|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"სკეიტ პარკის მოსაწყობად 80 000 ლარია საჭირო"

სკეიტ პარკის მოთხოვნით ქუთაისში აქცია გაიმართა. სკეიტერები მერიისაგან გასულ წელს გაცემული დაპირების შესრულებას ითხოვენ.

ახალგაზრდები დღეს მერიის წინ შეიკრიბნენ და თვითმმართველობა ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულეს.

"გასულ წელს დაგვპირდნენ, რომ მოეწყობოდა სკეიტ პარკი და თანხებიც გამოიყო. ახლა გვეუბნებიან, რომ თანხა არ არის, მაშინ სად წავიდა ბიუჯეტიდან გამოყოფილი 50 000 ლარი?"-აცხადებენ აქციის მონაწილეები. ერთ-ერთი სკეიტერის, ნინი ხელაძის ინფორმაციით, მათ ჰყავთ სპონსორი, რომელიც პარკს საჭირო ინვენტარით აღჭურავს, ახალგაზრდები თვითმმართველობისგან  მხოლოდ მიწის გადაცემას მოითხოვენ.

სკეიტ პარკის მოწყობის მოთხოვნას ეთანხმება მერიის საბინაო სამსახურის უფროსი ვლადიმერ ნაკაშიძე. მისი განცხადებით,  პარკის მოწყობა მათი იდეა იყო. 

"ვეთანხმები, რომ სკეიტ პარკი უნდა იყოს. ჩვენი იდეა იყო განგვევითარებინა სპორტის ახალი სახეობა. შევხვდით ამ ბავშვებს და ვგეგმავდით მათთან ერთად  მოგვეწყო პარკი. თავდაპირველად, გამოიყო 50 000 ლარი. შემდგომმა გათვლებმა აჩვენეს, რომ ამას 80 000 ლარი უნდოდა, რაც არ აღმოჩნდა იმ დროისთვის  ბიუჯეტში, ამიტომ გასულ წელს ეს თანხა სხვა პრიორიტეტებზე გადანაწილდა.  წელს კი ბიუჯეტში თანხა არ არის გამოყოფილი. თუმცა ჩვენ არ ვამბობთ, რომ ეს წინადადება არ განიხილება, უბრალოდ, გვინდა სკეიტ პარკი განთავსდეს სპორტულ კომპლექსში, რომლის მოწყობა  ყოფილ ლიტოფონის ქარხანის მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყობა", -განაცხადა ვლადიმერ ნაკაშიძემ.

არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდებმა მერიას, "ორმაისობის" ღონისძიებაში მონაწილეობისათვის პროექტის დაფინანსება შესთავაზეს. მათი წარმომადგენელი გიგა მიქაძე მერიის თანამშრომლებს შეხვდა და პროექტის დასაფინანსებლად 2 000 ლარი მოითხოვა. ფაქტს არ ადასტურებენ მერიაში და აცხადებენ, რომ მიქაძემ 7 000 ლარიანი მათ წინადადება წარუდგინა.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა