"ქუთაისის ბიუჯეტის ნახევარი 24 500 000 ლარი მერიის, მისი ააიპების და შპს-ების ხელფასებზე დაიხარჯება"
ქუთაისის 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის თანახმად, მცირდება ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსება, სამაგიეროდ ბიუჯეტის ნახევარი მერიის და მისი ააიპების და შპს-ების ხელფასებზე დაიხარჯება - ამის შესახებ საკრებულოს ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე გიგა შუშანია აცხადებს.
როგორც გაერთიანებული ოპოზიციის ქუთაისის ორგანიზაციაში გამართულ ბრიფინგზე დღეს განაცხადეს, ქუთაისის 2019 წლის ბიუჯეტის პირვანდელი პროექტი 2018 წლის ბიუჯეტის პირვანდელ პროექტთან შედარებით 10 მილიონით არის შემცირებული.
საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე გიგა შუშანია აცხადებს, რომ საკრებულოში შესული ბიუჯეტის პროექტით მომავალ წელს ქალაქის განვითარება მნიშვნელოვნად შეფერხდება, რადგან შემცირებულია ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსება და გაზრდილია წარმომადგენლობითი ხარჯები.
"პარლამენტის გადატანის პარალელურად, ნათლად დავინახეთ, რომ ქუთაისი ხელისუფლებისვის პრიორიტეტი აღარაა, რადგან ბიუჯეტი შემცირებულია 10 მილიონით და შეადგენს 49 მილიონს. შემცირებულია ინფრასტრუქტურული პროექტების თანხები, შემცირებულია პროგრამა "კორპუსის" დაფინანსება, სამაგიეროდ, გაზრდილია წარმომადგენლობითი ხარჯები და ხელფასებზე ბიუჯეტის ნახევარი 24 500 000 გაწერილია მერიის, ააიპების და შპს-ებს ხელფასებზე. ეს არის დაცინვა ქუთაისის და ამისთვის მეორე ტურში საკადრის პასუხს მიიღებენ. ბიუჯეტში შეყვანილი არაა მერის მიერ დაანონსებული მასშტაბური პროექტები, გაპონოვის ქუჩა, ასსაფეხურიანი კიბე და რიონისპირა სახლები", -განაცხადა გიგა შუშანიამ.
შუშანია მერიას მოუწოდებს უკან გაიწვიონ ბიუჯეტი და ახალი, მოსახლეობაზე მორგებული ბიუჯეტი შეიტანონ საკრებულოში. მისი თქმით, ციფრები ასახულია საკრებულოში შესულ ბიუჯეტის პროექტში.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი