|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საქართველო 14 იანვარს დროშის დღეს აღნიშნავს

14 იანვარს საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე აღინიშნება.  ჰერალდიკის საბჭო მოქალაქეებს მოუწოდებს, ავტომანქანებსა და სახლის სახურავებზე სახელმწიფო დროშები აღმართონ ან დროშა ფანჯრიდან გადმოფინონ. 

„ძალიან ღირებული დროშაა თავისთავად. გარდა იმისა, რომ წარმოადგენს ჩვენს სახელმწიფოებრიობას, მას აქვს ძალიან დიდი ხნის ისტორია. მისი მთავარი სიმბოლო არის ხუთი ჯვარი. მთავარი ჯვარი არის მაცხოვრის გამოსახულება და ოთხი ჯვარი არის ოთხი მახარობლის გამოსახულება, რომლებმაც სამყაროს ოთხივე მხარეს აცნეს მაცხოვრის მოვლინება. დღეს ეს დროშა არის სეკულარული სიმბოლო, მაგრამ ატარებს იმავე დატვირთვას, რომ საკუთარი ღირებულებები გამოფინოს გარემოს. თვითონ ჰერალდიკური თვალსაზრისით ძალიან საინტერესო სიმბოლოა. გარდა ამისა, ეს არის საქართველოს ერთ-ერთი მთავარი სიმბოლო და მისი აღნიშვნა ხდება 14 იანვარს, რადგანაც 2004 წლის 14 იანვარს მოხდა მისი აღდგენა. ხანგრძლივი კვლევა უძღოდა ამას წინ. ეს დროშის ნიმუშები დაცული იყო ევროპულ წიგნსაცავებში, სხვადასხვა პორტოგანებზე იყო გამოსახული და საინტერესოა იმ თვალსაზრისით, რომ ამ დროშით ევროპულ რუკებზე იყო მონიშნული საქართველო. ეს იყო უკიდურესი აღმოსავლეთი ქვეყანა, რომელიც აღმართავდა ჯვარს, ამის იქით უკვე ჯვარი აღარ აღიმართებოდა და პორტოგანი ამითი სრულდებოდა აღმოსავლეთის მხარეს. ჩვენ დღესაც ევროპული ცივილიზაციის უკიდურეს აღმოსავლეთში ვართ და ერთ-ერთი ძლიერი პოზიცია გაგვაჩნია, როგორც სახელმწიფოს. შესაბამისად, როდესაც მოქალაქე ამ დროშას აღმართავს, ეს არის მისი სიამაყის სიმბოლო. სიამაყის სიმბოლო არის არა მარტო სახელმწიფოებრივად, ეროვნულად, არამედ ეს არის საქართველოს მოქალაქის ადგილი თანამედროვე ცივილიზაციაში, ამიტომ მას სჭირდება ძალიან დიდი პატივის მიგება“, – განაცხადა ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს დიზაინისა და ანალიტიკის სამსახურის უფროსმა, დავით ჩხეიძემ.

სახელმწიფო დროშის დღე პირველად  2012 წლის 14 იანვარს აღინიშნა.

კანონი „საქართველოს სახელმწიფო დროშის შესახებ“ საქართველოს პარლამენტმა 2004 წლის 14 იანვარს დაამტკიცა. საქართველოს დროშაზე თეთრ ფონზე ხუთი წითელი ფერის ჯვრია გამოსახული, რომელიც იესო ქრისტესა და ოთხი მახარობლის სიმბოლოს წარმოადგენს.  ხუთჯვრიანი დროშა მე-13 საუკუნით თარიღდება და ის მსოფლიოში სიძველით დანიის შემდეგ მეორე ადგილზეა.

 

საქართველოს დროშა სიძველით მსოფლიოში მეორე ადგილზეა

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა