საქართველოში ყველაზე დიდი ტურისტული ცენტრი ქუთაისში იქნება
ქუთაისის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი საქართველოში ყველაზე დიდი და მრავალფუნქციური იქნება, ამის შესახებ "ნიუპრესს" ქუთაისის მერიიდან აცნობეს.
ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის სარემონტო სამუშაოები, ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ, მოადგილესთან კონსტანტინე ქავთარაძესთან და ეკონომიკური განვითარებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ქონებისა მართვის სამსახურის უფროსთან პაატა კლდიაშვილთან ერთად დაათვალიერა.
ტურისტული ცენტრის მოწყობა რუსთაველის# 9 ში მდებარე 4 სართულიან შენობაში მიმდინარეობს. სარემონტო სამუშაოები რამდენიმე კვირის წინ დაიწო და 2 თვეში დასრულდება. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შპს ,,პარმაღი“ 162 000 ლარში ასრულებს.
"ქუთაისის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი საქართველოში ყველაზე დიდი და მრავალფუნქციური იქნება. მოქალაქეები შეძლებენ ყველა ის სერვისი მიიღონ, რაც აუცილებელია მათი ქალაქსა თუ რეგიონში კომფორტული მოგზაურობისთვის. ცენტრის მოწყობაში ქუთაისის მერიასთან ერთად აქტიურადაა ჩართული საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია"-აცხადებენ ქუთაისის მერიაში.
შენობა მანამდე ლუდსახარში "ნატახტარის" საკუთრება იყო, რომელიც ერთ-ერთმა ბანკმა აუქციონზე შეიძინა და ქუთაისის მერიას გადასცა.
ავტორი: ნიუპრესი