ბოლოს ტაჯიკეთის მოქალაქე დააკავეს. დამნაშავეს 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ეს არის ნათელი მაგალითი იმისა, რომ საკანონმდებლო რეგულაცია გვაქვს და საკმაოდ სწრაფად რეაგირებენ სამართალდამცავები. ჩვენ ტრეფიკინგის მსხვერპლს დაცვის ცენტრში ვამისამართებთ, თუ მოგვმართავს. ფონდი ათავსებს თუ ამის საჭიროება ხდება 3-თვიდან 6-თვემდე თავშესაფარში. მათი ადგილსამყოფელი გასაიდუმლოებულია“, - აღნიშნავს გოგიშვილი.

მისი თქმით, უნდა გავყოთ საქართველოს ტერიტორიაზე და საქართველოს ფარგლებს გარეთ, ჩვენი მოქალაქეების მიმართ ჩადენილი დანაშაული. როგორც წესი, სექსუალური სახის ტრეფიკინგი ჩადენილია უცხო ქვეყნის მოქალაქეების უკრაინის, ტაჯიკეთის, რუსეთის, ყირგიზეთის მიმათ, ხოლო საქართველოს მოქალაქეებს უმეტესწილად შრომითი ექსპლუატაციის მსხვერპლი არიან. აქედან გამომდინარე თავდაცვის მექანიზმები განსხვავებულია.

„საქართველო თავისი გეოპოლიტიკური მდებარეობის გათვალისწინებით წარმოადგენს ტრეფიკინგის როგორც წამომშობ, ისე ტრანზიტულ და დანიშნულების სახელმწიფოს, რაც იმას ნიშნავს, რომ სამართალდამცავთა მიერ იდენტიფიცირებული ტრეფიკინგის ფაქტების თანახმად ტრეფიკინგის მსხვერპლნი ხდებიან საქართველოს მოქალაქეები საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები საქართველოში.

ქართველი სამართალდამცავთა მიერ იდენტიფიცირებულია როგორც შრომითი, ისე სექსუალური ექსპლუატაციის ფაქტები, თუმცა, აღსანიშნავია, რომ საქართველოში არ ფიქსირდება ორგანოებით ვაჭრობის შემთხვევები“, - აცხადებენ იუსტიციის სამინისტროში.

რას აკეთებს სახელმწიფო ტრეფიკინგისგან თავის დასაცავად?

ადამიანით ვაჭრობასთან ბრძოლის სახელმწიფო პოლიტიკის განმსაზღვრელ ძირითად ორგანოს წარმოადგენს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი საუწყებათშორისო საკოორდინაციო საბჭო, რომელსაც ხელმძღვანელობს იუსტიციის მინისტრი. საბჭო ასევე მონიტორინგს უწევს სახელმწიფო უწყებების მიერ ეროვნული თუ საერთაშორისო ვალდებულებების ეფექტიან შესრულებას და სახელმწიფო პოლიტიკის გაუმჯობესების მიზნით შეიმუშავებს რეკომენდაციებს.

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ტრეფიკინგთან ბრძოლა ჯერ კიდევ 2003 წლიდან დაიწყო ტრეფიკინგის კრიმინალიზაციით. 2014 წლის მაისში გადაიხედა სისხლის სამართლის ის ნორმა, რომელიც აწესებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ტრეფიკინგის დანაშაულისათვის. 2014 წლიდან შინაგან საქმეთა სამინისტროში შეიქმნა და ფუნქციონირებს 4 მობილური ჯგუფი, რომელიც დაკომპლექტებულია 2-2 დეტექტივ-გამომძიებლისაგან და მათ მთავარ ამოცანას წარმოადგენს ტრეფიკინგის ფაქტების პროაქტიული გამოვლენა, ტრეფიკინგის რისკის შემცველი ადგილების შემოწმება, იქ დასაქმებულ პირთა და დეპორტირეპულ საქართველოს მოქალაქეთა გამოკითხვა და სხვა პროაქტიული ღონისძიებების გატარება;

2015 წლის აგვისტოში თბილისისა და ბათუმის თავშესაფარში დამატებულ იქნა ძიძების შტატი, რომელიც უზრუნველყოფს არასრუწლოვნისათვის შესაბამისი მოვლას, ამასთან, დამტკიცდა არასრულწლოვნის საჭიროებებზე მორგებული ინდივიდუალური რეაბილიტაცია-რეინტეგრაციის გეგმა.

2006 წლიდან ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდი ტრეფიკინგის მსხვერპლებს, დაზარალებულებსა და მათზე დამოკიდებულ არასრულწლოვვან პირებს სთავაზობს შემდეგი სახის მომსახურებებს: ბათუმისა და თბილისის თავშესაფრებით სარგებლობას; უფასო იურიდიული კონსულტაცია და სასამართლოში წარმომადგენლობა; უფასო სამედიცინო და ფსიქოლოგიური მომსახურებას; რეაბილიტაციისა და რეინტეგრაციის პროგრამებს; ერთჯერად 1000 ლარიან კომპენსაციას.

„აღსანიშნავია, რომ თავშესაფრით სარგებლობის ვადა წარმოაგენს 3 თვეს, თუმცა საჭიროების გათვალისწინებით შესაძლებელია ვადის გახანგრძლივება.

ამასთან, თანაბარი სერვისებით სარგებლობენ უცხო ქვეყნის მოქალაქე, მოქალაქეობის არმქონე პირი და საქართველოს მოქალაქე ტრეფიკინგის მსხვერპლი და დაზარალებული. დამატებით, უცხო ქვეყნის მოქალაქე, მოქალაქეობის არმქონე ტრეფიკინგის მსხვერპლსა და დაზარალებულზე გაიცემა დროებითი ბინადრობის ნებართვა, რათა იგი საქართველოში ლეგალურად იმყოფებოდეს“, - ნათქვამია „ნიუპრესისთვის“ იუსტიციის სამინისტროდან მოწოდებულ ინფორმაციაში.

რაც შეეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს, ის მოსახლეობას აფრთხილებს თუ იქნებიან ტრეფიკინგის მსხვერპლი ან ექნებათ ინფორმაცია ტრეფიკინგის დანაშაულის თაობაზე,  შემდეგ საკონტაქტო მონაცემებზე უნდა დარეკონ: 112 - უფასო ცხელი ხაზი 24 საათის განმავლობაში; 2 411 714 - ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი, ტრეფიკინგისა და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს ცხელი ხაზი; 2 100 229 - ადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა და დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის ცხელი ხაზი

როგორ დავიცვათ თავი ტრეფიკინგისგან. რეკომენდაციები.

 „მიგრაციის ცენტრის“ აღმასრულებელი დირექტორი გიორგი გოგიშვილის თქმით,  ერთ-ერთი აუცილებელი პირობა, როგორ შეიძლება თავი დავიცვათ ტრეფიკინგისგან, ინფორმაციის გადამოწმებაა.

„როგორც წესი, ადამიანები მიმზიდველი შემოთავაზებების მსხვერპლი ხდებიან. ცოტა შრომა, მეტი ანაზღაურება. ყოველგვარი პრობლემისგან გათავისუფლება. ვიზას თავად უკეთებენ. ძალიან მარტივად უხატავენ გამგზავრების და შემდეგ უკვე იქ საქმიანობის პროცესს. მაღალ შემოსავალს. აქ უკვე ეჭვი ჩნდება, რომ დანაშაულთან შეიძლება გვქონდეს საქმე. არავინ თუ არ სთავაზობთ წერილობით ხელშეკრულებას. ჩნდება ეჭვი. რატომ? პირველ რიგში, ინფორმაციის სანდოობის გადამოწმებაა მნიშვნელოვანი.

უმეტესწილად, ჩვენი მოქალაქეები მსგავსი დანაშაულის მსხვერპლები არიან თურქეთში.  მათ არავინ სთავაზობს ლეგალურ დასაქმებას. ხელშეკრულებები არ იდება. თვითონაც შეგნებულად მიდიან ასეთ შეთავაზებებზე, ამიტომ აქედან თავის დაცვა ძალიან რთულია. შეიძლება ადგილზე დააკვირდნენ, მოსთხოვონ ყოველ კვირა ანაზღაურება. თუ არ მისცემენ პირველ კვირას, მეორე  კვირა აღარ იმუშაონ“, - ამბობს გოგიშვილი. 

„მიგრაციის ცენტრის“ აღმასრულებელი დირექტორი აღნიშნავს, რომ თურქეთში წასულებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ტელეფონის ნომერია 157. მისი თქმით, ეს არის სპეციალური ნომერი, რომელზეც შეუძლია ყველა მოქალაქეს დარეკვა, ვინც რუსულად, პოლონურად ან სხვა ენებზე საუბრობს. მასზე პასუხისმგებლობას იღებს მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია და ადგლობრივი მთავრობა, შესაბამისად, ამ ნომერზე დარეკვის არ უნდა შეეშინდეთ.

 

„მსხვერპლის ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია ხდება. ადგილობრივი ხელისუფლება მას დროებით სტატუსსაც ანიჭებს, ასე რომ არ უნდა შეშინდნენ  ამ ტელეფონით სარგებლობისას. თუ საქართველოში მგზავრობას დააპირებენ, მგზავრობის ხარჯებიც უზრუნველყოფილი იქნება. დოკუმენტების ასლები აუცილებად უნდა იყოს საქართველოში ვინმესთან. უნდა იცოდნენ, სად მიემგზავრება პიროვნება, ადგილის ცვლილების შემთხვევაში, აუცილებლად შეატყობინოს ოჯახის წევრს და ასე შემდეგ“ - აღნიშნავს გიორგი გოგიშვილი.

იუსტიციის სამინისტროს, როგორ უნდა დაიცვან თავი მოქალაქეებმა ტრეფიკინგისგან, ასეთი რეკომენდაციები აქვს:

„მიზანშეწონილია, რომ მათ სავარაუდო ტრეფიკინგის ფაქტის არსებობის შემთხვევაში შეატყობინონ შესაბამის სამართალდამცავ ორგანოს ან/და ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდს.

დამატებით, დასაქმების შემოთავაზებისას მოქალაქემ აუცილებლად უნდა მოითხოვოს წერილობითი კონტრაქტი, გააცნოს კონტრაქტი იურისტს, რომლის მომსახურებასაც სთავაზობს ფონდი უსასყიდლოდ და მხოლოდ ამის შემდგომ დათანხმდეს კონტრაქტის პირობებს.

ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ საზღვარგარეთ დასაქმების შემთხვევაში მოქალაქემ პირადი საიდენტიფიკაციო დოკუმენტები (პასპორტი) თავად შეინახოს და არავის ანდოს. რეკომენდებულია, საიდენტიფიკაციო დოკუმენტის ასლის გადაღება და შენახვა.

რეკომენდებულია, რომ საზღვარგარეთ წასვლის შემდგომ მოქალაქემ კავშირი იქონიოს ადგილობრივ საკონსულო/საელჩო წარმომადგენლობასთან, ვინაიდან უცხო სახელმწიფოში სწორედ საელჩო ან საკონსულო წარმომადგენლობა ახორციელებს საქართველოს მოქალქეთა ინტერესებისა და უფლებების დაცვას. სასურველია, საკონსულო აღრიცხვაზე დადგომა.

არავინ შეიძლება დაექვემდებაროს შრომით ან სექსუალურ ექსპლუატაციას იმის გამო, რომ იგი არალეგალურად იმყოფება სხვა სახელმწიფოში და მისი დამსაქმებელი ახორციელებს ფსიქოლოგიურ ზეწოლას, შანტაჟს დეპორტაციის საფუძვლით. დეპორტაცია არ არის დანაშაული, რიგ შემთხვევაში, დეპორტაცია შეიძლება ტრეფიკინგისგან თავის დახსნის საშუალებაც კი იყოს.

ამასთან, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საქართველოს კანონმდებლობა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლებს ტრეფიკინგის მსხვერპლს საზღვრის უკანონო კვეთისა და ყალბი დოკუმენტის დამზადებისათვის, თუ მას აღნიშნული დანაშაულები ჩადენილი აქვს ტრეფიკინგის მსხვერპლობის პირობებში ან მისგან თავის დაღწევის მიზნით.

შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ მოქალაქემ მიიღოს ყველა გონივრული ზომა და ითანამშრომლოს სახელმწიფო ორგანოებთან, რათა არც თავად გახდეს ტრეფიკინგის მსხვერპლი და სხვასაც აარიდოს თავიდან დანაშაული“, - ურჩევს მოქალაქეებს იუსტიციის სამინისტრო.

ავტორი: ცისანა შერგილაშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა