|
  • EUR 1 = GEL 3.2784
  • USD 1 = GEL 2.9688
|

სენატორი ბენ კარდინი: "საქართველოს თავდაცვის მინისტრმა გამიზიარა შეშფოთება რუსეთის განუწყვეტელი ზეწოლის შესახებ"

ამერიკის შეერთებულ შტატებს საქართველოში მუდმივი სამხედრო ძალების განლაგების გეგმა არა აქვს, თუმცა აპირებს, საქართველოში სამხედრო წვრთნებისა და სწავლებების ინტენსივობა გაზარდოს, _ ეს განცხადება აშშ-ის თავდაცვის მდივნის მეორე თანაშემწემ, მაიკლ კარპენტერმა რამდენიმე დღის წინ, სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტში მოსმენაზე გააკეთა.

 გამოსვლისას მაიკლ კარპენტერმა აღნიშნა, რომ რუსეთი 2008 წლის აგრესიით საქართველოში და 2014 წლის სამხედრო ინტერვენციით უკრაინაში, არა მარტო ევროპულ უსაფრთხოებას დაემუქრა, არამედ საერთაშორისო წესრიგის ფუნდამენტური პრინციპები დაარღვია, რომლებიც განმტკიცებულია ისეთ ფუძემდებლურ დოკუმენტებში, როგორიცაა გაეროს ქარტია, ჰელსინკის დასკვნითი აქტი და პარიზის ქარტია ახალი ევროპისთვის. 

რუსეთი მსგავს თავხედურ უპატივცემულობას გამოხატავს, საქართველოსა და რუსეთს შორის 2008 წელს მის მიერვე ხელმოწერილ ცეცხლის შეწყვეტის და მინსკის 2015 წლის თებერვლის შეთანხმებების მიმართ, _ აღნიშნა თავდაცვის მდივნის მეორე თანაშემწემ.
ჩვენი მიზანია ნატოს არაწევრი ჩვენი პარტნიორ ქვეყნების შესაძლებლობებისა და უნარების განვითარება ისე, რომ წარმატებით გაუმკლავდნენ კონვენციურ და არაკონვენციურ საფრთხეებს. „ევროპელი პარტნიორების დარწმუნების ინიციატივამ, საშუალება მოგვცა, ამერიკული და მოკავშირე ძალების უკეთ გასაწვრთნელად გამოგვეყო ფინანსები სასწავლო-საწვრთნელი ცენტრების დონის ასამაღლებლად. ასევე, გაგვეუმჯობესებინა ერთობლივი წვრთნისა და სწავლების ხარისხი ჩვენს მთავარ პარტნიორებთან _ უკრაინასთან, საქართველოსთან და მოლდოვასთან.
ნატოს არაწევრ პარტნიორ ქვეყნებთან ჩვენი ძალისხმევის ერთ-ერთი მაგალითი კონგრესის მიერ უკრაინისთვის უსაფრთხოების მხარდაჭერის ფონდის დამტკიცებაა, რომელიც 600 მილიონ დოლარს აჭარბებს.
ჩვენ მომდევნო წლებშიც განვაგრძობთ მუშაობას უკრაინელ პარტნიორებთან, რომ მათ ჰყავდეთ უფრო მომზადებული და პროფესიული ძალები, რომლებიც გარე აგრესიისგან უკრაინის დაცვას შეძლებენ.
მართალია, უკრაინისთვის აღმოჩენილი დახმარების მასშტაბი უნიკალურია, მაგრამ ჩვენ თითქმის ანალოგიურად ვეხმარებით სხვა პარტნიორებს.
მაგალითისთვის, 2008 წლის რუსული აგრესიის შემდეგ, საქართველომ უსაფრთხოების მხარდაჭერის ორმხრივი ფონდის მეშვეობით 480 მილიონ დოლარზე მეტი მიიღო. ასეთი ტიპის დახმარებები მომავალშიც შეუწყობს ხელს ჩვენს პარტნიორებს გაუმკლავდნენ უცხო ქვეყნის ზეწოლასა და ძალადობას, _ აღნიშნა მაიკლ კარპენტერმა.
მოსმენისას ამერიკის თავდაცვის მდივნის მეორე თანაშემწეს შეკითხვებზეც მოუწია პასუხის გაცემა. დემოკრატი სენატორი ბენ კარდინი დაინტერესდა რა ისწავლა შეერთებულმა შტატებმა 2008 წლის აგვისტოს ომიდან 8 წლის თავზე.
ბენ კარდინი, სენატორი, „დემოკრატიული პარტია: მე მინდა საქართველოზე გესაუბროთ. მაინტერესებს რა ვისწავლეთ 8 წლის თავზე? რუსებს გაყინული კონფლიქტების შექმნის მდიდარი ისტორია აქვთ, სადაც სამშვიდობო ხელშეკრულების გარეშე, ყველაფერი თითქოს ნორმალურად ვითარდება. გავრცელდა ხმები, რომ მომავალ წელს, საქართველოს ერთ-ერთ, ცხინვალის­ რეგიონში რუსეთთან მიერთების შესახებ რეფერენდუმის ჩატარებას აპირებენ. ვფიქრობ, ეს ერთ-ერთი საშუალებაა, რითაც რუსეთი მათზე ზემოქმედებს და ეს მე, სერიოზულად მაწუხებს. ნაციონალური დაზვერვის დირექტორმა, ჯეიმს კლაპერმა თქვა, რომ ქართველი ხალხის მიერ დასავლეთთან ინტეგრაციისა და შიდა რეფორმების კუთხით მიღწეული პროგრესის მიუხედავად, რუსული აგრესიისა და ზეწოლის რისკი იზრდება.
შარშან სერბეთს ვსტუმრობდი და საქართველოს თავდაცვის მინისტრ, თინა ხიდაშელს შევხვდი. მან გამიზიარა შეშფოთება რუსეთის განუწყვეტელი ზეწოლის შესახებ. რა ვისწავლეთ ამ რვა წლის განმავლობაში პრინციპულობისა და სიმტკიცის კუთხით? ვიცი, რომ ჩვენი სამხედროები ამერიკის შტატ ჯორჯიიდან საქართველოში იმყოფებოდნენ და თუ შეიძლება ამის შესახებაც გვითხრათ. ასევე, რა კეთდება თავდაცვის დეპარტამენტის მხრიდან საქართველოზე რუსული აგრესიისა და ზეწოლის შესაკავებლად? ასევე რა ვისწავლეთ საქართველოს და შემდეგ უკრაინის ყირიმის მოვლენების შედარებით?
მაიკლ კარპენტერი, თავდაცვის მდივნის მეორე თანაშემწე: გმადლობთ სენატორო. სრულად ვიზიარებ შეფასებას, რომ რუსეთი სხვადასხვა საშუალებით ზეწოლას განაგრძობს. დღეისათვის, რუსეთს საქართველოს ტერიტორიის დაახლოებით 20%, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთის რეგიონი (მოსახლეობის მნიშნველოვანი ნაწილიც) აქვს ოკუპირებული და ეს ადმინისტრაციული საზღვრები, რომელსაც რუსეთი აკონტროლებს, განსაკუთრებით სამხრეთ ოსეთის რეგიონის მიმართულებით, საქართველოს უფრო მეტი ტერიტორიის მისათვისებლად განაგრძობს გადმოწევას. რუსეთი ზეწოლის სხვა საშუალებებსაც მიმართავს. მათ შორის არის სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ლიდერის მიერ გახმოვანებული სურვილი _ რუსეთთან მიერთების შესახებ რეფერენდუმის ჩატარების თაობაზე. 2008 წლის რუსული აგრესიის შემდგომ, ჩვენი მიზანი საქართველოს სახელმწიფოებრიობის განმტკიცება და რუსული აგრესიის მიმართ მოწყვლადობის მაქსიმალური შემცირებაა. ამ კრიზისის შემდეგ ჩვენ, დაახლოებით 480 მილიონი დოლარი დავხარჯეთ უსაფრთხოების საკითხებში საქართველოს დასახმარებლად.
ორიოდე კვირის წინ ვიყავი თბილისში, „ღირსეული პარტნიორის“ წვრთნებში მონაწილეობის მისაღებად, რომელსაც საქართველოსთან ერთად ვატარებთ. მასში დაახლოებით 650 ამერიკელი, 500 ქართველი და 150 ბრიტანელი სამხედრო მონაწილეობდა. წვრთნებისას სადესანტო საპარაშუტო გადმოხტომები განხორციელდა, საქართველოში გვყავდა აბრამსის და ბრედლის ტიპის საბრძოლო საშუალებები. ამ წვრთნებით საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განვითარებაში ვეხმარებით. ბოლო ათი წლის განმავლობაში საქართველო აქტიურად მონაწილეობდა ნატოს საერთაშორისო მისიებში, განსაკუთრებით ავღანეთში, სადაც დღემდე საქართველო, ამერიკის შეერთებული შტატების შემდგომ, მეორე ქვეყანაა სამხედროების რაოდენობის თვალსაზრისით...
მათ გაიღეს დიდი მსხვერპლი. განიცადეს საგრძნობი დანაკარგი _ დაკარგეს 32 სამხედრო მოსამსახურე. დაიჭრა 282 მებრძოლი. ბოლო ათი წლის განმავლობაში, ჩვენი წვრთნების უმრავლესობა ემსახურებოდა ავღანეთისა და ერაყისთვის ქართველი სამხედროების მომზადებას. ახლა კი ვაპირებთ მეტი ყურადღება დავუთმოთ ქართველი სამხედროების გაწვრთნას საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ასამაღლებლად.
ბენ კარდინი, სენატორი, „დემოკრატიული პარტია: ამრიკელი სამხედროები მუდმივად თუ გვყავს საქართველოში?
მაიკლ კარპენტერი, თავდაცვის მდივნის მეორე თანაშემწე: ჩვენ არ ვაპირებთ მუდმივად გვყავდეს სამხედროები საქართველოში, თუმცა წვრთნებისა და ტრენინგების ტემპის გაზრდას ნამდვილად ვგეგმავთ.

 

სტატია მომზადდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის მიერ

ტელ: +995(32) 2 72 35 35

ელ-ფოსტა:  stratcom@mod.gov.ge

ვებ-გვერდი mod.gov.ge

ავტორი:

უნდა აიღონ თუ არა ქუთაისში კიკვიძის ძეგლი?

კი - 46.55%
არა - 45.05%
არ იცი - 8.41%
სულ - 333 ხმა