"ქუთაისის სტადიონს საკრებულოს წევრის ირაკლი შენგელიას ნათლია მართავს"
შპს "რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონის" დირექტორი თეიმურაზ კიკვაძე ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის ირაკლი შენგელიას ნათლიაა - ინფორმაციას პოლიტიკური ცენტრი "გირჩი" ავრცელებს.
წინა მოწვევის საკრებულოს წევრი თეიმურაზ კიკვაძე სტადიონის დირექტორად ადგილობრივი არჩევნებიდან რამდენიმე თვეში, 9 იანვარს დაინიშნა. მან ზურაბ ჩაკეტაძე ჩაანაცვლა, რომელმაც თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა.
ამასთან, "გირჩი" აპროტესტებს იმ ფაქტს, რომ სტადიონი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება, მაშინ, როდესაც სტადიონს კერძო კლუბი "ტორპედო" იყენებს. მათივე ინფორმაციით, "ტორპედოს" წარმომადგენლობამ სტადიონის შეძენის სურვილი არაერთხელ გამოთქვა.
ორგანიზაციის ხელმძღვანელი თემურ ცამციშვილი მიიჩნევს, რომ მერია სტადიონს იჯარით არ გასცემს, რადგან იქ დასაქმებულ ადამიანებს მფარველობს.
"ტორპედო გავასხვისეთ და კერძო საკუთრებაში არსებულმა კლუბმა, რომ ითამაშოს, სტადიონის შენახვისათვის ბიუჯეტიდან ვხარჯავთ 246 ათას ლარს, რასაც სხვა ახსნა არ შეიძლება ჰქონდეს, თუ არა ის, რომ ვიღაცეებს სურთ საბიუჯეტო სახსრებით ხელის მოთბობა. მითუმეტეს, კომპანიამ, რომელმაც კლუბი შეიძინა, გამოთქვა სურვილი სტადიონის იჯარით აღების, მაგრამ მერიამ პირობად თანამშრომლების დატოვება დაუყენა, რაზეც კლუბი არ დათანხმდა. დარწმუნებული ვარ, ამ თანხის 80 % სწორედ ხელფასებზე, ანუ იმ ხალხის შენახვაზე იხარჯება, რომლებიც იქ ჩინოვნიკების ახლობლობის ნიშნით არიან დასაქმებულები", - აცხადებს თემურ ცამციშვილი.
საფეხბურთო კლუბი ქუთაისის "ტორპედო" 16 ივნისს გამართულ განმეორებით აუქციონზე 100%-იანი წილით, 300 000 ლარად, ბიზნესმენ ზაალ ჩაჩავაზე გასხვისდა.
ავტორი: ნიუპრესი