|
  • EUR 1 = GEL 3.2784
  • USD 1 = GEL 2.9688
|

"იმერეთი ნიუსის" მფლობელი მაღალჩინოსნებს ზეწოლაში ადანაშაულებს

ქუთაისში მოქმედმა საინფორმაციო სააგენტო "იმერეთი ნიუსმა" მუშაობა შეწყვიტა. მიზეზი მედიასაშუალებაზე ზეწოლა გახდა. სააგენტოს მფლობელმა კოტე ცირეკიძემ გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.
 
ცირეკიძე, რომელიც საკრებულოს უმრავლესობის წევრის, დეპუტატ ელეონორა არჩაიას შვილია, განმარტავს, რომ ზეწოლა იმერეთის ვიცე-გუბენრატორის და ვიცე-მერის მხრიდან განხორციელდა. მისივე თქმით, გრიგოლ დალაქიშვილი და გიორგი იობაშვილი მათ ოჯახზე მუქარას ახორციელებენ.
"ჩემ ირგვლივ განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, იძულებული ვარ, დროებით შევაჩერო “იმერეთის ახალი ამბების სააგენტოს” ფუნქციონირება. ამის მიზეზი გახდა ქუთაისის ვიცე-მერის, გიორგი იობაშვილისა და იმერეთის გუბერნატორის მოადგილის, გრიგოლ დალაქიშვილის მიერ ჩემ მიმართ, ასევე დედაჩემისა და სააგენტოს თანამშრომლებისა და მათი ოჯახის წევრების მიმართ გაჟღერებული პირდაპირი, თუ ირიბი მუქარები. მანამ, სანამ ეს ადამიანები რჩებიან თანამდებობებზე, საიდანაც შეწევთ ძალა, ზიანი მომაყენონ მე, ჩემი ოჯახის წევრებსა და სააგენტოს თანამშრომლებს, არ მაქვს მორალური უფლება სააგენტოს ფუნქციონირებისა", - აცხადებს კოტე ცირეკიძე.
 
ბრალდებას არ ადასტურებს იმერეთის ვიცე-გუბერნატორი, გრიგოლ დალაქიშვილი, თქმით, კოტე ცირეკიძის ბრალდებები აბსურდულია,  იგივეს აცხადებენ  ქუთაისის მერიაშიც.
 ახალი ამბების სააგენტო "იმერეთი ნიუსი" ქუთაისში რამდენიმე თვის წინ გაიხსნა.
 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი