|
  • EUR 1 = GEL 3.2784
  • USD 1 = GEL 2.9688
|

საქართველოს თავდაცვის მინისტრ თინათინ ხიდაშელის განცხადება ANAKONDA-16-თან დაკავშირებით

თინათინ ხიდაშელი: აუცილებლად უნდა გამოვეხმაურო პოლონეთში მიმდინარე სწავლების ირგვლივ დისკუსიას. დისკუსია აბსურუდულია და რუსული პროპაგანდის სცენარით მიმდინარეობს

რატომ ვერ მიიღო მონაწილეობა საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზირებული ბრიგადის მე-12 მსუბუქი ქვეითი ბატალიონის III მსუბუქ ქვეითმა ასეულმა საერთაშორისო სწავლება _ ANAKONDA-16-ში?


1. საქართველოს შეიარაღებული ძალების ასეული მიწვეული იყო სწავლებაზე ამერიკული ბატალიონის ფარგლებში, ყველა ლოგისტიკური საკითხი, უსაფრთხოების და დაშვების თემები იყო მოგვარებული. ფრენა გრაფიკით გათვალისწინებული, აეროპორტი პოლონეთში _ დაჯავშნილი და ა.შ.
შესაბამისად, საუბარი იმაზე, რომ რამე ვერ მოესწრო ან ლოგისტიკურად გაუმართავი იყო, უსაფუძვლო და ტყუილია.

2. გამგზავრებამდე 24 საათით ადრე გახდა ცნობილი, რომ ასეულის ორ სამხედრო მოსამსახურეს ვირუსული ინფექცია _ ჩუტყვავილა“ ჰქონდა. ორივე, ასეულთან ერთად იყო მთელი პერიოდის განმავლობაში ხოლო, „ჩუტყვავილა, როგორც მოგეხსენებათ, ადვილად ვრცელდება. შესაბამისად, სამწუხაროდ, სამედიცინო კონსილიუმმა დაასკვნა, რომ რადგან ინკუბაციის ვადები გრძელია და რისკი მაღალი, აბსოლუტურად უპასუხისმგებლო იქნებოდა ჩვენი მხრიდან პოლონეთში ამ ასეულის გაგზავნა.
სამწუხაროდ, ექიმები მართლები აღმოჩნდნენ. დღევანდელი მდგომარეობით ინფექციის უკვე 7 დადასტურებული შემთხვევა გვაქვს.

3. ინფორმაცია დაავადების შესახებ მაშინვე მივაწოდეთ ჩვენს პარტნიორებს, ამერიკელებს, პოლონელებს, ასევე ნატოს.
ნაცვლად იმისა, რომ დაგვემალა ეს ფაქტი და რისკის წინაშე დაგვეყენებინა ჩვენი ბიჭებიც და იმ ამერიკული ბატალიონის პირადი შემადგენლობაც, ვისთან ერთადაც უნდა გაგვევლო წვრთნები. გადაწყვეტილება მივიღეთ მაღალი პასუხისმგებლობით, რაც შესაბამისად შეფასდა პარტნიორების მხრიდან.

4. დასტურად იმისა, რომ აბსოლუტური ტყუილი, სისულელე და რუსული პროპაგანდის მორიგი შედევრია “ქართველების არ დაშვება, ან რჩევა ქართველებისთვის არ მიეღოთ მონაწილეობა, გენერალი და ორივე მიმართულების სარდალი მიემგზავრებიან „ანაკონდაზე“ დასასწრებად.

5. საქართველოს შეიარაღებული ძალები ძალიან ბევრი წელია მუდმივად მონაწილეობენ ნატოს და პარტნიორების წვრთნებში, „ანაკონდა“ ნამდვილად საინტერესო და მნიშვნელოვანი წვრთნაა, მაგრამ არც პირველია და არც უკანასკნელი, სადაც ჩვენები ყოფილან ჩართული და მომავალშიც იქნებიან.

6. ასეულს ვერ ჩავანაცვლებდით, რადგან, პრაქტიკულად, დრო აღარ გვქონდა, რომ შესაბამისი პროცედურები გაგვეტარებინა ახალი პირადი შემადგენლობისთვის.
ვერ ჩავანაცვლებდით კიდევ იმიტომ, რომ ეს არ არის სწავლება ნებისმიერი ასეულისთვის. მასში მონაწილოების მისაღებად OCC--ის ასეული მიდიოდა.
რადგან ამხელა ნიაღვარი წამოვიდა უნდა განვმარტო:
OCC- (Operational Capability Concept)) ეს არის პლატფორმა, სადაც ჩვენი ორი ასეულია ჩართული. მათგან ერთი, „ალფა, როგორც იცით, უკვე სერტიფიცირებულია Noble Partner-ის დროს და NRFის სტატუსი მიიღო. მას დასრულებული აქვს სწავლებების ციკლი. მეორე, „ჩარლი“ მიდიოდა პოლონეთში. მას სწავლებების ციკლი ჯერ კიდევ დასასრულებელი აქვს, თანმიმდევრობა არის ერთი ჩვენთან, ერთი გარეთ. ცუდია, რომ ამ სწავლების გამოტოვება მოუწიათ, მაგრამ, ეს პროცესი გაგრძელდება ჩვეულებრივ. სხვა ასეული, უბრალოდ, ვერ წავიდოდა.


7. ბუნებრივია, ყოველთვის მზად ვარ ნებისმიერ მოხსენებისთვის ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდლის მიმართ, მაგრამ, ცალსახად მინდა საზოგადოებამ იცოდეს, რომ სრული ინფორმაცია მივაწოდე უშიშროების საბჭოს მდივანს პრეზიდენტის თანდასწრებით. არაფერი იმისგან განსხვავებული, საიდუმლო ან დახურულ კარს მიღმა განსახილველი, რაც აქ დავწერე, არ მაქვს.
კიდევ ერთხელ ვადასტურებ მზადყოფნას პირადად ჩემი და გენერალური შტაბის უფროსის სახელით, რომ ნებისმიერ ფორმატში წარვდგეთ მოხსენებით, თუმცა, ეს არის საკითხი, სადაც დასამალი და საიდუმლო არაფერია და, შესაბამისად, საზოგადოებამ ზუსტად უნდა იცოდეს, რა მოხდა.

8. ყველას მინდა ვთხოვო, განსაკუთრებით მედიას, და ამ თვალსაზრისით ნამდვილად გაუგებარი იყო „რადიო თავისუფლების“ რუსული სამსახურის ინფორმაცია, ნუ ჩავეწერებით რუსულ პროპაგანდაში და შევქმნით პრობლემას იქ, სადაც ის არ არსებობს.

 

სტატია მომზადდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის მიერ

ტელ: +995(32) 2 72 35 35

ელ-ფოსტა:  stratcom@mod.gov.ge

ვებ-გვერდი mod.gov.ge

 

ავტორი:

უნდა აიღონ თუ არა ქუთაისში კიკვიძის ძეგლი?

კი - 46.55%
არა - 45.05%
არ იცი - 8.41%
სულ - 333 ხმა