"შოთა რუსთაველის ძეგლისათვის ორი ადგილი განიხილება"
ქუთაისში შოთა რუსთაველის ძეგლის ესკიზზე კონკურსი ისე გამოცხადდა, რომ ძეგლისათვის განკუთვნილი ადგილი შერჩეული არაა. ფაქტს ქალაქის მერიაში შემოქმედებისათვის მეტი თავისუფლების მინიჭების მოტივით ხსნიან.
"ჩვენ კონკურსანტებს მივეცით თავისუფალი აზროვნების საშუალება, რომ თვითონ განსაზღვრონ, თავიანთ ძეგლს სად ხედავენ, ქუთაისის რომელ ტერიტორიაზე. შეიძლება, კონკურსანტებმა ისეთი ადგილები შემოგვთავაზონ, რომელზეც კომისიას სულ არ უფიქრია", -განაცხადა "ნიუპრესთან" საუბარში მერიის არქიტექტურიასა და ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენელმა ზაზა ჩხიკვაძემ.
ზაზა ჩხიკვაძის თქმით, ესკიზის შერჩევა საზოგადოებრივი ჩართულობით მოხდება. მისი თქმით, ესკიზები ინტერნეტსივრცეში განთავსდება და "მთელი ქუთაისი ჩაერთვება ამ განხილვაში", კომისიიის სხდომამდე კი ნამუშევრები დალუქულია.
სხდომის თარიღი კომისიის თავმჯდომარემ უნდა დანიშნოს. აღნიშნულ კომისიას ქალაქის მერი შოთა მურღულია ხელმძღვანელობს.
როგორც შოთა მურღულიამ "ნიუპრესს" განუცხადა, ძეგლის განთავსების სავარაუდო ადგილები ცნობილია. მისი თქმით, შოთა რუსთაველის ძეგლისათვის ორი ადგილი განიხილება, კიკვიძის ძეგლის ადგილი და ასევე რუსთაველის ქუჩაზე, ტურიზმის ცენტრის წინ მდებარე სკვერი. როგორც ქალაქის მერი აცხადებს, ის თავად სკვერის ადგილს ემხრობა, თუმცა გადაწყვეტილება საკონკურსო კომისიამ უნდა მიიღოს.
სავარაუდო ადგილებზე არ საუბრობს კომისიის მდივანი ზაზა ჩხიკვაძე, თუმცა, მისი თქმით, წარმოდგენილ ესკიზებში აღნიშნული ადგილები მუსირებს.
კონკურსში მონაწილეობას 9 კონკურსანტი იღებს, მათ შორისაა მოქანდაკე გიორგი კიკვიძე, რომელმაც კომისიის შემადგენლობიდან გამოსვლა იმ მიზეზით ითხოვა, რომ კონკურსში მონაწილეობა მიეღო.
კონკურსში ძირითადად ქუთაისელი ხელოვანები მონაწილეობენ, ერთი მონაწილე არის თბილისიდან - მოქანდაკე მალხაზ იდაძე, საკონკურსოდ ესკიზი წარმოადგინა ასევე სტუდენტმა გოგონამ, რომელიც ქუთაისელია, თუმცა თბილისში სწავლობს.
ავტორი: ირინა მაკარიძე