|
  • EUR 1 = GEL 2.8067
  • USD 1 = GEL 2.3895
|

შსს რეფორმა - მოქალაქეების პოლიტიკური ტერორისგან დაცვა, თუ ერთის ნაცვლად ორი მონსტრი უწყების ჩამოყალიბება?!

უკვე ერთი თვეა, ქვეყნის მმართველ სტრუქტურებს ახალი სამსახური, სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტო შეემატა. „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისშესახებ“კანონი მე-8 მოწვევის პარლამენტმა 2015 წლის 8 ივლისს მიიღო, რის შედეგადაც შინაგან საქმეთა სამინისტრო ორად გაიყო. სამინისტროს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გამოეყო.
საქართველოს პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმის დაწყებით ხელისუფლებამ წინასაარჩევნო დაპირება შეასრულა.
„2012 წელს ხელისუფლებაში მოსვლამდე ჩვენ ხალხს დავპირდით, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო იქნებოდა დემოკრატიულ და დასავლურ სტანდარტებზე დაფუძნებული სტრუქტურა. ჩვენ დავიწყეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმა, გავხადეთ უწყება დეპოლიტიზირებული. ვმიჯნავთ მისგან უსაფრთხოების სამსახურებს. სწორედ ამ გადაწყვეტილებით, ჩვენმა კოალიციამ დაამტკიცა, რომ ვართ ერთგულნი ჩვენი დანაპირების“, -აღნიშნა პრემიერმა.
პირველი აგვისტოდან ვახტანგ გომელაურმა, რომელიც მანამდე შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობდა, ახალი უწყება ოფიციალურად ჩაიბარა დამართვას შეუდგა.
„წელს უკვე ორჯერ მომიწია (პირველად შსს მინისტრის პოსტზე, მეორედ უსაფრთხოების სამსახურის უფროსად ავტ.) ვახტანგ გომელაურის წარდგენა. იგი უაღრესად სამართლიანი და პრინციპული ადამიანია, მჯერა რომ წარმატებით უხელმძღვანელებს უსაფრთხოების სამსახურს და ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ამ უწყებამ ჩვენს მოქალაქეებში დიდი ნდობა მოიპოვოს“, - განაცხადა პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ვახტანგ გომელურის უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პოსტზე წარდგენისას.
შინაგან საქმეთა სამინისტრო გიორგი მღებრიშვილმა ჩაიბარა, რომელიც მანამდე სასჯელაღსრულების სამინისტროს ხელმძღვანელობდა.
„ბატონი გოგა გახლავთ ორი შვილის მამა. იგი არის თავისი წესიერებით გამორჩეული. პროფესიით გახლავთ სამართალმცოდნე, ამ სფეროში მუშაობის 18 წლიანი გამოცდილება აქვს. სხვადასხვა პერიოდში იგი მუშაობდა არა ერთ მაღალ თანამდებობაზე, როგორც პოლიციაში, ასევე ფინანსურ პოლიციაში, საგამოძიებო სამსახურებში, შემოსავლების სამსახურში. იგი არის ძლიერი მენეჯერი, კარგად იცნობს სისტემას და ზუსტად იცის, რა სჭირდება დღევანდელ ქვეყანას, საზოგადოებას და ჩვენს პოლიციელებს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა ახალი შინაგან საქმეთა მინისტრის წარდგენისას.

11 წელი უწყებების გაერთიანება-გაყოფას შორის
11 წელი გავიდა, მას შემდეგ, რაც „ვარდების რევოლუციით“ მოსულმა ხელისუფლებამ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მეთაურობით უშიშროების სამინისტრო მთლიანად შინაგან საქმეთა სამინისტროს შეუერთა და და იმჟამინდელი უშიშროების მინისტრს ვანო მერაბიშვილს ჩააბარა გაერთიანებული უწყება. დღევანდელი გადმოსახედიდან, ექსპერტების და დღევანდელი ხელისუფლების აზრით, ამით ერთ უწყებაში ძალაუფლების არაგონივრული კონცენტრაცია მოხდა.
თუმცა როგორც ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია აღნიშნავს, მაშინ იმიტომ გაერთიანდა ეს სამსახურები, კორუფცია რომ დაეძლიათ. თუმცა მოგვიანებით ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ხელში გაერთიანებული უწყება სადამსჯელო მანქანად გადაიქცა.
„2004 წელს იყო დაბალანსებული პოლიტიკური სისტემა. მიხეილ სააკაშვილი, ზურაბ ჟვანია და ნინო ბურჯანაძე მართავდნენ ქვეყანას. მაშინ გამართლებული იყო უწყებების გაერთიანება, რადგან კორუფციასთან ბრძოლას ასე სჭირდებოდა. 2005 წელს, როგორც კი ჟვანია გარდაიცვალა, მაშინვე შეიცვალა პოლიტიკური ლანდშაფტი საქართველოში. მაშინ მოახდინა მიხეილ სააკაშვილმა სწორედ ხელისუფლების უზურპაცია. გაერთიანებულ შინაგან საქმეთა სამინისტროს სათავეში ჩაუყენა ჯალათი ვანო მერაბიშვილი. ეს უწყება იყო პოლიტიკური რეპრესიების მთავარი გამტარებელი. დაზვერვის ფუნქციას ასრულებდა კონტრდაზვერვის დეპარტამენტი, ხოლო სოდი და ანტიტერორისტული დეპარტამენტი იყო სახელმწიფო ტერორის განმახორციელებლი სტრუქტურები“, - ამბობს ვახტანგ მაიასაია.


 ყოფილი მაღალჩინოსნების მიერ ჩადენილი ყველაზე გახმაურებული დანაშულად სანდრო გირგვლიანის მკვლელობას ასახელებენ. ასევე შსს–ს კონსტიტუციურიუსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის დათა ახალაიას და მისი ყოფილი მოადგილის სოსო თოფურიძის მიერ ჩადენილ სისხლის სამართლის საქმეს, წამების და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით იმ შემთხვევაზე, რომელიც 2006 წელს პოლიციის თანამშრომლების ცემას ეხებოდა.
ექსპერტები იმედოვნებენ, რომ მსგავსი შემთხვევების აღკვეთას ხელს შეუწყობს შსს რეფორმა:
„ამჟამინდელი რეფორმის დადებითი მხარე პირველ რიგში ის იქნება, რომ მოქალაქეები აღარ იქნებიან დაშინებულები. სამზარეულოში ვერ დაიჩურჩულებდი! მიდიოდა მასობრივი ტერორი!  რა სისულეებს აღარ აბრალებდნენ ადამიანებს! ვისაც განსხვავებული აზრი ჰქონდა, იმას ანადგურებდნენ! ახლა იდიოტური პოლიტიკური ტერორისგან იქნება მოქალაქე დაცული. მეორეც ისაა, რომ საქართველოში ვეღარ იპარპაშებენ სხვადასხვა ჯურის ტერორისტები. შესაბამისად, სახელმწიფო ამ საკითხს უფრო პასუხისმგებლობით მოეკიდება და საქართველო აღარ იქნება სხვადასხვა ტერორისტებისთვის გამავალი კორიდორი. არ იქნება ნარკოტიკების და იარაღის, უკანონო, შავი ტრანზიტის მატარებელი ქვეყანა“, - იმედოვნებს ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია.


როგორც კანონპროექტის ახსნა-განმარტებით ბარათში წერია, მისი შემუშავება განპირობებულია პოლიციისა და სახელმწიფო უსაფრთხოების ორგანოების ორგანიზაციული გამიჯვნის აუცილებლობით, მათი ინსტიტუციური დამოუკიდებლობისა და საქმიანობის ეფექტიანობის ამაღლების უზრუნველსაყოფად. ამასთან, ცვლილებების მიზეზს წარმოადგენს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშვალდებულების გაზრდა.
„2004 წლის მიწურულს სახელმწიფო უსაფრთხოების ორგანოები შინაგან საქმეთა სამინისტროს ფარგლებში მოექცა, რის შედეგადაც სამინისტროში ძალაუფლების კონცენტრაციის საფრთხე გაჩნდა. ზემოაღნიშნული მიზეზის გამო დღეს პრიორიტეტულია, შეიქმნას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური საკუთარი ამოცანებითა და სტრუქტურით. სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპი მოითხოვს ორგანოთა შორის უფლებამოსილების განაწილებას. შესაბამისად, საჭიროა ფუნქციათა გამიჯვნა შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს შორის. ცვლილებები წარმოადგენს რეფორმის ლოგიკურ გაგრძელებას, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროში დაწყებულია 2012 წლიდან“, - აღნიშნულია კანონპროექტში.

რა ფუნქციები ექნება ახალ სამსახურს?
სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს (დეპარტამენტი) ძირითადი ამოცანებია: საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, კონსტიტუციური წყობილებისა და სუვერენიტეტის უცხო ქვეყნის სპეციალური სამსახურებისა და ცალკეულ პირთა მართლსაწინააღმდეგო ქმედებისაგან, ასევე სახელმწიფოს კონსტიტუციურისისტემისა და ხელისუფლების არაკონსტიტუციური, ძალადობრივი გზით შეცვლის გამოვლენა და დაცვის უზრუნველყოფა; სახელმწიფოს პოლიტიკური დაეკონომიკური საფრთხის პროგნოზირება, გამოვლენა-აღკვეთა და ნეიტრალიზება, ამ მიზნით ინფორმაციის მოპოვება და ანალიტიკური დამუშავება; სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ და ექსტრემიზმის ნიშნების მატარებელ დანაშაულთა გამოვლენა და აღკვეთა; გარემეთვალყურეობის უზრუნველყოფა; მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საქმეებზე საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი საფუძვლებითა და წესით სისხლის-სამართლებრივი იძულების ღონისძიებების გამოყენება; დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევათა თავიდან აცილებისა და აღკვეთის მიზნით პრევენციული ღონისძიებებისგანხორციელება; განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე სახელმწიფო ორგანოებსა და დაწესებულებებში დანიშნული უსაფრთხოების საკითხთა ოფიცრებისსაქმიანობის კოორდინაცია და კონტროლი, მათ მიერ მოწოდებული ინფორმაციის ანალიტიკური დამუშავება.
რაც შეეხება ფინანსურ მხარეს, კანონპროექტის განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ უსაფრთხოების სამსახურის დაფინანსება 2015 წლის ბოლომდე 36 743 994ლარით განისაზღვრება და ბიუჯეტში შესაბამისი ცვლილებების ასახვამდე, ეს თანხები შსს-ის დაფინანსებიდან გამოიყოფა, რომელიც მიმდინარე წელს 638.7 მლნლარს შეადგენს. წინასწარი გათვლებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, მთლიანობაში 4 ათასი თანამშრომელი იმუშავებს.

რატომ არის მიუღებელი ე.წ. „ოდეერის“ ინსტიტუტი?
სამსახურის ფუნქციებს შორის ყველაზე მეტ კრიტიკას იმსახურებს უსაფრთხოების საკითხთა ოფიცრების, ე.წ. „ოდეერების“ ინსტიტუტი, რომელიცარასამთავრობოების აზრით, საბჭოთა კავშირის გადმონაშთია:
„ახალ კანონში ეს ინსტიტუტი რჩება. „ოდეერი“ არის ადამიანი, რომელიც ჩანერგილია სხვადასხვა უწყებაში. მათი გამოყენება საქართველოში, სამწუხაროდ,ყოველთვის ხდებოდა პოლიტიკური ნიშნით. ცნობილია, ვინ არის „ოდეერი“. მის შესახებ ყველამ ყველაფერი იცის. ჩვენ რამდენიმე ანგარიში მოვამზადეთ, სადაცმათი გვარები ჩამოვთვალეთ. საქვეყნოდ ცნობილები არიან და როგორი აგენტები არიან, მაშინ როცა საზოგადოების ფართო წრემ მათ შესახებ იცის? მას ერთადერთიმიზანი აქვს, მოიპოვოს ის ინფორმაცია, რაც პოლიტიკურად გამოადგება. ეს ძალიან დიდი პრობლემაა და საბჭოთა კავშირიდან მომდინარე ინსტიტუტია. მასიყენებდა როგორც საბჭოთა კავშირი, ასევე ჩვენი ყველა ხელისუფლება.
ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ერთხელ და სამუდამოდ უნდა აღმოიფხვრას საბჭოთა „ოდეერების“ პრაქტიკა. რომელიც უკვე დიდი ხანია, საქართველოში არსებობს დარომელსაც არანაირი შედეგი არ აქვს“, - ამბობს არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ იურისტი გია გვილავა.
უსაფრთხოების საკითხთა ოფიცრების ინსტიტუტის გაუქმებას ემხრობა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თამარ კორძაია. მისი თქმით, უსაფრთხოებისსამსახურის უფროსმა ვახტანგ გომელაურმა „ოდეერები“ უნდა გაათავისუფლოს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს და უსაფრთხოების ერთმანეთისგან გამიჯვნით ძალოვანი სისტემების რეფორმა დაიწყო. მთავარია, რომ საკანონმდებლო საფუძველი არსებობს იმისა, რეალურად დამოუკიდებელი და დეპოლიტიზებული უსაფრთხოების სამსახური არსებობდეს. ბევრი რამ უკვე ამ სამსახურის უფროსზე, ვახტანგ გომელაურზეა დამოკიდებული. ვფიქრობ, გამჭვირვალობისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი უნდა იყოს ის, რომ უსაფრთხოების სამსახურმა „ოდეერების“განთავისუფლების შესახებ განაცხადოს. ეს რეფორმის მხოლოდ ერთი ნაწილია“, - აღნიშნა დეპუტატმა.

„რეფორმის შედეგად მივიღეთ ისეთი უწყება, რომელიც პრაქტიკულად კონტროლს გარეთაა“
უსაფრთხოების სამსახურის უფროსს პარლამენტი 6 წლის ვადით ირჩევს, მისი გადაყენების უფლება მთავრობის მეთაურს აღარ ექნება. მთავრობის წევრები აღნიშნავენ, რომ ეს ხელს შეუწყობს სამსახურის დამოუკიდებლობას. ამ მოსაზრებას ეთანხმება ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია.
„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დაექვმდებარა აღმასრულებელ ხელისუფლებასთან ერთად პარლამენტსაც. ოპერატიული მართვის კუთხით მხოლოდ მთავრობას ჩააბარებს ანგარიშებს, მის წინაშე იქნება ვალდებული, მაგრამ მისი საქმიანობის შემოწმების საშუალება პარლამენტსაც მიეცემა. ასევე ის ექვსწლიანი ვადა, რომელიც ეძლევა ამ სამსახურის ხელმძღვანელს, ეს არის კარგი მოდელი, რომელიც გამორიცხავს იგივე მთავრობის მხრიდან რაიმე ზეგავლენის მოხდენას. იმიტომ, რომ ამ სამსახურის ხელმძღვანელი იქნება დამოუკიდებელი პოლიტიკური ფიგურა“ - ამბობს ექსპერტი, თუმცა ამასთან აღნიშნავს, რომ რადგან პარლამენტს დაექვემდებარა უწყება, იქაც უნდა იყოს უშიშროების კომიტეტი. „თავდაცვის კომიტეტი უნდა გაიყოს ყველა ვარიანტში, იმიტომ რომ არ შეიძლება საქართველოში უსაფრთხოების და თავდაცვის საკითხები ერთ ქვაბში იხარშებოდეს“, -აღნიშნავს ვახტანგ მაისაია.
უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობაზე საწინააღმდეგო მოსაზრება აქვს ფონდ „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ იურისტს გია გვილავას. მისი თქმით, ძალიან ბევრი საკითხი დარჩა, რომელიც რეფორმის განხორციელების მომენტში არ გაითვალისწინეს.
„ამ ორი უწყების გაყოფა რეალურად ატარებდა ტექნიკურ ხასიათს, შინაარსობრივი დატვირთა ნაკლები ჰქონდა. ახალი უსაფრთხოების სამსახურის გარეკონტროლის მექანიზმები პრაქტიკულად არ არსებობს. შიდა კონტროლის მექანიზმის, იგივე გენინსპექციის რეფორმაა საჭირო. მათი ძალაუფლება ძალიან დიდია, რადგან პოლიციური კონტროლის უფლებაც აქვთ. ბევრი საერთაშორისო ორგანიზაციის რეკომენდაციაა, რომ უსაფრთხოების სამსახურებს მხოლოდ ანალიტიკური ფუნქცია ჰქონდეს. ამაზე ევროსაბჭო საუბრობს და ეს რეკომენდაცია მათ არ გაითვალისწინეს“, - ამბობს „გამჭვირვალობის“ იურისტი.
მისი თმით, რეფორმის შედეგად მივიღეთ ისეთი უწყება, რომელიც პრაქტიკულად კონტროლს გარეთაა. ძალიან გასაიდუმლოებულია, აქვს მოსმენის, პოლიციური ფუნქციების განხორციელების უფლება, რაც იმას ნიშნავს, რომ შეუძლია დააკავოს ხალხი. ის ფაქტი, რომ მის ხელმძღვანელს პარლამენტი აირჩევს, იურისტის აზრით, არ ნიშნავს იმას, რომ მის კონტროლს ახორციელებს პარლამენტი. გვილავას მიაჩნია, რომ პარლამენტის ეს ერთი კომპეტენცია, ამდენ პრობლემაზე საერთოდ არანაირ გავლენას არ ახდენს.
„ჩვენ გვაქვს დიდი რისკი, დაირღვეს ადამიანის უფლებები. მეორე ამ უფლების დამრღვევები იქნებიან დაუსჯელები, იმიტომ რომ არ არსებობს ამ უწყების კონტროლის მექანიზმი. ეს პრობლემები ჰაერშია გამოკიდებული და არ ვიცით, რეალური შინაარსობრივი ცვლილებები როდის მოხდება. ახლა გვაქვს სისტემა, რომელიც ყოველგვარი კონტროლს გარეთ არის გასული და არის ძალიან საშიში. ვერ ვიტყვი, რომ ძალაუფლების კონცენტრაცია რომ არ მოხდება ერთი უწყების ხელში, სასწაულებრივი წინგადადგმული ნაბიჯია. რაც არ უნდა გაყონ სისტემები და რაც არ უნდა მეტი სამინისტრო გამოგვივიდეს, ეს რისკები ყოველთვის იქნება. ერთი დიდი უწყება, რა თქმა უნდა, ძალიან ცუდია, მაგრამ ჩემთვის როგორც მოქალაქისთვის, ერთი დიდი უწყება დამირღვევს უფლებას, თუ 5 სხავადსხვა, ამასარანირი მნიშვნელობა არ აქვს. აქ საუბარია იმაზე, რომ არ არსებობს კონტროლის მექანიზმები. იმიტომ რომ სისტემა არის დახურული. არც გარე და არც შიდაკონტროლის მექანიზმები არ არსებობს. რამდენიმე ნაბიჯი ერთად უნდა გადაიდგას შსს რეფორმისთვის: ესაა პოლიციური უფლებების ჩამორთმევა უსაფრთხოების სამსახურისთვის და მისთვის მხოლოდ ანალიტიკური ფუნქციის მინიჭება“, - აცხადებს გია გვილავა.
როგორც შსს მინისტრის ყოფილმა მოადგილემ და ახლა უკვე უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე ლევან იზორიამ აღნიშნა, წარმოდგენილი ცვლილებები უფრო ფართო მასშტაბიანი რეფორმის დასაწყისია და შსს-ს გაყოფას შემდგომი ინსტიტუციონალური ცვლილებები მოჰყვება.

ავტორი: ცისანა შერგილაშვილი