|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

შშმ პირების პრობლემები კვლავ გადაუჭრელი რჩება

  კანონი აღიარებს მათ უფლებებს, თუმცა ვერ იცავს. ქვეყანაში არსებული შრომითი უფლებების გათვალისწინებით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანთა დასაქმება კვლავ პრობლემად რჩება.

არაადაპტირებული გარემო შშპ პირებს ხელს არა თუ საზოგადოებაში ინტეგრაციაში, არამედ ყველა მნიშვნელოვანი სერვისის მიღებაში უშლის, მათ შორის განათლების მიღებასა და დასაქმებაში.

იშვიათად ნახავთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე დასაქმებულ ადამიანს.  არ არის მოწყობილი სპეციალური ბილიკები და ტრანსპორტი, რითაც ისინი გადაადგილებას შეძლებენ.

 კანონმდებლობა ყველა იმ პირს, რომელიც საზოგადოებრივი თავშეყრის დაწესებულების მშენებლობას ანხორციელებს, შშმ პირთათვის ადაპტირებული გარემოს შექმნას ავალდებულებს, თუმცა კანონი ამ ადამიანების მიმართ ლოიალურია და ვერავინ იხსენებს, ამ მიზეზით ვინმე დაეჯარიმებინოთ.

საჯარო სამსახურის ბიუროს ანგარიშით, საჯარო სამსახურში სულ 24 ადამიანია დასაქმებული. შევეცადეთ დაგვედგინა, რამდენი შშმ პირია დასაქმებული ქუთაისის თვითმმართველობაში და მასთან დაქვემდებარებულ აიპიებში და  რა პირობებით მოხდა მათი აყვანა. მერის ადმინისტრაციული სამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაცით, თვითმმართველობასა და მასთან დაქვემდებარებულ სამსახურებში ჯამში, 8 შშმ პირი მუშაობას. ეს ადამიანები შრომითი ხელშეკრულებით არიან აყვანილები, კონფიდენციალურობიდან გამომდინარე, მათი ვინაობა არ გასაჯაროვდა.

არცერთი შშმ პირი არ მუშაობს საკრებულოში, ორი პირია დასაქმებული  მერიაში, ერთი  ააიპი  ბაგა-ბაღების გაერთიანებაში, ერთიც კულტურულ დაწესებულებათა გაერთიანებაში, უკეთესი  მაჩვენებელია  სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანებაში, სადაც ოთხი შშმ პირი მუშაობს. 

მათგან განსხვავებით, დასაქმების პრობლემა არაერთხელ შექმნია შშმ პირთა იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარეს, მერაბ ქვარიანს. მისი განცხადებით, ბევრჯერ გააგზავნა ე.წ. cv თუმცა, მისი სურვილი დასაქმების მხოლოდ სურვილად დარჩა.

"არაადაპტირებული გარემო, ეს არის მთავარი პრობლემა, როგორც ქუთაისში, ასევე მთელ საქართველოში. რამდენჯერმე გავაგზავნე ჩემი მონაცემები, მაგრამ ყველგან უარი მივიღე. ვერ უზრუნველყოფენ შშმ პირების გადაადგილებას, ამიტომ ზედმეტ ხარჯებს ერიდებიან და ურჩევნიათ, საერთოდ არ აგიყვანონ. მე პროფესიით იურისტი ვარ და ვიდრე უბედური შემთხვევა მოხდებოდა, ვმუშაობდი.  ახლაც შემიძლია ჩემი პროფესიით მუშაობა, მაგრამ შეუძლებელია. პრობლემებია როგორც კერძო სექტორში, ასევე სახელმწიფო დაწესებულებებში. მერიაში პანდუსი გააკეთეს, მაგრამ ამით არაფერი გამოსწორდა, შშმ პირები ზემოთ ასვლას ვერ ახერხებენ, თანამშრომლებს კი ქვემოთ ჩამოსვლა ეზარებათ", – განაცხადა ქვარიანმა. მისივე თქმით, შესაბამისი გარემო არ არსებობს სახალხო დამცევლის ოფისსა და "საიას" ქუთაისის ორგანიზაციებში, სადაც დახმარების თხოვნით უამრავი ადამიანი მიდის. 

შეზღუდული შესაძლებლობა კი არა, არამედ შეზღუდული გარემო  რომ არსებობს, ყველა თანხმდება. მიუხედავად ამისა, ნაკლებად ხდება გარემოს გაუმჯობესება. ეტლით მოსარგებლე ადამიანები ქუჩაში სწორედ არაადაპტირებული გარემოს გამო არ გამოდიან. ქუთაისის მერიის ინიციატივით, ერთ–ერთი დიდი პროექტში, რაც თამარ მეფის ქუჩის რეაბილიტაციას ითვალისწინებდა, გათვალისწინებული იყო ტროტუარებზე პანდუსების მოწყობა. მერიის დაფინასებით, რადენიმე კორპუსზე მოხდა პანდუსის მონტაჟი. მათ შორის გაკეთდა ადგილობრივი თვითმმართველობის შენობაზე, თუმცა აღსანიშნავია, რომ პანდუსი კონდიციონერების ქვეშ მოეწყო, რაც ეტლით მოსარგებლეთა გადაადგილებას არაკომფორტულს ხდის.

ამასთან შშმ პირთა მერიაში გადაადგილების პრობლემა ვერ მოაგვარდა, რადგან იმის გათვალისწინებით, რომ მერიის ყველა სამსახური ზედა სართულებზეა განთავსებული და არ არის სპეციალური ლიფტი. შშმ პირების მერიაში გადააგილება პირველ სართულზე სრულდება.

 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე  პირთათვის ადაპტირებული გარემო სახალხო დამცველის ქუთაისის ფილიალში  ამ დრომდე რომ  არ არის,   ამის შესახებ "ახალი გაზეთი" მიმდინარე წლის გაზაფხულზეც წერდა, თუმცა საკითხით დაინტერესების შემდეგ ერთადერთი, რისი გარკვევაც მოხერხდა, არის ის, რომ შენობა ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის ბალანსზეა და ამასთან კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაშია შეყვანილია, რაც გარკვეულ პროცესებს  აჭიანურებს.

„გვესმის, რომ სახალხო დამცველის ოფისი ყველა ადამიანისთვის მნიშვნელოვანია და ვცდილობთ, ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს. რაც შეეხება ქუთაისის ოფისის შენობას, შშმ პირებზე მორგებული რომ გახდეს, ამისთვის სახალხო დამცველს  მუშაობა დაწყებული აქვს.  მიმდინარეობს სამუშაოები შენობის ჩვენს ბალანსზე გადმოსაცემად. მდგომარეობას შენობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში ყოფნა ართულებს, როგორც კი შენობა ჩვენს ბალანსზე გადმოვა, შევეცდებით, იერსახის დამახინჯების გარეშე შშმ პირთათვის ადაპტირებული გავხადოთ“,–აღნიშნავდა სახალხო დამცველის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი ანა თამაზაშვილი.

შშმ პირთათვის შესაბამისი გარემო არც  "საიას" ქუთაისის ფილიალშია შექმნილი. როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, საკონფერენციო დარბაზი პირველ სართულზეა და დაინტერესებულ პირს დარბაზში გამართულ შეხვედრებზე დასწრება თავისუფლად შეუძლია. პოპულარეული ორგანიზაცია ორ სართულზეა განლაგებული, როგორც მეორე,  ასევე პირველი სართულის საკონფერენციო დარბაზში მოხვედრა კიბით არის შესაძლებელი.

არასათანადოდ ადაპტირებულია წერეთლის უნივერსიტეტი. შესაბამისი ინფრასტრუქტურის არარსებობობის გამო სწავლის გაგრძელება უჭირს წერეთლის უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტს თეონა მოდებაძეს. ის უნივერსიტეტში მამის დახმარებით დადიოდა, თუმცა  როგორც აღნიშნავს, წელს, შესაძლოა, აკადემიური შესვენება აიღოს.

"ადრე მამის დახმარებით კიბეებზე გადავაადგილდებოდი, ახლა მიჭირს.  შესაძლია, აკადემიური ავიღო. ადაპტირებული გარემო არამარტო წერეთელში, ყველგან პრობლემაა. ტრანსპორტში დამოუკიდებლად ვერ ავდივარ, მხოლოდ "წრიულში" არის ეტლის დასაყენებელი ადგილი, სხვაგან არაა, ამიტომ მიჭირს ქალაქში გამოსვლა",–აცხადებს თეონა მოდებაძე.

მიუხედავად პრობლემაზე საუბრისა და მცირე აქტივობებისა, პრობლემა  მწვავედ რჩება. თითქმის ვერცერთი კერძო თუ სახელმწიფო სამსახური ვერ უზრუნველყოფს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დასაქმებასა და დახმარებას. კანონმდებლობა ვერ შეიცავს გარანტიებსა და მექანიზმებს, რაც დასაქმებულ შშმ პირთა რაოდენობას გაზრდის.

არსებული ვითარების შესაცვლელად კვოტირების დაწესებას მოითხოვენ, რაც დამსაქმებელს დაავალდებულებს სამუშაოზე მიიღონ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და მათ შესაბამისი გარემო შეუქმნან. იქამდე კი ადამიანები ჩვენი რეალობიდან საზოგადოებაში ინტეგრაციასა და წარმატებას სწორედ  საზოგადოების კეთილი ნების  დეფიციტის გამო ვერ აღწევენ.

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი