|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

შეთანხმება უნდა მოხდეს მთავარ საკითხებზე, ან არაფერზე - გიგი წერეთელი

ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმება უნდა მოხდეს მთავარ საკითხებზე, ან შეთანხმდნენ იმაზე, რომ ვერაფერზე თანხმდებიან, რის შემდეგაც გაგრძელდება პროტესტი. ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელი, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი გიგი წერეთელი აცხადებს.

მისივე თქმით, საზოგადოების გაღიზიანება არა იმდენად მოლაპარაკების დეტალების გაუმჟღავნებლობამ, არამედ ხელისუფლებისა და ოპოზიციის ურთიერთგამომრიცხავმა განცხადებებმა გამოიწვია.

„ბუნებრივია, საზოგადოების გაღიზიანება, მაგრამ ეს უფრო ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების ურთიერთგამომრიცხავმა განცხადებებმა გამოიწვია, ვიდრე დეტალების გაუმჟღავნებლობამ. ოპოზიციის წარმომადგენლების დუმილი მოლაპარაკების საკითხებთან დაკავშირებით უფრო გამაღიზიანებელი გახდა ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებების ფონზე. „ოცნების“ წევრები აცხადებენ, რომ მათთვის ახალი არჩევნები, პლებიცისტი და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება წითელი ხაზია, ამის პარალელურად ოპოზიციიდან ისმის განცხადებები პროგრესზე, რაც გაუგებარია. მესმის, რომ, შესაძლოა, თვითმმართველობის არჩევნების რომელიღაც რეგულაციაზე, ან საარჩევნო კანონმდებლობის რომელიღაც საკითხზე შეთანხმდე, მაგრამ ეს ხომ არ არის მთავარი საკითხი, ამას ხომ არ შეუყვანია პროცესები პოლიტიკურ ჩიხში? შეთანხმება უნდა მოხდეს მთავარ საკითხზე, ან ვთანხმდებით იმაზე, რომ ვერაფერზე ვთანხმდებით და გრძელდება პროტესტი“, -აცხადებს გიგი წერეთელი.

მისივე თქმით, ხელისუფლება მკაფიოდ აცხადებს, რომ თანახმაა გროტესტულ პარლამენტზე, რომელიც მრავალპარტიული მხოლოდ ფურცელზე იქნება.

„მთავრობა ძალიან მკაფიოდ ამბობს, რომ არ აპირებენ უფლებამოსილება შეუწყვიტონ იმ დეპუტატებს, ვისი არჩევაც დადასტურებულია ცესკოს მიერ. ეს იქნება ძალიან გროტესკული ნაბიჯი, რომ ფორმალურად შეინარჩუნონ მრავალპარტიული პარლამენტი. ამ პარლამენტის ლეგიტიმურობა იქნება ძალიან დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. ამის თავიდან ასაცილებლად ხელისუფლებამ უნდა გადადგას ნაბიჯი“, - განაცხადა წერეთელმა.

შეგახსენებთ, ოპოზიცია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებს. ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის უცხოელი ელჩების ფასილიტაციით მოლაპარაკების რაუნდები იმართება. ოპოზიციის წარმომადგენლების დუმილმა განსახილველი საკითხების მიმართ საზოგადოების უკმაყოფილება გამოიწვია.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა