|
  • EUR 1 = GEL 3.2784
  • USD 1 = GEL 2.9688
|

სამი ცხვარი დაგლეჯილი, ერთი დაკბენილი დამხვდა - ზესტაფონის სოფლებში მგლები გამოჩნდნენ

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფლებს მგლები შეესია. ბოლო შემთხვევა სოფელ კლდეეთში დაფიქსირდა.

ქვესადგურის ტერიტორიაზე ადგილობრივ ზურაბ ყრუაშვილს ერთ ღამეში სამი ცხვარი მოუკლა, ერთი კი დაკბინა. ადგილობრივების თქმით, მათ სოფელში მგელის მიერ პირუტყვის დაკბენის ფაქტი ხშირი არაა, თუმცა პრობლემა სხვა სოფლებში მეტად აქვთ.

"ქვესადგურის ტერიტორიაზე ღამით დავინახე მგელი შევეცადე ხმაურით დამეფრთხო, დილით ვნახე სამი ცხვარი დაგლეჯილი, ერთი დაკბენილი. ხშირი არაა ჩვენს სოფელში, თუმცა შემდიან და თავს ესხმიან ცხოველებს"-აცხადებს ადგილობრივი ზურაბ ყრუაშვილი.

სოფლებში მგლების შესვლის შესახებ ინფორმირებულია ადგილობრივი მუნიციპალიტეტი. ზესტაფონის მერის პირველი მოადგილის დავით მაღრაძის თქმით, გახშირებული ფაქტების გამო სპეციალური ჯგუფი მგელზე ნადირობას იწყებს.

მისი თქმით, მათ აქვთ შესაბამისი ლიცენზია, რის ფარგლებშიც მუნიციპალიტეტის მასშტაბით ათი მგლის ამოღება შეუძლიათ.

‭ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონულ სამმართველოში განმარტავენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ ნადირი თავს ესხმის ადამიანს,  ან შინაურ პირუტყვს,  ადგილობრივებს მათი ლიკვიდაცია შეუძლიათ, თუმცა ამის შემდეგ აუცილებლად უნდა აცნობონ სამინისტროს და ადგილობრივ მერიას. მათი ინფორმაციით, მგლის მიერ პირუტყვის დაგლეჯის ფაქტი გახშირებული არაა.

 

ავტორი: ნიუპრესი