"სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერა მე მიმაჩნია სამშობლოს ღალატად" - გია უკლება
ქუთაისის საკრებულოს დეპუტატი გია უკლება დაპირისპირების მიზეზზე საუბრობს. მისი განცხადებით "ქართული ოცნება" მას რეალურად არა სალომე ზურაბიშვილის მისამართით გამოქვეყნებული პოსტის, არამედ ქალაქის მერის მიმართ გაკეთებული განცხადებების გამო დაუპირისპირდა.
"ქართული ოცნება ეს არის მოღალატეების ბანდა, სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერა მე მიმაჩნია სამშობლოს ღალატად, რადგან სალომე ზურაბიშვილი არის ქვეყნის მოღალატე. მე ისეთი განსხვავებული არაფერი დამიწერია, რასაც წერს ათი ათასობით მოქალაქე სოცქსელში. მათი თქმით, ეს გახდა ჩხუბის მიზეზი. ნამდვილი მიზეზი კი არის ის, რომ ჩვენ ვამხელთ ჭიღვარიას უვიცობას", -განაცხადა გია უკლებამ მომხდარი დაპირისპირების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბარში.
როგორც გია უკლება აცხადებს, უმრავლესობის დეპუტატებმა მას საკრებულოს სხდომის დაწყებამდე დარბაზის დატოვებისაკენ მოუწოდეს. გარეთ გამოსულს კი დეპუტატები გამოყვნენ და ერთობლივად გაუსწორდნენ. ფაქტს ესწრებოდნენ მერიის თანამშრომლებიც.
"დარბაშში როგორც კი დავჯექი, წამოვიდნენ იერიშით, ერთ დეპუტატთან ერთად გამოვედი გარეთ, რასაც მოყვა 15-20 დეპუტატის გამოყოლა და ჩხუბი", - განმარტავს გია უკლება.
როგორც ვიდეო კადრებში ჩანს, მისგან ბოდიშის მოხდას ითხოვენ. დეპუტატს პირველი დარტყმა ამირან კოპალეიშვილმა მიაყენა, რასაც სხვა დეპუტატებისაგან დარტყმები მოყვა. ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი შენგელია უკლებას ადგილიდან გარიდებას ცდილობდა, თუმცა დეპუტატი კვლავ დარბაზში დაბრუნდა და სხდომას დაესწრო.
ავტორი: ირინა მაკარიძე