|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საუბნო კომისიების დაკომპლექტების "დამკვიდრებული ტრადიცია" ქუთაისში

 მოქმედი პარტიები საუბნო საარჩევნო კომისიებში „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების მასიურ დასაქმებაზე საუბრობენ.

კომისიების შემადგენლონაში 13 წევრია, ამათგან 7 სხვადასხვა პარტიას წარმოადგენს: ოფიციალურად, 1 წევრი ყავს „ქართული ოცნებას“ , თითო – თითო მის სატელიტ პარტიებს – კონსერვატორებს“ (ანუ ძიძიგურის პარტიას) და „მრეწველებს“. 1 წევრი ყავთ „რესპუბლიკელებს“, რომელიც უკვე ოპოზიციურ პარტიას წარმოადგენს. კომისიაში თავისი წარმომადგენელი ყავს „ბურჯანაძე დემოკრატებს“, „თავისუფალ დემოკრატებს“ და „ნაციონალურ მოძრაობას“, დანარჩენ პარტიებს კომისიებში თავისი წარმომადგენელი არ ყავთ. საუბნო კომისიაში 6 დამოუკიდებელი წევრია. წესით, ამ კვოტით ნეიტრალური ადამიანები უნდა დაინიშნონ, თუმცა სწორედ ეს კვოტა წარმოადგენს პოლიტიკური პარტიების სამიზნეს.

პირველი, ვინც ქუთაისში ხმამაღლა გააპროტესტა საუბნო კომისიის დაკომპლექტების წესი, „რესპუბლიკელი“ ნატო ქათამაძეა. მან ამ საკითხთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა და კომისიების დაკომპლექტებაში ხელისუფლების ინტერესზე ისაუბრა.

ნატო ქათამაძე აცხადებს, რომ არჩევნების გაყალბება საუბნო კომისიებიდან იწყება და “ქართული ოცნება” აგრძელებს წინა ხელისუფლების მანკიერ პრაქტიკას. საუბნო საარჩევნო კომისიებში დამოუკიდებელი კანდიდატების ნიშნით, საკუთარ პარტიულ მხარდამჭერებს ასაქმებს“.

ამ ბრალდების დასასაბუთებლად, მან უბნების დაკომპლექტების დინამიკის ამსახველი ციფრები წარმოადგინა, რომელზე დაყრდნობითაც განაცხადა, რომ მისი ოლქის 41-ივე უბნის შემადგენლობის შერჩევისას, უარი ეთქვათ გამოცდილ ადამიანებს, სანაცვლოდ კი გამოუცდელი კადრები დასაქმდნენ. ქათამაძის მიერ მოძიებული ინფორმაციით, #48-ე საარჩევნო ოლქში 41-ე უბანზე არჩეული 246 წევრიდან, გამოცდილება აქვს 129-ს, ხოლო გამოუცდელია 117, უარი ეთქვა გამოცდილების მქონე 108 კანდიდატს.

“საოლქო სააარჩევნო კომისიამ დაასრულა უბნებში ე. წ. დამოუკიდებელი კანდიდატების წარდგენა, თუმცა რეალურად, პარტიული ნიშნით არჩეული “ქართული ოცნების” აქტივია. ჩვენ ამაზე ვსაუბრობდით, მაგრამ გვიმტკიცებდნენ, რომ მსგავს ფაქტს ადგილი არ აქვს. გვაქვს მასალები, მაქვს კანდიდატების სია და შემდეგ არჩეულების სია და ნახავთ, რომ გამოცდილი ადამიანები არიან სახლში, მათ ნაცვლად კი აიყვანეს გამოუცდელი კადრი”-განაცხადა ნატო ქათამაძემ.

ქათამაძის თქმით, მას ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიასთან კითხვა არ აქვს, რადგანაც მისთვის ისედაც ყველაფერი ცხადია. თუმცა, ოლქის ამ გადაწყვეტილებების ობიექტურობის შესწავლას, საარჩევნო პროცესის დამკვირვებელ არასამთავრობო ორგანიზაციებს და ასევე ცენტრალურ საარჩევნო კომისიას სთხოვს.

“მივმართავ ცესკოს, იქნებ დაინტერესდეს, რა ხდება ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიაში და რა პრინციპით ხდება ადამიანების შერჩევა საუბნო კომისიებში?!”, -აცხადებს დეპუტატობის კანდიდატი.

ქათამაძესთან ერთად ჟურნალისტებს შეხვდა ლია აბჟანდაძე, რომელსაც საუბნო კომისიაში დასაქმებაზე უარი უთხრეს. ლია აბჟანდაძის განცხადებით, როგორც საუბნო კომისიის დამოუკიდებელმა წევრმა, რამდენიმე არჩევნებში მიიღო მონაწილეობა, ისე, რომ არცერთი შენიშვნა არ მიუღია. აბჟანდაძე თავს შეურაცხყოფილად მიიჩნევს და აცხადებს, რომ საუბნო კომისიაში მუშაობაზე უარი, სწორედ მისი პრინციპული ხასიათის გამო უთხრეს.

საუბნო კომისიებში ხელისუფლების ხალხის ჩასმას „დამკვიდრებულ პრაქტიკად“ აფასებს „ბურჭულაძე სახელმწიფო ხალხისთვის“ #48 ოლქში დეპუტატობის კანდიდატის საარჩევნო შტაბის უფროსი, ვანო კაპანაძეც. მისი თქმით, საოლქო კომისიაში მმართველი პარტიის საარჩევნო შტაბიდან მიდის სიები, რომელსაც საუბნო კომისიების დაკომპლექტებისას ითვალისწინებენ.

კაპანაძის თქმით, ამ სიის ხელში ჩაგდება და ამ ბრალდების დოკუმენტალურად დადასტურება, არავის შეუძლია, თუმცა ზუსტად იცის, რომ ასე ხდება და ამის ცოდნაში მას საოლქო კომისიაში მუშაობის საკუთარი გამოცდილებაც ეხმარება. მისი თქმით, ეს არსებული პრაქტიკაა და ნებისმიერი ხელისუფლების დროს ასე ხდებოდა.

„საოლქო საარჩევნო კომისია აგრძელებს იმ პრაქტიკას, რაც ხორციელდებოდა წლების მანძილზე. საუბნო კომისიებში ე.წ. განცხადებების საფუძველზე 6-6 ადამიანს ნიშნავს სახელისუფლებო შტაბიდან გადმოცემული სიების საფუძველზე, ეს ასე იყო, ასე არის და ისევ გრძელდება“,-აცხადებს ჩვენთან საუბარში ვანო კაპანაძე.

მისი თქმით, ძალიან ბევრი ადამიანი, რომელსაც ჰქონდა ამ საქმიანობის გამოცდილება, საუბნო კომისიის მიღმა დარჩა. კაპანაძე აღნიშნავს, რომ საუბნო კომისიებში ნეიტრალურ წევრებად მიღებული ადამიანები, ხშირ შემთხვევაში, თავადაც არ მალავენ, რომ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები არიან. ჩვენს კითხვაზე, თუ რატომ არ ცდილობენ პარტიები, ამის არა ზოგადი საუბრებით, არამედ კონკრეტული ფაქტებით დადასტურებას,- კაპანაძემ განმარტა, რომ ეს დროის ფუჭი ხარჯვაა. მისი თქმით, გამოსავალი ის არის, რომ უბნებზე ყავდეთ ძლიერი წარმომადგენლები, რომლებიც არ დაუშვებენ, მცდარი გადაწყვეტილების მიღებას. კაპანაძე არ გამორიცხავს, რომ საუბნო კომისიებში ძალების ასეთი დისბალანსი გავლენას მოახდენს არჩევნების შედეგებზე, თუმცა მიიჩნევს, რომ დამკვირვებლების აქტიურობაზე ბევრი რამაა დამოკიდებული.

ბრალდებებს უარყოფენ საოლქო კომისიაში. როგორც საოლქო კომისიის თავმჯდომარე ავთანდილ ოსეფაიშვილი განმარტავს, საუბნო კომისიის წევრებს საოლქო კომისიის წევრები ხმის მიცემით ირჩევენ. კომისიის ყველა წევრი კანდიდატებს საკუთარი შეხედულების მიხედვით აფასებს: „საოლქო საარჩევნო კომისიის თითოეული წევრი უფლებამოსილია ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით თავად მიიღოს გადაწყვეტილება. ეს ნიშნავს, რომ მას აქვს ინდივიდუალური მიდგომა ნებისმიერი კანდიდატის მიმართ და თავისი შეხედულებისამებრ განსაზღვრავს მისცეს ხმა, თუ არ მისცეს. მე შემიძლია ჩემს პრიორიტეტებზე გესაუბროთ, კომისიის სხვა წევრებმა რა პრიოპრიტეტებით აირჩიეს ესა თუ ის კანდიდატი, ამაზე განმარტებას ვერ გავაკეთებ: მე ქულას ვაძლევდი გამოუცდელსაც და გამოცდილსაც, ვინც მახსოვდა, რომ ძალიან კარგი საარჩევნო ადმინისტრატორი იყო. მხოლოდ ამ მიმართულებით ვიღებდი გადაწყვეტილებას. ჩემთვის ერთი პრინციპია მთავარი, ადამიანებს თუ არ მივეცით შანსი გამოცდილების მისაღებად, მუდმივად იქნებიან გამოუცდელები. სწორ პოზიციად მიმაჩნია, რომ ეტაპობრივად უნდა მოხდეს ახალგაზრდების ჩართვა. არ შეიძლება, ყოველი არჩევნების დროს ერთი და იგივე პიროვნებები მუშაობდნენ საუბნო კომისიებში“,-განაცხადა ჩვენთან საუბარში ავთანდილ ოსეფაიშვილმა.

მისი თქმით, „ქართული ოცნება“ უკვე მესამე არჩევნებს ატარებს და როგორ შეიძლება, მაინც და მაინც ამ არჩევნებზე იყოს „გამოუცდელი კადრების მობილიზაცია?!“.

ამ მასშტაბით ხალხის მობილიზებას „ოცნების“ მიერ ჩატარებულ რიგით მესამე არჩევნებზე დავით გოგისვანიძე ხელისუფლების დაბალ რეიტინგს უკავშირებს. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ქუთაისის საარჩევნო შტაბის უფროსის განცხადებით, საუბნო კომისიებში უპრეცედენტოდ მაღალი რაოდენობა -70% გამოუცდელი ხალხი დაინიშნა. ამ დროს კი, უარი ეთქვათ ისეთ ადამიანებს, რომლებსაც რამდენიმე არჩევნები აქვთ ჩატარებული, სერთიფიკატებიც აქვთ აღებული“.

ის, რომ ნეიტრალურ ადგილებზე მიღებული ხალხი ნამდვილად მმართველი გუნდის მხარდამჭერები არიან, კონკრეტული მტკიცებულება არც „ნაციონალებს“ აქვთ, თუმცა იციან, რომ ეს ადამიანები „ოცნების“ მხარდამჭერები და ინტერესების გამტარებლები არიან. მათი თქმით, ისინი ამას არც მალავენ, პირიქით „ტრაბახობენ“კიდეც.

განსხვავებულ ციფრებზე საუბრობენ 59-ე საოლქო კომისიაში. კომისიის თავმჯდომარის, ავთანდილ ოსეფაიშვილის თქმით, 75 % შეირჩა გამოცდილი კადრი, მხოლოდ 25 % ახალი. ქუთაისის საოლქო კომისიამ საუბნო კომისიის წევრები 128 უბანზე შეარჩია.

„საიას“ ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელის, გიორგი სანტურიანის განცხადებით, კონკრეტული სახის დარღვევებზე პოლიტიკურ პარტიებს მათთვის არ მიუმართავთ. საარჩევნო პროცესის მონიტორინგის ფარგლებში, ორგანიზაციამ თავად გამოითხოვა საოლქო საარჩევნო კომისიიდან ინფორმაცია საუბნო კომისიების დაკომპლექტებასთან დაკავშირებით, რომლის შესწავლის შემდეგ ორგანიზაცია გააკეთებს დასკვნას.

 

 


 

      

სტატია ქვეყნდება პროექტის „გაცნობიერებული არჩევანი–დემოკრატიის ფუნდამეტი“ ფარგლებში.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.

 

ავტორი: ირინა მაკარიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა