|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

შშმ პირები გადაუჭრელ პრობლემებზე საუბრობენ

ოზურგეთის გენდერის მედიაცენტრი საქველმოქმედო ასოციაცია “გურიას“ ბენეფიციარებს შეხვდა. შეხვედრაზე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებმა იმ პრობლემებზე ისაუბრენ, რომელიც წლების განმავლობაში გადაუჭრელია.  

“მე პირადად ველოდები პოლიტიკური პარტიებისგან საარჩევნო პროგრამის გაცნობას და ამის შემდეგ მექნება კონკრეტულ საკითხებზე საუბარი. მინდა გითხრათ, რომ ერთხელ და სამუდამოდ უნდა მოგვარდეს პანდუსების საკითხი, ასევე, ჩვენთვის მნიშველოვანია პარკინგის თემა. ქალაქ ოზურგეთში ჩვენთვის ორი ადგილი არის გამოყოფილი და კარგი იქნება თუ აგრარული ბაზრის მიმდებარე ტერიტორიასთან ახლოს გამოიყოფა კიდევ ერთი ადგილი. ასევე, მივესალმებით, სოფლის და ქალაქის ავტობუსები და სამარშრუტი ტაქსები თუ იქნება ადაპტირებული. ასევე, ის ადგილი, სადაც ხდება ავტობუსების გაჩერება, რადგან ყოველი პრობლემის გარეშე მოხდეს შშმ პირების გადმოყვანა ავტობუსიდან,“ - გვითხრა თამუნა ლურსმანაშვილმა.
“18 წლის ვარ უკვე და იმედია, ადაპტირებული საარჩევნო უბანი დამხვდება, რადგან პრობლემების და სხვისი დახმარების გარეშე გავაკეთო ჩემი არჩევანი,” - ამბობს მონიკა ახვლედიანი წელს პირველად იღებს არჩევნებში მონაწილეობას.
საქველმოქმედო ასოციაცია “გურიას“ ბენეფიციარები ამბობენ, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა ისეთი დაპირებები არ უნდა გასცენ, რის შესრულებასაც ვერ შეძლებენ.
“დავიღალეთ მხოლოდ დაპირებებით და ცრუ იმედებით. ხელისუფლებას უყურადღებობაში ნამდვილად ვერ დავდებთ ბრალს, მაგრამ უფრო მეტია საჭირო იმისთვის, რომ გარემო ყველასთვის ადაპტირებული იყოს,“ - ამბობენ “გურიას“ ბენეფიციარები.
კვლევები ცხადყოფს, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალებისთვის საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვა უდიდეს დაბრკოლებებს უკავშირდება. მათ შორისაა, სამედიცინო დაწესებულებებზე ხელმისაწვდომობის არქონა, მედპერსონალის არაპროფესიონალიზმი, სტერეოტიპებით გაჯერებული დამოკიდებულებები, ექიმების არაკორექტური შეკითხვები. ასევე მნიშვნელოვანი პრობლემა ფსიქო-სოციალური საჭიროების მქონე ქალებისთვის ფსიქიატრიულ დაწესებულებებში რეპროდუქციული ჯანმრთელობის ხელმისაწვდომობის შეზღუდვაა.
შეხვედრა ოზურგეთის გენდერის მედიაცენტრის ორგანიზებით გაიმართა პროექტის „დაუჭირე მხარი ქალთა პოლიტიკაში ჩართულობას!“ ფარგლებში და შეხვედრის მიზანი შეზღუდული შესაძლებლობის ქალთა საჭიროებების გამოვლენა იყო. პროექტი ხორციელდება აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის და ამერიკის შეერთებული შტატებისსაერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით.

ავტორი: ნიუპრესი