|
  • EUR 1 = GEL 3.2784
  • USD 1 = GEL 2.9688
|

საქართველომ დამოუკიდებლობის დღე იზეიმა

26 მაისს საქართველომ დამოუკიდებლობის დღე ოცდამეხუთედ აღნიშნა. 432-მა კურსდამთავრებულმა საზეიმო ფიცი წელს, პირველად, თბილისის გარდა საქართველოს ხუთ რეგიონში, კახეთში, სამეგრელოში, სამცხე-ჯავახეთში, იმერეთსა და აჭარაში დადო. საქართველოს უმაღლეს მთავარსარდალს პატაკი გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ ჩააბარა.

თბილისში ფიცის დადების ცერემონიალში წელს, ასევე პირველად, საქართველოს შეიარაღებული ძალების ეროვნული გვარდიის სამხედრო-საჩვენებელ ორკესტრთან ერთად დიდი ბრიტანეთის საპარაშუტო-სადესანტო პოლკის, აშშ-ის საჰაერო ძალების და ლატვიის შეიარაღებული ძალების ეროვნული ორკესტრები მონაწილეობდნენ.
საქართველოს მოსახლეობას და შეიარაღებულ ძალებს დამოუკიდებლობის დღე ქვეყნის პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მიულოცეს.
ღონისძიებაზე შეკრებილ საზოგადოებას და საქართველოს მოსახლეობას სიტყვით საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მიმართა. თინათინ ხიდაშელმა ყურადღება ეროვნული დღესასწაულის მნიშვნელობაზე გაამახვილა.
„26 მაისი ჩვენია და დღევანდელი დღესასწაული, უპირველესად, იმ ქალების და კაცების, იმ ჯარისკაცების და მოქალაქეების დამსახურებაა, რომელთა თავგანწირვის შესახებ დიდი ხნის განმავლობაში მოვუყვებით ჩვენს შვილებს. ეს დღე ჩვენია და ყოველ 26 მაისს ყველანი ერთად ვეტყვით „არას“ ოკუპაციას, ვიდრე ამის საჭიროება იქნება. „არას“ ვეტყვით პროპაგანდას, ფუჭ ნოსტალგიებს, აგრესიას და უახლეს ტრაგიკულ წარსულს. ეს დღე ჩვენია და ყოველ 26 მაისს ყველანი ერთად დავამტკიცებთ ჩვენი ქვეყნის ერთგულებას, ყოველთვის, როცა ამის საჭიროება იქნება... ჩვენ ვიბრძოლებთ ძლიერი, უკეთესი, ბედნიერი და ევროპული საქართველოსთვის, _ განაცხადა თინათინ ხიდაშელმა. მინისტრმა განსაკუთრებული მადლობა ქართველ ჯარისკაცებს და პარტნიორი ქვეყნების სამხედრო მოსამსახურეებს გადაუხადა: „დღეს, პირველად, აქ დგას ნატოს ქართული ასეული და ეს არის ერთ-ერთი ყველაზე უფრო ისტორიული მომენტი, რომელიც ჩვენს ბუნებრივ ისტორიულ ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ ოჯახში დაგვაბრუნებს. მე განსაკუთრებული მადლობა მინდა ვუთხრა ამ ბიჭებს, ამ მიღწევისთვის, ამ შესაძლებლობისთვის და ამ სტატუსისთვის, რომელიც სულ უფრო გვაახლოებს ევროპულ საქართველოსთან.”
საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით თბილისში თავისუფლების მოედანზე სამხედრო ტექნიკის, შეიარაღებისა და აღჭურვილობის გამოფენა მოეწყო. მათ შორის იყო აშშ-ის შეიარაღებული ძალების მთავარი საბრძოლო ტანკი „აბრამსი“ და ქვეითთა საბრძოლო მანქანა „ბრედლი. სამხედრო ტექნიკა ასევე გამოიფინა თელავში, მარნეულში, მცხეთაში, გორში, ახალციხეში, ფოთში, ზუგდიდსა და ბათუმში. ხოლო რუსთავში, ფეხბურთის სტადიონზე სამხედრო ტექნიკის გამოფენის პარალელურად, მოსახლეობას შესაძლებლობა ჰქონდა, ბრიტანელი სამხედროების ავიაშოუსთვის ედევნებინა თვალი.
ოფიციალური ცერემონიალის დასრულების შემდეგ თავდაცვის მინისტრმა თბილისის ცენტრალურ უბანში გამართული საზეიმო ღონისძიებები დაათვალიერა, მოსახლეობას შეხვდა და რუსთაველის გამზირზე შეკრებილ საზოგადოებას დამოუკიდებლობის დღე პირადად მიულოცა. „ყველას ვულოცავ და რაც შეიძლება სწრაფად დამდგარიყოს ის დღე ჩვენს ქვეყანაში, როდესაც მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა იქნება ბედნიერი, იქნება წარმატებული, იქნება დასაქმებული და ქვეყანა იქნება უსაფრთხო", _ განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.

 

სტატია მომზადდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის მიერ

ტელ: +995(32) 2 72 35 35

ელ-ფოსტა:  stratcom@mod.gov.ge

ვებ-გვერდი mod.gov.ge

ავტორი:

უნდა აიღონ თუ არა ქუთაისში კიკვიძის ძეგლი?

კი - 46.55%
არა - 45.05%
არ იცი - 8.41%
სულ - 333 ხმა