|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის დაწყების თარიღი არ შეიცვლება

სასწავლო პროცესი როგორც სკოლებში ისე უმაღლესებში წესის მიხედვით დაგეგმილ დროს განახლდება.  ამის შესახებ  საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მთავრობის კანცელარიაში განაცხადა.

მისი თქმით, განათლების სისტემა ნებისმიერი სცენარისათვის მზად არის.

“დღევანდელი ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, რაც შეეხება სექტემბერში სწავლის დაწყებას, სკოლებში, საკლასო ოთახებში სწავლა დაიწყება 15 სექტემბერს, ჩვეულ რეჟიმში. ასევე უნივერსიტეტებში – აუდიტორიებში დაიწყება სასწავლო წელი. რასაკვირველია, ჩვენ მზად ვართ ყველა სცენარისთვის, კიდევ ვიმეორებ, რომ დღევანდელი მონაცემებიდან გამომდინარე ჩვენ განვაახლებთ სასწავლო პროცესს ჩვეულ რეჟიმში, საკლასო ოთახებში და აუდიტორიებში, მაგრამ, ასევე, მზად ვართ ყველანაირი სცენარისთვის და რასაკვირველია, საგანმანათლებლო სისტემა მოერგება იმ ეპიდსიტუაციას, რომელიც იმ დროს იქნება აქტუალური”, – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

კომენტარი გააკეთა რეკომენდაციებისა და სტანდარტების შესახებ სწავლის განახლების პარალელურად დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემაც. მისი თქმით, სტანდარტები სასწავლო პროცესის დაწყების შემდეგ ქცევებისა და წესების შესახებ მუშავდება და გამოქვეყნდება.

“დღევანდელი ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით, სწავლის დაწყებას არავითარი საშიშროება არ ემუქრება. ხაზს ვუსვამ, დღევანდელი მოცემულობით, რადგან დარჩენილია კიდევ თვენახევარი. ამიტომ ეს დამოკიდებული იქნება, რა თქმა უნდა, ეპიდსიტუაციაზე. სწავლის დაწყებისას იქნება მობილობის გაზრდა ქვეყანაში, როდესაც ათასობით ბავშვი სკოლაში და სტუდენტი დაიწყებს სწავლას და ის ვერ იქნება ტრადიციულ სტილში. თუ იჯდა 20 ადამიანი, ვერ დაჯდება ახლა ოცი ერთ ოთახში და ამაზე ვმუშაობთ. იქმნება სტანდარტი, როგორ უნდა დასხდნენ ბავშვები საკლასო ოთახებში და როგორ უნდა დასხდნენ სტუდენტები აუდიტორიებში. როგორი უნდა იყოს იქ ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებები – აუცილებლად ხელების ხშირი დამუშავება, პირბადეების ხმარება დერეფნებში, შესვენებებზე. მოგეხსენებათ, რომ მცირეწლოვან ბავშვებში პირბადე არ არის რეკომენდირებული, ამიტომ ამაზეც მივცემთ რეკომენდაციებს, სტანტარტი მუშავდება როგორც სკოლებთან, ისე უმაღლეს სასწავლებლებთან დაკავშირებით. დარწმუნებული ვართ, რომ დამყოლობა სკოლებიდანაც და უმაღლესებიდანაც იქნება და ასეთი დიდი მობილობის ზრდის ფონზე, არ გავაუარესებთ ეპიდსიტუაციას ქვეყანაში”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა