სახლების გადახურვის პროგრამასთან დაკავშირებული ტენდერი მესამედ ჩავარდა
ქუთაისის მერიის მიერ სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის საცხოვრებელი სახლების ავარიული სახურავების რეაბილიტაციისათვისათვის საჭირო დოკუმენტაციის შედგენის მიზნით გამოცხადებული ტენდერი მესამედ ჩავარდა. რას უკავშირდება ჩავარდნილი ტენდერები და გამოიწვევს თუ არა ეს მოქალაქეების დაზარალებას, საკითხთან დაკავშირებით ქუთაისის მერიის საბინაო ინფრასტრუქტურისა და მართვის სამსახურის უფროსის ჯონი არაბიძეს "ნიუპრესი" ესაუბრა.
რა გახდა აღნიშნული ტენდერის განმეორებით ჩავარდნის მიზეზი?
-გართულებული ტექნიკური დოკუმენტაციის მოთხოვნა დაგვჭირდა ამ ტენდერისათვის, ზოგადად, საინჟინრო მონიტორინგის ჯგუფია ზედამხედველობის განსახორციელებლად მოვლენილი. მას გართულებული მოთხოვნები აქვს საპროექტო დოკუმენტაციის შედგენასთან დაკავშირებით, ანუ, მეტ სრულყოფილებას ითხოვენ, ამის გამო ურთულდებოდათ და უძვირდებოდათ დოკუმენტაციის შედგენა. ამის გათვალისწინებით, როგორც ჩანს, საპროექტო ორგანიზაციები ამ ტენდერით არ დაინტერესდნენ.
-გამოცხადდება თუ არა ისევ ტენდერი და შეიცვლება თუ არა პირობები?
-რადგანაც ტენდერი უკვე სამჯერ ჩავარდა, ვაპირებთ, რომ რამდენიმე საპროექტო ორგანიზაციას შევთავაზოთ ჩვენი პირობები, ყოველგვარი ტენდერის გარეშე, პირობები, რა თქმა უნდა, არ შეიცვლება, ამის უფლება არ გვაქვს. ამასთან დაკავშირებით გვქონდა საუბარი ქალაქის ხელმძღვანელობასთანაც და მივიღეთ გადაწყვეტილება, ახლა ვარჩევთ ორგანიზაციებს, თუ რომელს შეიძლება შევთავაზოთ თანამშრომლობა.
-გადახურვის სამუშაოებისათვის რა თანხაა გათვალისწინებული და რამდენად მოესწრება ეს წლის ბოლომდე?
-უშუალოდ სამუშაოებისათვის 280 ათასი ლარია გათვალისწინებული, რითაც 60 ობიექტის გადახურვაა დაგეგმილი. რა თქმა უნდა, ეს ამ წელში უნდა მოესწროს, თუმცა ისე ვითარდება პროცესები... თუ ეს დოკუმენტაცია არ გვექნება, ისე ტენდერს ვერ ვაცხადებთ... ვვარაუდებთ, რომ სამუშაოები მიმდინარე წლის ოქტომბერში დავასრულოთ.
აღნიშნული პროგრამა სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის 2013 წლიდან არსებობს. გარდა ამისა, გრძელდება პროგრამა, რომლის ფარგლებში მოსახლეობას გადასახურავ მასალას გადავცემდით. ამ შემთხვევაში, ხდება ამხანაგობებისათვის მიმართვა, რომლის შემდეგაც მასთან მიდის ჩვენი წარმომადგენელი. საჭიროა, რომ მოსახლეს ჰქონდეს საგარანტიო თანხა ანგარიშზე, რომ შეძლებს გადახურვის სამუშაოების შესრულებას. სამუშაოების დასრულების შემდეგ მას თანხა უკან უბრუნდება. ამ შემთხვევაში მოსახლეობის მხრიდან თანადაფინანსება ნულია, მაგრამ ასეთი მექანიზმი მოვიფიქრეთ, რომ სამუშაოები ნამდვილად შესრულდეს.
შეგახსენებთ, დოკუმენტაციისათვის შედგენისათვის მერიამ ტენდერი 3 -ჯერ უკვე გამოაცხადა, რისთვისაც 30 ათასი ლარის გადახდას გეგმავს.
ავტორი: ირინა მაკარიძე