|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"სამწუხაროდ, ძვირდება ცხოვრება" - ბიძინა ივანიშვილი

 "დღემდე მწვავეა უმუშევრობის, ხოლო დასაქმებულთათვის არასაკმარისი ხელფასის, აგრეთვე პენსიების პრობლემა, - სამწუხაროდ ძვირდება ცხოვრება"- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა  "ქართული ოცნების" მეხუთე ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას.

პარტია  “ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” ახლადარჩეულმა თავმჯდომარემ ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა, მათ შორის "დემოკრატიისა და ეკონომიკის დისბალანსი" დაასახელა. 

"ჩვენ ვდგავართ ძალზე მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე, რასაც პირობითად სამი მიზეზი განსაზღვრავს და უქმნის ნოყიერ ნიადაგს.

პირველი მიზეზია - ობიექტურად არსებული არასახარბიელო სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა და ამ, ისედაც რთული ვითარების კიდევ უფრო მძაფრ, ხელოვნურად დამძიმებულ ფერებში წარმოჩენის განუწყვეტელი მცდელობები; მეორე - ოპონენტების უმრავლესობისგან მომდინარე უკიდურესად დესტრუქციული მუხტი და ბოლოს, მესამე - ხელისუფლების შიგნით არსებული, მართალია სუსტი, მაგრამ მაინც სრულიად არასაჭირო, უსაფუძვლო და ქვეყნის ინტერესების დამაზიანებელი გაუგებრობები.

უფრო დეტალურად შევჩერდეთ თითოეულ მათგანზე. ზედმიწევნით კარგად ვიცი, რა სირთულეების წინაშეა დღეს რიგითი მოქალაქე. ჩვენ ხომ ჯერ კიდევ ვერ დავაღწიეთ თავი იმ ეკონომიკურ სიდუხჭირეს, რომელშიც დამოუკიდებლობის გარიჟრაჟზე განვითარებული, მათ შორის, სისხლიანი კატაკლიზმების შედეგად აღმოვჩნდით.

ჯერ კიდევ არ გვქონდა მოშუშებული სამოქალაქო ომის იარები, როდესაც  ტერიტორიული მთლიანობისთვის ომში ჩავებით, რასაც შედეგად რუსული ოკუპაცია და მასობრივი დევნილების ორი ტალღა მოჰყვა.

სწორედაც რომ, თანამედროვე სახელმწიფო მართვის ტრადიციის არქონის კვალდაკვალ დაწყებულმა ქაოსმა უმძიმესი სოციალურ-ეკონომიკური ვარდნა გამოიწვია ქვეყანაში და სიღარიბე მასობრივ მოვლენად აქცია. დღემდე მწვავეა უმუშევრობის, ხოლო დასაქმებულთათვის არასაკმარისი ხელფასის, აგრეთვე პენსიების პრობლემა, - სამწუხაროდ ძვირდება ცხოვრება.

ადრეც მითქვამს და ახლაც ვიმეორებ, რომ დღევანდელ საქართველოში პოლიტიკურ პრობლემებს მნიშვნელოვანწილად ქმნის ის, რომ ერთის მხრივ, გვაქვს თითქმის ევროპული ხარისხის დემოკრატია, რასაც მეორეს მხრივ ბევრად ჩამორჩება ეკონომიკური განვითარების დონე. დემოკრატიისა და ეკონომიკის დონეებს შორის ასეთი დისპროპორცია იმდენად უნიკალური მოვლენაა, რომ ძნელად თუ მოიძებნება რომელიმე სხვა ქვეყანა, სადაც ანალოგიური მდგომარეობაა. ტრადიციულ დემოკრატიებში ეკონომიკა და თავისუფლებები, როგორც წესი, ერთმანეთს ზრდიდნენ და ავსებდნენ.

ამ დისჰარმონიის აღმოფხვრა თანამედროვე საქართველოს უმთავრესი გამოწვევაა და ამ გზაზე, როგორ რთულ ამოცანადაც არ უნდა ჩანდეს ეს, ჩვენ არჩევანი დემოკრატიის სასარგებლოდ გავაკეთეთ და გადაჭრით ვთქვით, რომ ეკონომიკა უნდა დავაწიოთ დემოკრატიას და არა პირიქით. აუცილებლად უნდა შევინარჩუნოთ დემოკრატიის მაღალი დონე და მუდმივად ვიზრუნოთ მის განვითარებაზე. დემოკრატია არის ჩვენი უპირობო არჩევანი, თუმცა, სწორედ ამ არჩევანისადმი ერთგულება გარკვეულწილად ზრდის ქვეყანაში პოლიტიკურ რისკებს, რადგან ავანტიურისტული ჯგუფები დესტრუქციული ქმედებებით იბრძვიან ძალაუფლებისთვის", -განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

პარტიის თავმჯდომარემ ასევე აღნიშნა, საქართველოში ადამიანთა ცნობიერებაზე არნახული იერიში მიმდინარეობს, მედია მოვლენებს მხოლოდ უარყოფით კონტექსში აშუქებს, ე.წ. ექსპერტები კი შეგნებულად სთესავენ ნიჰილიზმს.

ბიძინა ივანიშვილს გამოსვლა თანაგუნდელებმა ტაშით 29-ჯერ შეაწყვეტინეს.  

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.29%
გაუარესდა - 52.38%
არ შეცვლილა - 13.33%
სულ - 105 ხმა