|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საქართველო - აშშ შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყება განიხილება

 საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველო - აშშ პირდაპირი ავიამიმოსვლის განსახორციელებლად საჭირო ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა იწყება.

  სამინისტროს ინფორმაციით, ამერიკის შეერთებულ შტატებში პირდაპირი რეისის არსებობა საქართველოდან შექმნის  საშუალებას, რომ მოვიზიდოთ მგზავრთნაკადი და პოტენციური ტურისტები მეზობელი ქვეყნებიდან - სომხეთი, აზერბაიჯანი (მოსაზღვრე ქალაქები) ისევე, როგორც სხვა მეზობელი ქვეყნებიდან, რომლებსაც დღევანდელ დღემდე არ გააჩნიათ პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა ამერიკის შეერთებულ შტატებში.

ზემოაღნიშნული ხელს შეუწყობს ქვეყნის პოპულარიზაციას, რაც თავის მხრივ განაპირობებს ამერიკიდან მგზავრთნაკადის გაზრდას და ტურისტების რაოდენობის საშუალოდ 30 % მატებას.

2019 წელს (25-27 იანვარი) საქართველო უკვე იყო წარმოდგენილი New York Times Travel Show, სადაც მოხდა ქვეყნის ტურისტული პოტენციალის წარმოჩენა კერძო კომპანიების მონაწილეობით. 
გასული ორი წლის განმავლობაში, საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ უმასპინძლა 25 პრეს-ტურს ამერიკის წამყვანი მედიისა და ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებისათვის. ეს პრაქტიკა 2019 წელსაც გაგრძელდება გაზრდილი მონაწილეების რაოდენობით.

მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის მონაცემების მიხედვით, ამერიკელი მოგზაურები მეორე ადგილზე არიან მოგზაურობაზე გაწეული დანახარჯების კუთხით. ისინი საშუალოდ წელიწადში 135 მილიარდს ხარჯავენ საერთაშორისო მოგზაურობაზე, ხოლო საქართველოში მათი დანახარჯი 47 მილიონ დოლარს შეადგენს, რაც მთლიანი ხარჯების 0,03%-ია (2018) ( ერთი ამერიკელი ვიზიტორის დანახარჯი საქართველოში -3047 ლარი/1130 დოლარი, საშულო ღამისთევა-8 ღამე) .

 ამერიკის შეერთებული შტატებიდან 2019 წლის სამი კვარტლის მდგომარეობით საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობამ 5,974 შეადგინა, ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან 13,4%-ია. 2018 წელს საერთაშორისო ვიზიტების მთლიანმა რაოდენობამ 41,863 შეადგინა, ზრდა 24,7% ( ბოლო სამი წლის განმავლობაში საშუალო ზრდა 24% შეადგენდა)

ავტორი: ნიუპრესი