|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"სიმბოლურია, რომ ორი დღესასწაული ერთმანეთს დაემთხვა"

სიმბოლურია, რომ წელს ეს ორი დღესასწაული ერთმანეთს დაემთხვა, - განაცხადა "ევროპული საქართველოს"ერთ-ერთი ლიდერმა გია თევდორაძემ. მისი თქმით, ისევე როგორც ქრისტეს გოლგოთის გზა დაიწყო იერუსალიმში დიდებით შესვლით, ასევე 28 წლის წინ, 9 აპრილს დაიწყო ქართველი ხალხის ეკლიანი გზა დამოუკიდებლობის გზაზე.

"მინდა, ყველა ჩემს თანამემამულეს მივულოცო ბზობის ბრწყინვალე დღესასწაული და 9 აპრილი, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე. ეს არის დღე, როდესაც ჩვენ დავიწყეთ ტრაგიკულად სვლა არც თუ ისე იოლ და ია-ვარდით მოფენილ გზაზე. ვფიქრობ, რომ ეს ორი დღესასწაული  ერთმანეთს  რომ დაემთხვა, ამაში გარკვეული სიმბოლიზმიც დევს.  ისევე როგორც ჩვენი უფალი დიდებით შევიდა იერუსალიმში, საიდანაც დაიწყო მისი სვლა გოლგოთისაკენ, ასევე ძალიან შეგნებული და წინასწარ განსაზღვრული ნაბიჯი გადადგა მთელმა ერმა 28 წლის წინ, როდესაც ჩვენ დავიწყეთ ეკლიან გზაზე სიარული, რომლის საბოლოო მიზანი არის ტერიტორიული მთლიანობა, დამოუკიდებლობა, რომელიც ჯერ არ არის ბოლომდე მიღწეული და მთავარი წინაღობაა  ერთმორწმუნე რუსეთი" ,- განაცხადა გია თევდორაძემ. 

მისი თქმით, როგორც უფლის თავგანწირვას და ნებას წინ ვერაფერი აღუდგა, ისე ჩვენს სწრაფვასაც მთავარი მიზნისაკენ ვერაფერი შეაჩერებს.

"ევროპული საქართველოს" ქუთაისის ორგანიზაციის წარმომადგენლებმა 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკეს და გმირების ხსოვნას სანთლები აუნთეს.

ავტორი: ირინა მაკარიძე