|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

როგორი იყო 2015 წელი ქუთაისისათვის?

2015 წელი დასრულდა. ყველა მუნიციპლიტეტი და რეგიონი წლის ანგარიშს აჯამებს. როგორი იყო ეს წელი, გამართლა თუ არა ნომერ პირველი „მოქალაქის“ პროგნოზი და იყო თუ არა 2015 წელი-კარგი ქუთაისისთვის? ქალაქის ცხოვრების მნიშვნელოვანი მოვლენები "ნიუპრესმა" შეაჯამა.

                                             თვითმმართველობა

ვინაიდან, უკვე გასული წელი არ იყო საარჩევნო, ის მეტ-ნაკლებად მშვიდი გამოდგა. ქუთაისის თვითმმართველობაში ჩატარდა რეორგანიზაცია, რამაც ოპოზიციას ბევრი კითხვა გაუჩინა.  თუ მერია რეორგანზაციას ერთ-ერთ მიღწევად ასახელებდა, ოპონენტები აცხადებდნენ, რომ მაღალჩინოსნებმა თანადებობებზე საკუთარი ახლობლები დანიშნეს და რომ ადგილების გადანაწილებამ მათ რიგი უხერხულობებიც შეუქმნა.  მოგვიანებით, მერის გადაწყვეტილებლით, გამჭვირვალობის გაზრდის მიზნით, რეორგანიზაცია დაიწყო მერიის ააიპებში. წელს რეორგაიზაცია სამ ააიპში: ბაღების გაერთიანებაში, კულტურისა და სპორტის დაწესებულებებში  მოესწრო, ერთში კი დაანონსდა.

პრობლემები შეიქმნა ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესრულების დროსაც. დროში გაწელილი სამუშაობეის გამო დაზარალდა მოსახლეობა, ქალაქში შემოსული ტურისტი და ტურისტული კომპანიები. თუმცა, მერიაში აღნიშნავდნენ, რომ სამუშაოები ვადებში სრულდებოდა და რომ უხერხულობების გამო ტურისტებს ბოდიშს უხდიდნენ.

2015 წლის ბიუჯეტმა წლის ბოლოს 70 მილიონს მიაღწია. როგორც თვითმმართველობა ირწმუნებოდა, ბიუჯეტის შესრულებას პრობლემა, არც წლის დასაწყისში, ტენდერების გამოცხადებისას და არც ტენდერების შესრულების დროს ჰქონია. თუმცა მერიას კანონდარღვევად შეუფასეს ბიუჯეტში წინა წლის ნაშთის, სამი მილიონის წლის შუა პერიოდში გამოჩენა. „ნაციონალები“ აცხადებდნენ, რომ ამით აუცილებლად დაინტერესდებოდა აუდიტი და პასუხისმგებლობის საკითხსაც დააყენებდა, თუმცა მათი მოლოდინი არ გამართდლა.

აღმასრულებელი ხელისუფლება თავს განვლილი წლის ბიუჯეტის შესრულებითაც იწონებს და  მის მიერ მომზადებულმა მომავალი წლის ბიუჯეტმაც საკრებულოს  უმრავლესობის მოწონება დაიმსახურა, რაც პროექტის თითქმის შენიშვნის გარეშე დამტკიცებაში გამოიხატა.  ქუთაისის 2016 წლის ბიუჯეტი 50 მილიონით განისაზღვრა.

კონკურსები ჩატარდა ქუთაისში მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტის სანებართო ხაზებზე, კონტროლის გაუმჯობესების მიზნით მერიამ ტრანსპორტის ნაწილში „ჯიპიეს“  სისტემა დააონტაჟა. თუმცა ტრანსპოტის პრობლემას ამანაც ვერ უშველა და 19 საათის შემდეგ ქალაქის გარეუბნებში საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება კვლავ შეუძლებელია. 

მნიშვნელოვანი ცვლილება მოხდა პარკირების მხრივ. მიუხედავად იმისა, რომ მერია ამტკიცებდა, რომ პარკირება ქალაქში რენტებულური ბიზნესი გახლდათ და მის მოსაპოვებლად 660 000 ლარის გადახდა სრულიად შესაძლებელი იყო,  აუქციონით მაინც არავინ დაინტერესდა. აუქციონი ოთხჯერ ჩაიშალა, რის შემდეგაც  მერიამ მუნიციპალური საწარმო დააფუძნა, სახელწოდებით „პარკინგსერვისი“, რომლის დირექტორობაც ახალგაზრდა კადრს, ირაკლი სარიშვილს ჩააბარა. ბონუსად კი 300 000 ლარი გადაურიცხა.  ამავდროულად საწარმოს მომავალ წელს მხოლოდ 400 000 ლარის შეტანა დაავალა ბიუჯეტში. რაც მერიას არ მოუწონეს და განაცხდეს, რომ ბიუჯტმა მოგების ნაცვლად თანხა ორჯერ დაკარგა. ამასობაში უკმაყოფილო დარჩნენ ის ბიზნესმენები, რომლებიც პარკირების ერტრიან ლოტს ვერ შეწვდნენ და მის მცირე ლოტებად დაშლას ითხოვდნენ, რაც ადგილობრივი ბიზნესის გაძლიერებას შეუწყობდა ხელს. 

წელს,  უპატრონო ცხოველების მოვლა-პატრონობაც მერიამ იკისრა და მუნიციპალური თავშესაფარი დააფუძნა. მას 46 000 ლარი გადაურიცხა. მიუხედავად იმისა, რომ „სპეციალური სერვისების“ ააიპში აცხადებენ, თითქოს ძაღლებისთვის ამ თანხის საკვები იყიდეს, ქალაქში არც თუ იშვიათად წააწყდებით  მაწანწალა ცხოველებს, რომლებსაც  არსებობისთვის ლიკმა პურის მოპოვება თავად უხდებათ, რის გამოც ხშირად ძალადობის მსხვერპლები ხდებიან.

თვითმმართველობის გარშემო განვითარებულ მოვლენებს სასამართლოს გარეშე არ ჩაუვლია. სამუშაოების არასათანადოდ შესრულების ბრალდებით მერმა სპორტის ააიპის ხელმძღვანელი სოსო გაბრიჭიძე  თანამდებობიდან გაათავისუფლა. გაბრიჭიძემ სასამართლოს მიმართა და მოიგო კიდეც პროცესი, მაგრამ სასამართლოს გადაწყვეტილება ამ დრომდე აღსრულებული არაა.

საკრებულოს დეპუტატებისაგან განსხვავებით, ბიუჯეტი არ მოიწონეს ბაგა–ბაღების გაერთიანების თანამშრომლებმა. მათ მერიის წინ ჯერ აქცია გამართეს, შემდეგ კი გაიფიცნენ და სასწავლო პროცესი შეაჩერეს. ბაღების თანამშრომლები ხელფასების გაზრდას ითხოვდნენ. მათ პროტესტს მართული უწოდეს, თუმცა თვითმმართველობამ ზედმეტი ხმაურის აცილების  მიზნით მოთხოვნა დააკამყოფილა და თანამშრომლებს ხელფასების გაზრდას დაპირდა. საბოლოოდ კი სამუშაო საათბის გავდენის გამო გაფიცულებს ხელფასი 10-15 ლარით დაუქვითეს.

აღმასრულებელი ხელისუფლებისგან განსხვავებით, ხმაური იყო საკრებულოში. არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადეობრივი ინტერესების დაცვის ცენტრის“ ხელმძღვანელის, სულხან ქობულაძის განცხადებით, მას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა საკრებულოს თავმჯდომარემ და მისმა მოადგილემ მიაყენეს. ფაქტზე გამოძიება დაიწყო. დავით დვალმა უფლებამოსილება ორჯერ შეიჩერა, თუმცა საკრებულოს კვლავ  თავმჯდომარის რანგში დაუბრუნდა.

ისევ სიმშვიდე იყო მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროში. გუბაზ სანიკიძეს წელსაც არ გახსენებია ამომრჩეველი და არც ქუთაისმა შეაწუხა თავისი  რჩეული. თუმცა დეპუტატის ბიუროს ხელმძღვანელმა მერიის მიერ გაცემული სამშენებლო ნებარტვების წინააღმდეგ გალაშქრებით დამახსოვრა თავი საზოგადოებას, რაც ამირან ვაშაკიძეს ძვირად დაუჯდა. 

                                             სტატუსი

ქუთაისი კვლავ ინარჩუნებს საპარლამენტო ქალაქის სტატუსს. მართალია, დეპუტატები ქუთაისში ჩამოსვლას სულ უფრო ხშირად არიდებენ თავს ბიუროსა დასაკომიტეტო  სხდომები თბილისში იმართება, მაგრამ კონსტიტუციის 48–ე მუხლი კვლავ ადასტურებს, რომ საკანონმდებლო ორგანოს ადგილსამყოფელი არის ქუთაისი.

ქუთაისმა კვლავ ვერ მოიპოვა საუნივერსიტეტო ქალაქის სტატუსი და დაპირების მიუხედავად, ვერც ტექნოლოგიური უნივერსიტეტი მიიღო,  რაც შეეხება საპორტო ქალაქის სტატუსს, ამაზე ჯერ კიდევ ხუმრობენ ქუთაისში. არ ეცინებათ მხოლოდ გარემოს დამცველებს. მათი თქმით, გლობალური დათბობის პირობებში, ზღვა მართლაც შეიძლება მოუახლოვდეს ქუთაისს.

                                             სპორტი

ქალაქისათვის მეტ–ნაკლებად წარმატებული იყო სპორტის მხრივაც. წელს გახდა ცნობილი, რომ ქუთაისი 2017  წელს რაგბიში მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატს უმასპინძლებს, რისთვისაც  სპორტული მოედნების მოწესრიგება დაიწყო. სარაგბო კლუბ „აიას“ ბაბაზე საქართველოში ყველაზე დიდი სარაგნო ბაზა „აია არენა“ მოეწყო.

ქუთაისელმა სპორტსმენებმა არაერთხელ ასახელეს ქალაქი ქვეყნის შიგნით, თუ  გარეთ.

რაც მთავარია, საფეხბურთო კლუბი „ტორპედო“ ქალაქს დაუბრუნდა და მასზე ზრუნვა მერიამ იტვირთა. წლის განმავლობაში კლუბს დაახლოებით 2 მილიონი ლარი გადაერიცხა, რაც უკმაყოფილების მიზეზი არაერთხელ გახდა. მოგვიანებით კი, გაბერილი სახელფასო ფონდის გამო შეიცვალა კლუბის აღმასრულებელი დირექტორი, ცვლილება მოხდა მწვრთნელისა და მთავარ მწვრთნელის პოსტზეც.

                                            კულტურა

2015 წელი მნიშვნელოვანი წელი იყო კულტურის მხრივაც. ქუთაისში „ორმაისობის“ ტრადიციული ღონისძიება გრანდიოზულად აღინიშნა. მნიშვნელოვანი ღონისძიებებით იყო დატვირთული დამოუკიდებლობის დღე. ქალაქმა არაერთ კულტურულ ღონისძიებას უმასპინძლა. მერიის ორგანიზებითა და ფინასური მხარდაჭერით, მესხიშვილის თეატრში აკაკი წერეთლის საიუბილეო წლისადმი მიძღვნილი ღონისძიებების დასკვნითი საღამო გაიმართა.  ამავე სცენამ გია ყანჩელის და ჯანსუღ კახიძის საიუბილეო საღამოს უმასპინძლა.                                  

როგორი იქნება 2016 წელი, ამაზე საუბარი ერთი წლის შემდეგ იქნება შესაძლებელი. მომავალი წელი საარჩევნო წელია, რაც ცხელ პოლიტიკურ ამინდს გვპირდება. აღსანიშნავია, რომ  სამაჟორიტარო ოლქები ახლებურად მოეწყობა, რის საფუძველზეც ქუთაისს სამი მაჟორიტარი, როგორც ქალაქი ხუმრობენ, სამი გუბაზი ეყოლება. 

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა