|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სოციალურ საცხოვრისში შესრულებული სამუშაოების ხარისხს ექსპერტიზის ბიურო შეისწავლის

ქუთაისის მერიის ინფორმაციით, სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო სოციალურ საცხოვრისში შესრულებული სამუშაოების ხარისხს შეისწავლის.

ექსპერტიზა ასევე დაადგენს სოციალური საცხოვრისის საპროექტო დოკუმენტაციის შესაბამისობასა და ხელშეკრულებით განსაზღვრულ სავალდებულო პირობებს.

სოციალურ საცხოვრისთან დაკავშირებით უკვე შეიქმნა კომისია, რომელმაც შენობის ვიზუალური დათვალიერებისა და დოკუმენტაციის შესწავლის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება, გადაუდებელი საჭიროებიდან გამომდინარე, საექსპერტო შესყიდვების თაობაზე.

კერძოდ, ჩატარდეს ექსპერტიზა საჯარო სამართლის იურიდიული პირის ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ.

დასკვნის შემდეგ ქალაქის ადგილობრივი თვითმმართველობა შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს.

 შეგახსენებთ,  ნიკეას ქუჩაზე სოციალური საცხოვრისის მშენებლობა გასულ წელს დასრულდა.  სამუშაოები ქუთაისის მერიის დაკვეთით კომპანია "სანომ" შეასრულა, რისთვისაც  ადგილობრივი ბიუჯეტიდან 2 მილიონ ნახევარი ლარი გამოიყო.

როგორც მაშინ აცხადებდნენ, ეს იყო პირველი სოციალური საცხოვრისი საქართველოში. შენობაში ბინები სოციალურად დაუცველებს 79 ოჯახს დროებით სარგებლობაში გადაეცა. ბენეფიციარების შერჩევა კომისიის მიერ მოხდა, თუმცა მოკლე ხანში გაირკვა, რომ შენობა საცხოვრებლად უვარგისია.

ავტორი: ნიუპრესი