|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

შვილის მკვლელობაში მსჯავრდებულ არასრულწლოვან დედას შეზღუდული შერაცხადობა დაუდგინდა

კასპში 7 თვის შვილის მკვლელობაში მსჯავრდებულ არასრულწლოვან დედას ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნით, შეზღუდული შერაცხადობა დაუდგინდა.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით არ საუბრობს მსჯავრდებული არასრულწლოვნის ადვოკატი ერმილე ჭეიშვილი.

როგორც ის აცხადებს, ვინაიდან საქმე არასრულწლოვნის ჯანმრთელობის მდგომარეობას ეხება და ამას გარდა, სხდომა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა, დეტალებთნ დაკავშირებით საუბრის უფლება არ აქვს.

„ინფორმაციას ექსპერტიზის დასკვნასთან დაკავშირებით ვერ დაგიდასტურებთ და ვერც უარვყოფ. პოზიცია ჩემი დაცვის ქვეშ მყოფთან შეთანხმებული არ მაქვს. მოგეხსენებათ, საქმე ეხება არასრულწლოვნის ინტერესებს”, - განაცხადა ჭეიშვილმა.

რაც შეეხება იმ ფაქტს, ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე შეუფარდა თუ არა მოსამართლემ მსჯავრდებულს შედარებით მსუბუქი სასჯელი - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, ან იკვეთებოდა თუ არა სხვა გარემოებებიც, ამასთან დაკავშირებით, ადვოკატი აცხადებს, რომ სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილება ჯერ არ ჩაბარებია, შესაბამისად, ის ვერ ისაუბრებს, თუ რის საფუძველზე შეეფარდა მოზარდს 6-წლიანი სასჯელი.

შეგახსენებთ, რომ შვილის მკვლელობაში მსჯავრდებულ არასრულწლოვანს გორის რაიონულმა სასამართლომ სასჯელის სახედ და ზომად 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად 1/4-ით შეუმცირდა და საბოლოოდ 6 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.

სამართალდამცავებმა კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ აღაიანში, 7 თვის ბავშვის მკვლელობის ბრალდებით ჩვილის არასრულწლოვანი, 16 წლის დედა 21 მაისს დააკავეს.

 

ავტორი: ნიუპრესი