|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

როგორ გადაჭრა ბათუმმა უწყლობის და ზღვის დაბინძურების პრობლემა ევროკავშირის დახმარებით

 დაბა ჩაქვში, მრავალსულიან ოჯახში მცხოვრები ნინო ქათამაძე ამბობს, რომ სასმელი წყლის 24-საათიან უწყვეტ მომარაგებასა და სისუფთავეს მისთვის, ისევე როგორც დანარჩენი მოსახლეობისთვის, დიდი მნიშვნელობა აქვს. ამ დასახლებაში ვიდრე წყალმომარაგების ახალ სისტემაზე გადავიდოდნენ, ნინო ამბობს, რომ წყლის ჭავლი ტანსაცმლისა თუ ჭურჭლის სარეცხი მანქანის ჩართვას არ ჰყოფნიდა. წყალი ხშირად წყდებოდა კიდეც.

არადა, მთელი ბათუმი, სადაც 165 ათასი ადამიანი ცხოვრობს და ბათუმის შემოგარენიც, სასმელი წყლით სწორედ იმ მდინარის [ჩაქვისწყლის] სათავიდან მარაგდება, რომელიც ნინო ქათამაძის სახლიდან ათეულ მეტრში მიედინება. ჩაქვსა და ბათუმში ცალკე ტექნიკური წყალი არ აქვთ, მოსახლეობას მხოლოდ ერთი - სასმელი წყალი მიეწოდება.

„ყოველი გაწვიმება გვაშინებდა. წყალი იმღვრეოდა, ბინძურდებოდა და სასმელად უვარგისი ხდებოდა. გრაფიკით მოგვეწოდებოდა ხან როდის - ხან როდის. ერთი წელია, რაც წყალმომარაგების ახალ სისტემაზე გადავედით და მრიცხველიც დაგვიმონტაჟეს. ახლა 24 საათის განმავლობაში სუფთა წყალი გვაქვს, დიდი შეღავათია,“ - ამბობს ნინო ქათამაძე.

ჩაქვის მცხოვრებ ნინო ქათამაძის ოჯახი წყალმომარაგების ახალ სისტემაში ერთი წლის წინ ჩაერთო

 

ნინოს ოჯახი სასმელი წყლით ახლა ჩაქვის ახალი რეზერვუარიდან მარაგდება,  რომელიც ევროკავშირისა და KFW-ს დაფინანსების ფარგლებში ორი წლის წინ მოეწყო.

2500 კუბური მეტრის მოცულობის ეს რეზერვუარი 1100 აბონენტისთვის წყლის უწყვეტ რეჟიმში მიწოდებას უზრუნველყოფს. რეზერვუარის მშენებლობას 900 823 ევრო დასჭირდა. ცალკე პროექტის ფარგლებში ჩაქვში მეორე, შედარებით მცირე, 900 კუბური მეტრი მოცულობის წყლის სამარაგო რეზერვუარიც აშენდა.

ჩაქვის №1 2500 კუბური მეტრის მოცულობის რეზერვუარიდან წყლით 1100 აბონენტი მარაგდება

ჩაქვში, ასევე, ბათუმსა და მის შემოერთებულ ტერიტორიაზე კომუნალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის ყველაზე დიდ ინვესტიციას გერმანია-საქართველოს ფინანსური თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში ახორციელებს გერმანიის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკი KFW და ევროკავშირის საინვესტიციო სამეზობლო ფონდი. კომუნალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია რამდენიმე წელია მიმდინარეობს. ჩაქვში ჩატარებული სამუშაოები რეაბილიტაციის მესამე ფაზაში შედის. ამ ფაზაში ჩაერთო ევროკავშირის თანადაფინანსებაც.

სწორედ KFW-ის დაფინანსებითა და ევროკავშირის გრანტით განხორციელდა პროექტი, რაც წყალმომარაგებისა და ნაწილობრივ წყალარინების (საკანალიზაციო) სისტემების რეაბილიტაციას, ასევე, გამწმენდი ნაგებობის მშენებლობას მოხმარდა ჩაქვის, მახინჯაურისა და მწვანე კონცხის ტერიტორიაზე.

პროექტისთვის, რომელიც მოსახლეობის კეთილდღეობაზე, მდინარეებისა და ზღვის წყლის სისუფთავეზე პირდაპირ აისახება, ევროკავშირმა 4 მილიონი ევრო გამოყო. პროექტის ღირებულებამ ჯამში 6 მილიონ 100 ათასი ევრო შეადგინა - 2 მილიონ 100 ათასი ევროს დაფინანსება  KFW ბანკმა და  ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ გამოყო.

ბათუმის მუნიციპალიტეტის საინვესტიციო პოლიტიკისა და საგრანტო პროგრამების მართვის განყოფილების უფროსი, ჯაბა ტუღუში ამბობს, რომ ამ დასახლებებში წყალმომარაგების ძველ სისტემაზე ბევრი უკანონო დაერთება იყო, რის შედეგადაც მდინარე ჩაქვისწყლის სათავეზე მოპოვებული წყლის დიდი ნაწილი იკარგებოდა.

ბათუმის მუნიციპალიტეტის საინვესტიციო პოლიტიკისა და საგრანტო პროგრამების მართვის განყოფილების უფროსი - ჯაბა ტუღუში

 „ერთ დიდ ქალაქს რომ ეყოფა, იმდენი წყალი იკარგებოდა. წყლის სისტემის რეაბილიტაციასთან ერთად უკანონო დაერთებებიც ჩაიჭრა, რაც მოსახლეობისთვის 24-საათიანი, უწყვეტი წყალმომარაგების გარანტიაა. უკვე მოწესრიგებული ახალი ქსელის საშუალებით მიმდინარეობს მოსახლეობის ეტაპობრივი გამრიცხველიანება. ცხადია, გაუმჯობესდა წყლის ხარისხიც, რაც რეზერვუარების არარსებობის პირობებში შეუძლებელი იყო. ჩაქვის ორივე რეზერვუარი თვითდენით ცენტრალური სათავე ნაგებობიდან მარაგდება წყლით და შემდეგ მოსახლეობაში ნაწილდება,“ - ამბობს ჯაბა ტუღუში.

ზურაბ მიქელაძის მოვალეობა რეზერვუარში წყლის დონის და ქლორის შემცველობის მუდმივი კონტროლია. მან წყლის რეზერვუარის ოპერატორის სპეციალური კურსი გაიარა და სხვა პირებთან ერთად დასაქმდა.

  

ზურაბ მიქელაძემ სპეციალური კურსი გაიარა და ჩაქვის წყლის 1 რეზერვუარის ოპერატორად დასაქმდა

გარდა ჩაქვისა, რომელიც ქობულეთის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის, წყალმომარაგების სისტემა სრულადაა განახლებული მწვანე კონცხსა და მახინჯაურშიც. ეს დასახლებები, ჩაქვის ნაწილის მსგავსად, ქალაქ ბათუმის ფარგლებშია მოქცეული. აქ წყალმომარაგების ახალი მილები ზღვის დონიდან 40 მეტრ სიმაღლეზე მცხოვრებ თითოეულ მოსახლესთან ინდივიდუალურადაა მიყვანილი. ამ ეტაპზე მიმდინარეობს აბონენტების ქსელში ჩართვა-გამრიცხველიანების პროცესი.

აჭარის გარემოს დაცვის სამმართველოს გარემოს ინტეგრირებული მართვის განყოფილების უფროსის, ნუგზარ პაპუნიძის თქმით, ჩაქვში წლების განმავლობაში ზღვაში კანალიზაციის წყლის უკანონო ჩაშვების 18 ადგილი იყო დაფიქსირებული და ეს დაბა ზღვის სანაპირო ზოლის ერთ-ერთ ყველაზე დამაბინძურებელ მონაკვეთად მიიჩნეოდა.

პრობლემა მას შემდეგ აღმოიფხვრა, რაც ევროკავშირისა და KFW ბანკი დაფინანსების ფარგლებში ჩაქვის ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობა აშენდა ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ ტერიტორიაზე. ევროპული სტანდარტის გამწმენდი ნაგებობის მოსაწყობად 400 ათასზე მეტი ევრო დაიხარჯა. ის 1200 ოჯახს ემსახურება. აქ გროვდება ყველა ჩამდინარე წყალი, სრულად იწმინდება  ბიოლოგიურად, ზედაპირულ წყალში ჩაშვებამდე კი, მოწმდება წმენდის ხარისხი.

მსგავსი ნაგებობები აჭარის მთელ ტერიტორიაზე იქნება ზღვის წყლის უმაღლესი ხარისხის გარანტია, რადგან წყალარინების სისტემების გამართული მუშაობა პირდაპირ კავშირშია ზღვისა და მდინარეების წყლის სისუფთავესთან. ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის მიმდინარე პროექტის ფარგლებში ბათუმში აშენდა და ფუნქციონირებს ცენტრალური გამწმენდი ნაგებობა, სადაც მთელი ქალაქის, ასევე, გონიოსა და კვარიათის საკანალიზაციო სისტემები იყრის თავს. 2019 წელს, პირველად, ბათუმის კანალიზაცია ღიად ზღვაში აღარ ჩაედინება.

ოპერატორი ჰუსეინ ნემსაძე ჩაქვის გამწმენდ ნაგებობაზე ხუთი  დასაქმებულიდან ერთ-ერთია. როგორც თავად ამბობს, მისთვის მნიშვნელოვანია ასრულებდეს სამუშაოს, რაც მდინარეების, ზღვის, ბუნების დაცვასთანაა დაკავშირებული. აკონტროლებს დანადგარებს და მდინარეში ჩაშვებამდე გაწმენდილი წყლის ხარისხზეა პასუხისმგებელი.

ჰუსეინ ნემსაძე - ჩაქვის ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობის ოპერატორი

 

გამწმენდი ნაგებობა ჩაქვში უკვე სრულად ფუნქციონირებს. აქ დამონტაჟებული დანადგარებით გაწმენდილი წყლის არც ერთი ნაწილაკის შემცველობა გარემოსთვის საზიანო არ არის.           

ჩაქვში, აღმაშენებლის ქუჩაზე, ინდივიდუალური დაერთებები გრძელდება იმ ახალ საკანალიზაციო ქსელზე, საიდანაც დაბინძურებული წყალი გამწმენდ ნაგებობაში იყრის თავს. პარალელურად მიმდინარეობს აბონენტების ჩართვა წყალმომარაგების ახალ სისტემაში.

ჩაქვში, აღმაშენებლის გამზირზე აბონენტთა ახალ საკანალიზაციო სისტემაზე გადართვის სამუშაოები მიმდინარეობს

ჩაქვის მოსახლეობა განცხადებისა და მიმართვის საფუძველზე უერთდება წყალმომარაგებისა და წყალარინების ცენტრალურ სისტემას, რაშიც მათ ფინანსური რესურსის ხარჯვა არ უწევთ. ყველა ხარჯი პროექტითაა გათვალისწინებული და ძირითადად, მუნიციპალიტეტისა და მუნიციპალური საწარმოს - „ბათუმის წყლის“ მიერ ფინანსდება.

აღმაშენებლის გამზირის N36-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის მცხოვრები მამია კოჩალიძე ამბობს, რომ ამ და ახლომდებარე სხვა კორპუსების სერიოზული პრობლემა არასტაბილური წყალმომარაგება და მოუწესრიგებელი, არარსებული საკანალიზაციო სისტემა იყო.

„მილები სულ იჭედებოდა, ვწვალობდით, ჩვენ ვწმენდდით... ძველ, კომუნისტების დროს მოწყობილ შამბოებზე იყო დაერთებული კორპუსების საკანალიზაციო მილები. ანტისანიტარია იყო... წყლისა და კანალიზაციის ძველი სისტემა აქ, მეზობლად მდებარე კორპუსებთანაც მთლიანად გაუქმდება და სრულად გადავალთ ახალ სისტემაზე,“ - ამბობს მამია კოჩალიძე.

 

„მილები სულ იჭედებოდა, ვწვალობდით, ჩვენ ვწმენდდით“ - ჩაქვის მცხოვრები - მამია კოჩალიძე

24-საათიანი წყალმომარაგება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩაქვში, მწვანე კონცხსა და მახინჯაურში. შავიზღვისპირა ამ დასახლებებში მოსახლეობის უმეტესობისთვის მნიშვნელოვან შემოსავლის წყაროს წარმოადგენს საზღვაო ტურიზმი.

სწორედ ჩაქვთან, მწვანე კონცხთან და მახინჯაურთანაა დაკავშირებული მტირალას ეროვნული პარკი, ცნობილი პლაჟები, ბათუმის ბოტანიკური ბაღი, რაც განსაკუთრებით იზიდავს ტურისტებს.

მუდმივი წყალმომარაგება ზრდის მომსახურების ხარისხს, რაც ეკოლოგიურად სუფთა გარემოსთან და ზღვასთან ერთად არის ამ ადგილებში ტურისტებისა და დამსვენებლების რაოდენობის ზრდის გარანტია. ცხადია, ეს აისახება მოსახლეობის შემოსავლებზეც.

ინგა ჯინჭარაძის ოჯახისთვის ტურისტულ სეზონზე ხარისხიანი წყლის უწყვეტ მომარაგებას დიდი მნიშვნელობა აქვს, აქამდე ვერც ეზოს რწყავდა ზაფხულობით ისე, როგორც მწვანე ნარგავებს სჭირდებოდა და მის საოჯახო სასტუმროში დაბინავებულ ტურისტებსაც დისკომფორტი ექმნებოდათ უწყლობისგან. უკვე ერთი წელია, რაც ეს მდოგომარეობა შეიცვალა და წყალი გასუფთავდა, აღარც გრაფიკია დაწესებული. ინგა მწვანე კონცხზე ცხოვრობს.

 

 

მწვანე კონცხის მცხოვრები - ინგა ჯინჭარაძე

ევროკავშირის საინვესტიციო სამეზობლო ფონდისა და გერმანული KFW-ის  დაფინანსებით ჩაქვში, მახინჯაურსა და მწვანე კონცხზე - წყლისა და წყალარინების ახალი სისტემის მოსაწყობად ჩატარებულ სამუშაოებში არაერთი ადამიანი ჩაერთო, შეიქმნა ახალი სამუშაო ადგილები.

მხოლოდ ახალი აბონენტების სისტემაში ჩართვისა და მრიცხველების დამონტაჟების  სამუშაოებისას დასაქმდა 300-350 ადამიანი, ამას ემატება გამწმენდ ნაგებობებსა და წყლის რეზერვუარებზე დასაქმებულთა რაოდენობა.

წყლისა და წყალარინების ახალი სისტემის მოსაწყობად ჩატარებულ სამუშაოებში არაერთი ადამიანი ჩაერთო, შეიქმნა ახალი სამუშაო ადგილები.

 

ჩაქვის, მახინჯაურისა და მწვანე კონცხის წყლისა და წყალარინების ახალი სისტემები, რომლებშიც ევროკავშირისგან გამოყოფილი გრანტი დაიხარჯა, იმ დიდი პროექტის ნაწილია, რომლის მიხედვითაც ბათუმში საბოლოოდ უნდა შეიქმნას თანამედროვე, ევროპული სტანდარტების შესაბამისი და ერთი პულტით მართვადი წყლისა და წყალარინების ერთიანი ქსელი.

იქ, სადაც წყალარინების სისტემა მოწესრიგებული არ არის, მოსახლეობა იძულებული ხდება კანალიზაციის მილები უკანონოდ მიუერთოს სანიაღვრეებს, დაბინძურებული წყალი კი, ყოველგვარი გაფილტვრის გარეშე ჩაედინება  ზედაპირულ წყლებში და საფრთხეს უქმნის მდინარეებს, აბინძურებს გარემოს, აუარესებს ზღვის წყლის ხარისხს.

ჩაქვში, მწვანე კონცხსა და მახინჯაურში, ასევე, ბათუმს შემოერთებულ სხვა ტერიტორიებზე - ხელვაჩაურში, კახაბერში, მეჯინისწყალსა და ადლია-აეროპორტის დასახლებაში -  წყალარინების ახალი სისტემის სრულად გასამართად მუშავდება ახალი პროექტი, რომელიც დონორებთან, განსაკუთრებით KFW ბანკთან წინასწარი შეთანხმებით, მათივე დაფინანსებით განხორციელდება.

 

 

სტატია დაიწერა პროექტისევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოფარგლებში.

სტატიაში გამოხატული მოსაზრებები ეკუთვნის მხოლოდ და მხოლოდ სტატიის ავტორს.

 

 

 

ავტორი: ია ბობოხიძე